თითქმის ყველას, ერთხელ მაინც გამოუცდია საკუთარ თავზე რა არის ბულინგი… ეს არის დაჩაგვრის, ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმა. ამგვარი ჩაგვრისა და ძალადობის შედეგად დარჩენილი იარები ძალიან დიდხანს რჩება და ზოგჯერ არც არასდროს ქრება ხოლმე.
ძალიან ბევრი წერს ამ პრობლემაზე, ძალიან ბევრსაც მსჯელობენ, მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩება. ახლახან „ილიას სამართლის სახლმა” კვლევა ჩაატარა საქართველოს სკოლებში ბავშვების ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკაზე, სისტემურ პრობლემებსა და მათი დაძლევის გზებზე.
„აღმოჩნდა, რომ სახელმწიფოს არ აქვს პოლიტიკა ბულინგის წინააღმდეგ, სტრატეგიული ხედვა, სამოქმედო გეგმა გაწერილი, ღონისძიებები გრძელვადიანი თუ მოკლევადიანი. პრობლემა არის ის, რომ სკოლებს არ აქვთ პოლიტიკის დოკუმენტები ბულინგის წინააღმდეგ. არ ტარდება სისტემური, მწყობრი, თანმიმდევრული პრევენციის ღონისძიებები, მასწავლებლებს არ აქვთ ბულინგის გამოვლენისა და მართვის კომპეტენციები და სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ იზრუნოს მასწავლებლების გადამზადებაზე, მათი ცოდნის განახლებაზე, იმ ახალი მიდგომებისა და სტანდარტების კვალდაკვალ, რაც ვითარდება ცივილიზებულ დასავლურ სამყაროში. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ბავშვებს შორის დაინერგოს შეტყობინების კულტურა. როცა ისინი არიან ბულინგის შემსწრეები, უნდა მიმართონ პასუხისმგებელ პირებს, მაგრამ ჩვენს საზოგადოებაში არის დამკვიდრებული ე.წ. ჩამშვების იარლიყი და ბავშვები თავს იკავებენ ამისაგან, თუმცა არის სხვა ხელშემშლელი მიზეზებიც, ბავშვები არ აკეთებენ შეტყობინებას, რადგან ნულოვანია ფაქტობრივად მათი ნდობა სისტემის მიმართ“, – განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა ელენე სიჭინავამ.
კვლევაში მონაწილეობა მოსწავლეებმაც მიიღეს, ასევე მშობლებმა, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ექსპერტებმა, სახალხო დამცველის აპარატის, სასკოლო საზოგადოებისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა. კვლევაში მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც ცდილობდნენ გაერკვიათ, რა იციან ბავშვებმა ბულინგის შესახებ.
„ბავშვებს სჭირდებათ ცოდნა და ინფორმაცია, რაც არის ძალადობასთან გამკლავების საუკეთესო გზა. სამწუხაროდ, სახელმწიფო ეფექტურად ვერ რეაგირებს ამაზე. ბავშვებს აკლიათ ის ცოდნა და ინფორმაცია, რაც მათ მისცემდა საშუალებას, იქნება ეს ძალადობა სხვა ბავშვების თუ მასწავლებლების მხრიდან, რომ გაუმკლავდნენ ამას. მსგავსი შეხვედრები და კვლევები მნიშვნელოვანია, რათა არსებობდეს დოკუმენტები, მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს იმ პრობლემებსა და ხარვეზებზე, რაც არის სახელმწიფოში ბავშვთა დაცვის კუთხით“, – განაცხადა, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტმა თამარ კაპანაძემ.
სკოლის წარმომადგენელმა, მასწავლებელმა მარიამ გასიტაშვილმა თქვა, რომ საზოგადოებაში დაბალია ბულინგის შესახებ ცოდნა და ამიტომ, ხშირად მისი გამოვლენა რთულია.
„ჩვენ ამ პროექტში ჩართვით უაღრესად დიდი დახმარება მივიღეთ, რადგან უფრო კომპლექსურად შევისწავლეთ საკითხი და აქტივობებში ჩაერთნენ ასევე მოსწავლეები და მათი მიგნებები არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რადგან ისინი სხვა თვალით უყურებენ ამ პრობლემას. პროექტში ჩართვით შევიმუშავეთ პოლიტიკის დოკუმენტი, აქამდე პერიოდულად ხდებოდა სკოლის მიერ გარკვეული აქტივობების დაგეგმვა ბულინგის მიმართულებით, მაგრამ ახლა უკვე გვაქვს პოლიტიკის დოკუმენტი, რისი საშუალებითაც ჩვენ წლების განმავლობაში განვახორციელებთ აქტივობებს, რათა შევამციროთ აღნიშნული პრობლემა სკოლაში“, – თქვა პედაგოგმა მარიამ გასიტაშვილმა.
კვლევის ავტორებმა საქართველოს პარლამენტისთვის, განათლების სამინისტროსა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის 150 რეკომენდაცია გამოაქვეყნეს.