ტყის ხანძრების მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. ქვეყნის სრული ფართობის თითქმის 40% სწორედ ტყის მასივისგან შედგება. მწვანე ზონებში ხანძრების პრევენციის მიზნით ხანძარსაშიშ უბნებსა და იმ ტერიტორიებზე, რომლებიც განსაკუთრებით დატვირთულია ტურისტულ სეზონზე, ეროვნული სატყეო სააგენტო 2013 წლიდან ყოველწლიურ მონიტორინგს ატარებს. სახელმწიფო უწყება მოქალაქეებს მწვანე ზონების სტუმრობისას მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებს. წლევანდელი ზაფხულის დადგომასთან ერთად სატყეო სააგენტომ გააქტიურა საინფორმაციო კამპანია სახელწოდებით „ნუ დატოვებ კოცონს უყურადღებოდ“. საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად უწყების წარმომადგენლები მოხალისეებთან ერთად განსაკუთრებულ რისკ-ზონებში საინფორმაციო-გამაფრთხილებელ ნიშნებს ათავსებენ და სოციალურ პლატფორმებზე სპეციალურ მოწოდებებს ავრცელებენ.
„მოსახლეობას მოვუწოდებთ, პირველ რიგში, დაანთონ კოცონი წესების დაცვით. აქ იგულისხმება ტერიტორიის მოსუფთავება, რათა ცეცხლი გარშემო არ გავრცელდეს. ასევე პიკნიკის დასრულების შემდეგ არ დავტოვოთ დანთებული არც კოცონი და არც ნაკვერჩხალი, ვინაიდან, შესაძლოა, ამან გაზარდოს გავრცელების არეალი. დაველოდოთ ბოლომდე მის ჩაწვას, გამოვიყენოთ წყალი, ქვიშა ან მიწა, რომ თავიდან ავიცილოთ ცეცხლის გაჩენა“, – აცხადებს „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ დირექტორი დავით დამენია.
საქართველოში ტყის ხანძრების სტატისტიკა ბოლო წლებში მზარდია. ამ მხრივ, ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მდგომარეობა ბორჯომის ხეობაში 2017 წლის აგვისტოში შეიქმნა, როცა ტყის საფარის 100 ჰექტარი დაიწვა. ხანძარი 1 კვირის განმავლობაში მძვინვარებდა და ზუსტად ის ტერიტორია მოიცვა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსმა ოკუპანტებმა გადაწვეს. მზარდი სტატისტიკის ფონზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური რუკაზე კრიტიკულ რეგიონებს აღნიშნავს და სპეციალური ზომების მისაღებად ემზადება. 25 ივნისს, მინდვრის ხანძრების პრევენციის მიზნით, კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, საველე ოპერაციების შტაბი გაიხსნა.
უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს და აფრთხილებს, „გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ველის სიახლოვეს და არ დატოვონ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი, დაუყოვნებლივ აცნობონ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს.“
სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთების წესს საქართველოს კანონმდებლობაც არეგულირებს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა იწვევს პირის დაჯარიმებას 300-იდან 500 ლარამდე. ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-იდან 8 წლამდე. მიუხედავად საკანონმდებლო რეგულაციებისა, გარემოსდაცვითი სფეროს მკვლევრები სახელმწიფოს მხრიდან აღსრულების სისტემურ ხარვეზებზე მიუთითებენ:
„ერთია ის, რომ ჩვენ შეგვიძლია, გავზარდოთ საურავი და ჯარიმა იყოს მაღალი, თუმცა როცა არ არის მონიტორინგი და აღსრულება, ეს ჯარიმა აზრს კარგავს. მაგალითად, ამჟამად კანონით არ გვაქვს უფლება, უნებართვოდ საკუთარ სახლშიც დავანთოთ ცეცხლი, არ გვაქვს უფლება, თვითნებურად დავწვათ თივის ზვინი. იმის მიუხედავად, რომ ეს არაა კანონით დაშვებული, შესაბამისად, ნაკლებია მონიტორინგიც. თითქმის არაა შემთხვევა, როცა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მოსულიყო და მოეწოდებინა მოქალაქისთვის, ჩაექრო კოცონი. აუცილებელია, კონკრეტულად იმ ტერიტორიებზე, სადაც ჩვენ ვიცით, რომ მაღალია ხანძრის გავრცელების რისკი, იქ იყოს მონიტორინგი და ტარდებოდეს სპეციალური პრევენციული ღონისძიებები. თუკი, [გაფრთხილების მიუხედავად] მოქალაქე მაინც არ დაიცავს ამ წესებს, ადგილზე უნდა იყოს სატყეო სააგენტოს, 112-ის ან მუნიციპალური სამსახურის წარმომადგენელი, რათა თავიდან ავიცილოთ შესაძლო ხანძარი“, – აღნიშნავს ვახო ჩიტიშვილი, ეკოლოგი და გარემოსდაცვითი ორგანიზაცია CENN-ის წარმომადგენელი.
Global Forest Watch-ის მონაცემებით, 2001 წლიდან 2022 წლამდე საქართველომ 11 ათასზე მეტი ჰა ტყის საფარი დაკარგა, საიდანაც ყველაზე დიდი ზარალი სამცხე-ჯავახეთის რეგიონს მიადგა. ევროკავშირის მასშტაბით, ჰაერის დაბინძურება ყოველწლიურად 400 000-ზე მეტი ადამიანის ნაადრევი სიკვდილის მიზეზი ხდება. ტყის ხანძრები მდგომარეობას მეტად აუარესებს. 2021 წელს ევროკავშირი მწვანე სივრცეების დასაცავად 1 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდა.