სუფთა ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანიები დგანან ევროპის პოლიტიკის წინა ხაზზე, რომლის მიზანიცაა, რომ ევროპა 2050 წლისთვის ნახშირბადნეიტრალური გახდეს. ნიდერლანდურმა კომპანიამ, რომელსაც ევროკავშირი უჭერს მხარს ფინანსურად, განავითარა ახალი მწვანე ტექნოლოგია, რომელიც დასახული მიზნისკენ სვლას აადვილებს.
ელექტროენერგია ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების მამოძრავებელი ძალაა. თუმცა მის წარმოებასა და მოხმარებაზე მოდის ევროკავშირში გამონაბოლქვი სათბური აირების 75 პროცენტი.
როტერდამში დაფუძნებული მწვანე ტექნოლოგიების კომპანია, რომელსაც ევროკავშირის საინვესტიციო პროგრამა უჭერს მხარს, მიზნად ისახავს, შეამციროს წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება.
სწორედ ამას ემსახურება ბატოლაისერი (Battolyser) – ეს არის ელექტროლიტი, რომელსაც შეუძლია განახლებადი ენერგიის დაგროვება ბატარეაში და მწვანე წყალბადის წარმოება.
ბატოლაიზერი, რომელიც ნიდერლანდების უნივერსიტეტში შექმნეს, ისეთი განახლებადი ენერგორესურსებიდან მიღებული ენერგიით იკვებება, როგორიცაა მზე და ქარი. როდესაც მისი ბატარეა დაიმუხტება, მისი გამოყენება შესაძლებელია წყალბადის მისაღებად. შესაძლებელია ამ სისტემის ჩართვა-გამორთვაც, რაც დენის წყვეტილად მიწოდების საშუალებასაც იძლევა.
“მწვანე წყალბადის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯის 60 პროცენტი ელექტროენერგიაზე მოდის,“ – ამბობს მარტენ ვან ჰილი, Battolyser Systems-ის პროექტებისა და საინჟინრო მიმართულების დირექტორი. „ბატოლაიზერის Battolyser საშუალებით შესაძლებელია, რომ წყალბადი მაშინ აწარმოოს, როდესაც დენი იაფია, ხოლო როცა ძვირდება, ის წყვეტს წყალბადის წარმოებას, რაც სხვა ტექნოლოგიებს არ შეუძლიათ. მას ასევე შეუძლია მიღებული ელექტროენერგიის უკან, გადამცემ ქსელში, დაბრუნება და, შესაბამისად, მომხმარებლისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროს მიცემა“.
გასულ წელს პირველი ინდუსტრიული მასშტაბის ბატოლაიზერის სისტემა ნიდერლანდებში მოქმედ ერთ ქარხანაში დადგეს საველე ცდების საწარმოებლად. მიღებულ წყალბადს გაზის ტურბინების დატვირთვის შესამცირებლად იყენებენ. ახლა წარმოების სიმძლავრეს ზრდიან, რათა კომერციულ დონეზე გავიდნენ. მათი სამიზნე ბაზარია ინდუსტრიები, დაწყებული ნავთობგადამამუშავებელი საწარმოებით და დამთავრებული მობილური სატელეფონო კომპანიებით.
“ენერგეტიკის გარდამავალი პერიოდი უნდა დაჩქარდეს, რადგან ის მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებისთვის და ამ ეტაპზე გადასვლა ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ჩემი აზრით, ჩვენ ორივე მიზანს ვემსახურებით,“ – განმარტავს მატეის სლეი, Battolyser Systems-ის ხელმძღვანელი.
როტერდამის პორტში, კომპანია თავისი პირველი ფართომასშტაბიანი ქარხნის აშენებას გეგმავს.
ბუდევეინ სიმონსი, Port of Rotterdam Authority-ის ხელმძღვანელი:
“ჩვენ გვჭირდება, რომ უკვე მოქმედი კომპანიები მწვანე გარდამავალ ეტაპზე გადავიდნენ,“ – ახალმა კომპანიებმა კი ამ გადასვლას უნდა შეუწყონ ხელი. მომავალში ენერგოსისტემა დეცენტრალიზებული იქნება. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ბატარეებისა და წყალბადის წარმოება. და ის, რომ ბატოლაიზერი ამ ორ ფაქტორს აერთიანებს, ნამდვილად ახალი სიტყვაა ამ ახალ ენერგობაზარზე“.
უკვე დადებულია ხელშეკრულება ევროპის საინვესტიციო ბანკთან 40 მილიონი ევროს დაფინანსებაზე წარმოების მასშტაბის გასაფართოებლად. ამ გარიგების გარანტორია InvestEU Fund-ი. იმედოვნებენ, რომ აქ, ნიდერლანდებში, გამოგონილი ტექნოლოგია წარმოებაში წლის ბოლოს ჩაეშვება.
ავტორი: დეიმონ ემბლინგი