რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში გრძელდება. პარალელურად კი რუსეთის პრეზიდენტი მოკავშირეების ძიების მიზნით ხან ჩრდილოეთ კორეაში ჩადის და შეთანხმებებს აფორმებს ფხენიანთან და ხანაც ვიეტნამში. როგორც ჩანს, მისი ვიზიტი უკრაინაში ფრონტის ხაზზე არსებულ სიტუაციას უკავშირდება.
ჩრდილოეთის მიმართულებაზე რუსეთი კვლავ ცდილობს წინ წაწევას, რათა მიუახლოვდეს ხარკივს და შექმნას ე.წ. ბუფერული ზონა. როგორც კრემლში აცხადებენ, ამ ზონის შექმნა ხელს შეუშლიდა უკრაინულ ძალებს, რუსეთის სიღრმეში, ბელგოროდის ოლქზე, მიეტანათ იერიშები, რაც არც თუ ისე იშვიათია, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ნება დართო, ფრონტის ამ მიმართულებაზე დასავლური შეიარაღება გამოეყენებინა რუსული სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ. ბოლო მონაცემებით, უკრაინელმა სამხედროებმა ვორონეჟის ოლქში საბრძოლო მასალების საწყობი გაანადგურეს. როგორც უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველო იუწყება, ამ სამხედრო ობიექტის საერთო ფართი 3500 კვადრატული კილომეტრი იყო. უკრაინელმა მზვერავებმა ამ შეტევას უწოდეს „ჭექა-ქუხილი რუსეთში“. მთელი ღამე ისმოდა საბრძოლო მასალის აფეთქების ხმა. ამ იერიშის შესახებ რუსული ოპოზიციური მედიაც წერდა.
გარდა ამისა, უკრაინის ეროვნული გვარდიის ცნობით, ხარკივის ოლქში ბელგოროდის სამხრეთით განადგურდა რუსული თავდაცვის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები.
კრემლის სამხედრო ძალა ცდილობს, წარმატებას მიაღწიოს უკრაინისა და ბელგოროდის ოლქის საზღვრის გასწვრივ, თუმცა „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი” იუწყება, რომ ამ მიმართულებაზე უკრაინული ძალები დაწინაურდნენ. რუსები დაინტერესდნენ ქალაქ ვოვჩანსკით, რომელიც მთლიანად ბრძოლის ქარცეცხლში იყო გახვეული. თუმცა ბრიტანული კვლევითი ორგანიზაციის მტკიცებით, ვოვჩანსკში რუსებმა არათუ წინ წაიწიეს, არამედ პოზიციებიც კი დათმეს. რუსულ სამხედრო ბლოგებზე გავრცელებული ინფორმაციით, კრემლი ფრონტის ამ მიმართულებას ძალიან აქტიურად ბომბავს პლანირებადი ბომბებით.
„ომის შემსწავლელი ინსტიტუტი” სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ დიდი დანაკარგის გამო კრემლს სხვადასხვა მიმართულებიდან გადაჰყავს ძალები ფრონტის ამ ხაზზე. ფაქტია, რომ საბრძოლო მოქმედებების ტემპი, გარკვეულწილად, შენელებულია ფრონტის ამ მიმართულებაზე.
NEW: Ukrainian forces recently regained lost positions in Vovchansk in northern Kharkiv Oblast, and Russian forces recently advanced near Siversk and Avdiivka in Donetsk Oblast.
Two major international bodies—the International Criminal Court (ICC) and the European Court of Human… pic.twitter.com/x4Pg0u2Ah2
— Institute for the Study of War (@TheStudyofWar) June 25, 2024
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ფრონტის ამ მიმართულებაზე ერთ დღეში ხუთი სხვადასხვა ინტენსივობის რუსული იერიში მოიგერიეს უკრაინელებმა.
რა ვითარებაა ბახმუტის, ჩასივ-იარისა და დონეცკის მიმართულებზე…
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ერთ დღეში უკრაინამ ჩასივ-იართან 9 იერიში მოიგერია. ამ დასახლებისთვის ბრძოლას ავდიივკის ბრძოლასაც ადარებდნენ, რადგან რუსეთისთვის მის დაკავებას სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა.
იმის გამო, რომ ჩასივ-იარი გარკვეულ სიმაღლეზე მდებარეობს, დასავლელი კონსულტანტები უკრაინელებს სწორედ აქ ურჩევდნენ, გამაგრებულიყვნენ. თვეების განმავლობაში ქალაქზე ე.წ. სიცოცხლის გზა გადიოდა, რომელსაც უკრაინელები ბახმუტის გარნიზონის მოსამარაგებლად იყენებდნენ.
ჩასივ-იარის მაღლობის დაკავება ქალაქ კრამატორსკზე რუსული საოკუპაციო არმიის იერიშს გააადვილებდა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, უკრაინული პოზიციების გამაგრების მიზნით საერთაშორისო ლეგიონის არტილერისტებმაც გადაინაცვლეს ჩასივ-იარის ფრონტზე.
უკრაინის შეიარაღებული ძალები ამბობენ, რომ ჩასივ-იართან რუსებს კვლავ დიდძალი შეიარაღება, ტექნიკა და ცოცხალი ძალა ჰყავთ მობილიზებული. თუმცა, როგორც „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი” იუწყება, რუსული საოკუპაციო შენაერთები მაინც ვერ მიიწევენ წინ.
მესამე ფლანგი კი ანექსირებული ყირიმის მიმართულებაა. ბოლო პერიოდში ეს ფლანგი ყურადღების ქვეშ მოექცა, რადგან დაიბომბა არაერთი რუსული სამხედრო ობიექტი. კრემლი ამტკიცებდა, რომ ეს იყო „ატაკამსებით“ განხორციელებული იერიშები, თუმცა უკრაინას ამის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. საყურადღებოა, რომ ეს სამიზნეები საკმაოდაა დაშორებული ფრონტის ხაზიდან და მისი სიგრძე 130-იდან 280 კილომეტრამდეა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 26 ივნისამდე რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – 1 220 ადამიანი;
ტანკი – 4 ერთეული;
ჯავშანტექნიკა –19 ერთეული;
საარტილერიო სისტემა – 40 ერთეული;
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონის 22;
მანქანა, ასევე საწვავის ავზი – 45;
ფაქტია, რომ უკრაინელებმა დასავლური შეიარაღებით დიდი ზიანი მიაყენეს რუსულ საოკუპაციო არმიას.