Wikileaks-ის დამფუძნებელი ჟულიან ასანჟი, რომელმაც შეერთებულ შტატებთან საპროცესო გარიგება გააფორმა, უკვე მშობლიურ ავსტრალიაში ჩავიდა. სასამართლო პროცესი აშშ-ის ტერიტორიაზე, ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებზე, გაიმართა. ასანჟმა შეთანხმების ფარგლებში აღიარა მისთვის წაყენებული ბრალდება, რაც საიდუმლო ინფორმაციის მოსაპოვებლად დაგეგმილ შეთქმულებას ეხება.

ჩრდილოეთ მარიანას კუნძულების ქალაქ საიპანის სასამართლომ ასანჟს განაჩენი რამდენიმე საათის წინ გამოუტანა და ბრიტანეთის ციხეში გატარებული წლები მოხდილად ჩაუთვალა. ჟულიან ასანჟისა და აშშ-ის შეთანხმების შესახებ გუშინ, 25 ივნისს, გახდა ცნობილი. ასანჟს ბრალი დიდი რაოდენობით საიდუმლო სამხედრო ინფორმაციის გაჟონვასთან დაკავშირებით ედებოდა და გრძელვადიანი სასჯელი ემუქრებოდა. მან გაერთიანებული სამეფოს ციხეში ხუთი წელი გაატარა, სადაც ის აშშ-ში ექსტრადიციის თავიდან ასაცილებლად იბრძოდა. მანამდე კი, მან შვიდი წელი ეკვადორის საელჩოში გაატარა.