ვენეციის კომისიამ ორი მოსაზრება გამოაქვეყნა. პირველი შეფასება ეხება პარტიებში გენდერული კვოტირების გაუქმებას, ხოლო მეორე ცესკოს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებულ ცვლილებებს, რომლებიც საარჩევნო რეფორმის ფარგლებში განხორციელდა. ვენეციის კომისია გენდერული კვოტირების წესის გაუქმებაზე აცხადებს, რომ შეშფოთებულია მიღებული გადაწყვეტილებით, რადგან ეს შესწორებები მიიღეს დაჩქარებული წესით, წინასწარი საჯარო კონსულტაციებისა და ფართო ჩართულობის გარეშე. კომისია საუბრობს ცვლილებების რისკებზე მაშინ, როცა საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვე არის დარჩენილი. ამის გარდა, ვენეციის კომისია პარლამენტსა და ადგილობრივ საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მიზნით სპეციალური დროებითი ზომების შემოღების რეკომენდაციასაც იძლევა.
რაც შეეხება მეორე საკითხს, რომელიც ცესკოს დაკომპლექტების წესს ცვლის და ცესკოს საბჭოს 2/3-ს აძლევს გადაწყვეტილებების მიღების უფლებას, კომისია ასკვნის, რომ შესწორებები აშკარად არასაკმარისია კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ცესკოს დამოუკიდებლობისა და არაპარტიულობისთვის. ვენეციის კომისია კვლავ ძალაში ტოვებს თავის რეკომენდაციებს.
„გენდერული კვოტების გაუქმებაზე საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღეს დაჩქარებული პროცედურით, წინასწარი საჯარო კონსულტაციების გარეშე, ასევე საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს სახალხო დამცველის, ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოთქმული შეშფოთების გათვალისწინების გარეშე.
შესწორებები, რომლებიც პოლიტიკური პარტიების კანდიდატების სიებს ეხება, გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე და მათი მიღება საარჩევნო კანონის სტაბილურობასთან დაკავშირებით სერიოზულ შეშფოთებას აჩენს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესთან, ვენეციის კომისიის არც ერთი რეკომენდაცია არ გაითვალისწინეს საქართველოს ოფიციალურმა პირებმა. გასაოცარია, რომ საქართველოს პრეზიდენტის, ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, ვენეციის კომისიისა და ODIHR-ის მიერ წამოყენებული არც ერთი წუხილი არ იყო გათვალისწინებული ამ პროცესში.
ვენეციის კომისია კიდევ ერთხელ აღნიშნავს თავდაპირველ მოსაზრებაში გამოთქმულ თავის რეკომენდაციებს, მათ შორის, უფრო ყოვლისმომცველი რეფორმისადმი მოწოდებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ვენეციის კომისიას ამ შეფასებასთან დაკავშირებით წერილობით უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. ეს წერილი პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა და ვენეციის კომისიის პრეზიდენტ კლერ ბაზი მელორის გაეგზავნა. შალვა პაპუაშვილი წერილში აღნიშნავს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა მოკლებულია იურიდიულ და სამართლებრივ შეფასებებს ექსპერტული წესით და უფრო წარმოადგენს პოლიტიკურ განცხადებას, რაც მისი თქმით, აზიანებს ვენეციის კომისიასა და საქართველოს პარლამენტის თანამშრომლობის აქამდე არსებულ სტანდარტებს. შეიძლება ითქვას, რომ ამ წერილით პარლამენტი არ ეთანხმება და არ იზიარებს გამოთქმულ შენიშვნებს.
ვენეციის კომისიის მოსაზრების მიუხედავად, დღეს, 26 ივნისს, პარლამენტის სხდომაზე მიმდინარეობდა ამ საკანონმდებლო ცვლილებაზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურა.
თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ დღევანდელი კენჭისყრა გადადო და არ დაძლია პრეზიდენტის ვეტო იმ მოტივით, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებს მისცეს შანსი, რომ მონაწილეობა მიიღონ განხილვებში.
„ქართული ოცნება“ არცერთ ნაწილში არ იზიარებს კომისიის ამ შეფასებებს და მიიჩნევს არაარგუმენტირებულად. ხოლო ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ მმართველი პარტიის მიზანია ყველაფრის ფასად შეინარჩუნოს ძალაუფლება და დემოკრატიული სტანდარტების დარღვევის ხარჯზეც დარჩეს ხელისუფლებაში.
ამ საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, ცესკო ოპოზიციის წარმომადგენლების ხმების გარეშე მიიღებს დადგენილებებსა და გადაწყვეტილებებს.