რას ელის საქართველოს ამომრჩეველი პოლიტიკური პარტიებისაგან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის? ან რა გამოწვევები აქვთ ამ პოლიტიკურ პარტიებს? – ასეთ პრობლემებზე ისაუბრეს „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის ყოველწლიურ კონფერენციაზე.
შეხვედრაზე ითქვა, რომ არსებული რეალობიდან გამომდინარე წინასაარჩევნო გარემო არ არის თანაბარი და არჩევნების მოახლოებასთან ერთად ვითარება უფრო გართულდება. 2024 წლის აპრილში კვლევითი ორგანიზაციის „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 57%-ს სურს, რომ ოპოზიცია გაერთიანდეს.
დემოკრატიის ყოველწლიური კონფერენცია უკვე მეცხრედ იმართება „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” ორგანიზებითა და ნიდერლანდების საელჩოსა და საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს მხარდაჭერით. ორგანიზატორები ამბობენ, რომ ე.წ. „აგენტების კანონის” მიღების შემდეგ ვითარება უარესობისკენ შეიცვალა და ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციის საფრთხის წინაშე დგას.
„ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია და მათ შორის ევროკავშირის ლიდერები აღნიშნავენ, რომ ქვეყანა თანდათანობით უახლოვდება ავტორიტარიზმს და შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა გზაგასაყარზეა. 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებმა უნდა უპასუხოს ამ შეკითხვას, თუ საით სურს სვლა ქვეყნის მოსახლეობას, გახდება თუ არა ის ევროკავშირის ნაწილი, თუ გახდება პოსტსაბჭოთა ნაწილი, როგორც ეს იყო 20-30 წლის წინ. დღევანდელი დისკუსიით გვინდა ხელი შევუწყოთ ამ თემის გარშემო საუბარს, თუ რას უნდა ველოდოთ ევროკავშირისგან“,- განაცხადა კორნელი კაკაჩიამ, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დამფუძნებელმა.
კონფერენციაზე იმყოფებოდა ნიდერლანდების ელჩი საქართველოში მელინე არაქელიანი, მან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყანაში მიმდინარე და განვითარებული მოვლენები ქართველი ხალხის ნებას ეწინააღმდეგება.
„ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ნამდვილად აწუხებთ საქართველოს დაღმასვლა ავტორიტარიზმისკენ. ბორელმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ეს კანონი და საქართველოში მიმდინარე ყველა სხვა პროცესი ფაქტობრივად აშორებს ქვეყანას ევროკავშირისგან. უმაღლესმა წარმომადგენელმა ასევე გამოხატა წუხილი, რომ ეს ქმედებები სახელმწიფოს უმაღლესი პირებისგან მომდინარეობს. საქართველოში განვითარებული მოვლენები ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოა“,- განაცხადა მელინე არაქელიანმა, ნიდერლანდების ელჩმა საქართველოში.
დემოკრატიის კონფერენციაზე პარტიებიდან მხოლოდ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რადგან როგორც ორგანიზატორებმა თქვეს, მმართველი პარტია უკვე მეოთხე წელია მიწვევის მიუხედავად, კონფერენციას არ ესწრება. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ მთავარი პრობლემაა რუსეთის ფაქტორი, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფას ცდილობს.
კონფერენციაზე იმყოფებოდნენ საერთაშორისო ექსპერტებიც, რომლებმაც აღნიშნეს, რომ საქართველო ახლა კრიტიკულ მდგომარეობაშია და რომ გამოსავალი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაა.
„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები იყოს კონკურენტუნარიანი, რომ საარჩევნო წესები იყოს მკაფიო და გამჭვირვალე იმისთვის, რომ იყოს რეალური კონკურენცია და ქართველმა ხალხმა გაიაზროს სხვადასხვა პარტიის გზავნილები. ვფიქრობ, „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის კანონის” მიღების შემდეგ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა შეიძლება იგრძნონ საფრთხე, ასევე კრიტიკულმა მედიებმა თუ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა, რადგან ამ მოვლენების დროს იყო ბევრი ძალადობის შემთხვევა“- განაცხადა ჯული ჯორჯიმ, პოლიტიკის მეცნიერების ასოცირებულმა პროფესორმა.
წლევანდელი დემოკრატიის კონფერენციაზე, ძირითადად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ქართულ დემოკრატიასა და საერთაშორისო პარტნიორების როლზე ისაუბრეს.
ელენე ქორქია