დღეს, 25 ივნისს, მეზღვაურთა საერთაშორისო დღეა და ირაკლი კობახიძე ეკონომიკის მინისტრთან ერთად ბათუმში ჩავიდა. საზეიმო ღონისძიებების შემდეგ ის სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დღემდე არაერთი ნაბიჯი გადადგა მეზღვაურების დაფასებისათვის, საზღვაო სფეროს განვითარებისა და გაძლიერებისთვის, საზღვაო სექტორის უფრო უსაფრთხო სამუშაო ადგილად ქცევისათვის.
მთავრობის წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს კანონზე „მეზღვაურთა შრომის შესახებ”, რომელიც მათი თქმით, ქართველი მეზღვაურებისა და დამსაქმებელი კომპანიებისთვის ახალ რეალობას შექმნის და ქართული ფლოტის აღდგენა-განვითარებას უწყობს ხელს.
„შუა დერეფანი – ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი უმოკლესი გზა, დღეს საქართველოზე გადის. რეგიონის სტაბილურობისა და განვითარებისთვის ჩვენი ქვეყნის მზარდი სტრატეგიული მნიშვნელობა მკაფიოდ უსვამს ხაზს თქვენი პროფესიონალიზმისა და ყოველდღიური შრომის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ამ შრომის შედეგად, საქართველოს შავი ზღვის რეგიონში ლიდერ საზღვაო ქვეყნად ჩამოყალიბდა. ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოს 74 სხვა სახელმწიფოს დროშით მცურავ გემებზე ქართველ მეზღვაურთა რაოდენობა დღეისთვის 18 000-ს აჭარბებს და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. პირველი ივლისიდან ძალაში შევა კანონი „მეზღვაურთა შრომის შესახებ“, რომლითაც კიდევ უფრო უკეთესად დარეგულირდება მეზღვაურთა შრომით და სოციალურ პირობებთან, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. სახელმწიფო უფრო ეფექტიანად შეძლებს დაიცვას საქართველოს თუ ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მცურავ გემებზე დასაქმებული ჩვენი მეზღვაურების უფლებები და ინტერესები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„საქართველოსთვის, როგორც საზღვაო ქვეყნისთვის, ამ დარგის განვითარება სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და ამ პროცესში მნიშვნელოვანი და უდიდესია თქვენი, ქართველი მეზღვაურების, როლი და დამსახურება. ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ ვაღიარებთ და ვაფასებთ იმ უნიკალურ საქმეს, რასაც სხვა ქვეყნის კოლეგებთან ერთად საერთაშორისო მასშტაბით აკეთებთ. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო საერთაშორისო საზღვაო თანამეგობრობის ღირსეული წევრია. ჩვენი საზღვაო სექტორი კი დიდი სატრანსპორტო, სატრანზიტო, ევროპა-აზიის დამაკავშირებელი მარშრუტის მნიშვნელოვანი და უფრო მეტიც, საკვანძო ნაწილია. ჩვენი პოლიტიკაც სწორედ ამისკენ არის მიმართული, რომ მაქსიმალურად სწრაფად და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვავითაროთ საზღვაო ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.