ტრეფიკინგის პრობლემა კვლავ ძალიან მწვავედ დგას ადამიანებისა და ქვეყნების წინაშე. სახელმწიფოები ცდილობენ გაუმკლავდნენ ამ პრობლემას და მისი შედეგები გლობალური მასშტაბით განიხილება.
ადამიანთა ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში საქართველოსაც შეეხო და მასში აღნიშნულია ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს სახელმწიფომ პრობლემის მოსაგვარებლად გადადგა. მათ შორისაა გაძლიერებული ძალისხმევა დანაშაულის პრევენციისათვის, ასევე დამნაშავეთა გამოვლენის, დასჯისა და მსხვერპლთა დაცვის მიმართულებით.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი დადებითად აფასებს მთავრობის მიერ წამოწყებულ ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას ტრეფიკინგის რისკებისა და მისგან დაცვის შესაძლებლობების შესახებ. დადებითად შეფასდა ასევე იურიდიული დახმარება, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და საკანონმდებლო ცვლილებები. საუბარია კორექტივებზე „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში, რომელიც დაქირავების საფასურს კრძალავს და დაქირავების სააგენტოების ლიცენზირებასა და მონიტორინგს მოითხოვს.
„ეს შედეგი სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან შეფასებულია კომპლექსურად. ეს არ არის შედეგი კონკრეტულად ერთი მიმართულებით, მაგალითად, მხოლოდ დამნაშავეთა დასჯის მიმართულებით. პირიქით, ანგარიშის მთელი ღირებულება არის ის, რომ სახელმწიფოები ფასდება ყველა მიმართულებით. ეს მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: დაწყებული პრევენციით, სახელმწიფოს რამდენად აქვს რესურსები, რომ მოახდინოს პრევენცია. დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მისი გამოვლენა და დამნაშავეთა დასჯა. ასევე განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მსხვერპლთა დაცვასა და სხვა პარტნიორ სახელმწიფოებთან თანამშრომლობაზე. ყველა ამ ასპექტის გათვალისწინებით სახდეპმა შეაფასა, რომ საქართველო არის ის სახელმწიფო, რომელიც ყველა სტანდარტს უმაღლეს დონეზე აკმაყოფილებს“, – აღნიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა.
დადებითი შეფასების მიუხედავად ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ამ მიმართულებით არსებულ სისტემურ ხარვეზებზეც არის საუბარი. მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა საგამოძიებო სტრუქტურების არასაკმარის ინფორმაციას როგორც გამოძიების მიმდინარეობაზე, ისე ფინანსურ და ორგანიზებულ დანაშაულებთან დაკავშირებული მტკიცებულებების შეგროვებაზე.
შენიშვნებთან ერთად სახელმწიფო დეპარტამენტი ხელისუფლებას ერთგვარ გზამკვლევსა და რეკომენდაციებს სთავაზობს. განსაკუთრებული ყურადღების საგანია საგამოძიებო სტრუქტურების უფლებამოსილების გაუმჯობესების საჭიროება, დაზვერვისა და მსხვერპლთა იდენტიფიცირებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გასატარებლად რესურსების გაზრდა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში შრომის ინსპექციის ჩართვა.
ვითარებას ამ სფეროში მომუშავე ექსპერტებიც აფასებენ. ისინი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის სულისკვეთებას იზიარებენ და თვლიან, რომ ტრეფიკინგთან ბრძოლის გაუმჯობესება შესაძლებელია არასამთავრობო ორგანიზაციების ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გაძლიერებით. ასევე აუცილებელ პირობად მიაჩნიათ, მმართველი ძალის მხრიდან საგამოძიებო სტრუქტურების დეპოლიტიზება და მართლმსაჯულების თავისუფლება.
„მნიშვნელოვანია, რომ ტრეფიკინგის მიმართულებით საზოგადოებაში გაიზარდოს ცნობიერება. ასევე რა სამართლებრივი ბერკეტები აქვთ თავის დასაცავად და ვის უნდა მიმართონ ამ შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში იურიდიულ სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა და შეიქმნა არაერთი პლატფორმა, აღნიშნული მაინც არაა საკმარისი, ამიტომ უნდა გაგრძელდეს მუშაობა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ანგარიშში გამოძიების ხარვეზებიც გამოიკვეთა. ეს ნიშნავს, რომ კონკრეტული პოლიციელების გადამზადება უნდა მოხდეს. ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ სასამართლო რიგ შემთხვევაში, არ გამოირჩევა შესაბამისი ქმედითი ნაბიჯებით და ამ მიმართულებითაც სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების გადამზადება, შესაბამისად, კვალიფიკაციის ამაღლება ისევ და ისევ გამოწვევად რჩება. ეს ტრეფიკინგთან ბრძოლის მხრივ უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იქნება, რომ შემდგომში შესაბამისმა უწყებებმა მყისიერად იმოქმედონ ასეთი ფაქტების არსებობის შემთხვევაში“, – განაცხადა გიორგი კაკუბავამ, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ.
ანგარიშში ცალკე ქვეთავადაა განხილული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე მდგომარეობა. ხელმისაწვდომი არ არის ინფორმაცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობის შეზღუდვის შემთხვევების თაობაზე, ამ რეგიონებში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებზე.