რუსული საოკუპაციო ძალები განაგრძობენ უკრაინის ქალაქებსა და დასახლებებზე იერიშებს. მათ უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქს, ხარკივს, ოთხი ავიაბომბით შეუტიეს. დაიღუპა სამი და დაიჭრა 41 მშვიდობიანი მოქალაქე.
ავიაიერიშის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, ავტომობილები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
ერთ-ერთი ავიაბომბი ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, სადაც მძიმედ დაიჭრნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. დაშავებულებს ამ დრომდე მკურნალობენ საავადმყოფოში.
რუსების მიერ ნაწილობრივ ოკუპირებული დონეცკის რეგიონის გუბერნატორი ვადიმ ფილაშკინიც აცხადებს, რომ გასულ შაბათს რუსების თავდასხმების შედეგად ორი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, ოთხი კი დაიჭრა.
ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საერთაშორისო პარტნიორებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გადასცენ უკრაინას დამატებითი საჰაერო თავდაცვის საშუალებები.
უკრაინის პრეზიდენტმა გაავრცელა ვიდეომიმართვა და პარტნიორებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, დაეხმარონ უკრაინას საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში.
Today, after a Russian bomb strike, part of Kharkiv was left without power, halting the metro and electric transport. Regrettably, twelve people were injured, and one person was killed. Kharkiv suffers daily from Russian terror.
Russian combat aviation must be destroyed wherever… pic.twitter.com/SHbqRK4hEN
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) June 23, 2024
ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ თვეს განაცხადა, რომ რუსები თავს ესხმიან სამოქალაქო პირებით დასახლებულ ადგილებს, ენერგოინფრასტრუქტურასა და სამხედრო ობიექტებს, მათ მოსაგერიებლად კი უკრაინას სასწრაფოდ ესაჭიროება სულ მცირე „პატრიოტის“ შვიდი სარაკეტო სისტემა.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დასავლეთ რეგიონების – ბრიანსკის, სმოლენსკის, ლიპეცკისა და ტულის თავზე მათ 33 უკრაინული დრონი გაანეიტრალეს. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.