მთავარიგადაცემებიBusiness Planet“მე განგაშის დიდ წითელ სიგნალს ვრთავ“ – ენრიკო ლეტა ევროკავშირს ერთიანი ბაზრის...

“მე განგაშის დიდ წითელ სიგნალს ვრთავ“ – ენრიკო ლეტა ევროკავშირს ერთიანი ბაზრის რადიკალური რეფორმისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის ერთიანი ბაზარი საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და ხალხის  თავისუფალ მიმოსვლაზეა დაფუძნებული. იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ერთიანი ბაზრის ანგარიშის ავტორი ენრიკო ლეტა ამტკიცებს, რომ საჭიროა თავისუფალ პუნქტებს მეხუთე ფაქტორიც დაემატოს, რომელიც მოიცავს კვლევის, განათლებისა და ინოვაციის თავისუფალ მიმოქცევას, რადგან ეს არსებითი ფაქტორია ევროპის მომავალი კეთილდღეობისთვის.

„მე ძალიან წითელ, ძლიერ განგაშის სიგნალს ვრთავ…გამოიღვიძეთ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ნაპრალი სულ უფრო ღრმავდება. დღევანდელი ერთიანი ბაზარი აღარ არის საკმარისი, რადგან ის იმ სამყაროსთვის შეიქმნა, რომელიც აღარ არსებობს“ – ასე ფიქრობს ენრიკო ლეტა,იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ახლახან გაკეთებული ანგარიშის ავტორი. მან ექვსი თვის განმავლობაში იმოგზაურა  65 ქალაქში, რომლებშიც 400 შეხვედრა გამართა და ბოლოს მაღალი დონის ანგარიში დადო – ეს იყო  ენრიკო ლეტას  განაჩენი ევროკავშირის ერთიანი ბაზრის მიმართ და  ევროპის გამოსაფხიზლებლად შემოკრული განგაშის ზარი.

ერთიანი ბაზარი 1993 წელს შეიქმნა, სულ რაღაც 31 წლის წინ, მაგრამ მსოფლიო ისე შეიცვალა, რომ შეიძლება ვეღარც იცნო.

„როდესაც ჟაკ დელორმა ერთიანი ბაზარი აამოქმედა, საბჭოთა კავშირი ჯერ ისევ არსებობდა, გერმანია არ იყო გაერთიანებული, ორი სახელმწიფო, ჩინეთი და ინდოეთი,  კი ერთად მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 4 პროცენტს შეადგენდა,“ – განმარტავს ენრიკო ლეტა. „ის, რაც დღეს დიდია, ხვალ უფრო დიდი უნდა გახდეს, რადგან ჩინეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და BRICs-ის ქვეყნების ზომა სრულიად შეიცვალა“.

Copyright euronews

სამი სექტორი – ენერგეტიკა, ფინანსური მომსახურება და ტელეკომუნიკაციები ერთიან ბაზარში არ შედის და ლეტას სჯერა, რომ ამ სექტორების დანაწევრება ევროპის კონკურენტუნარიანობას ზიანს აყენებს.

„ევროპაში ტელეკომუნიკაციის 100  ოპერატორი გვყავს, თითოეულ ქვეყანაზე 3, 4 ან 5 ოპერატორი მოდის. ამერიკის შეერთებულ შტატებში სულ 3-ია, ჩინეთში თითოეულ ოპერატორს 467 მილიონზე მეტი კლიენტი ჰყავს“, – ამბობს იგი.

მისი აზრით, ყველაზე ცუდი ის არის, რომ  ფინანსური მომსახურების სექტორში ინტეგრაციის პრობლემაა.

„ჩვენი 27 ფინანსური ბაზარი არ არის საკმარისად ინტეგრირებული, ამიტომ ნაკლები მომხმარებელი ჰყავს, მათი ზომა ძალიან მცირეა, ამერიკის ბაზარი კი ყოველმხრივ მიმზიდველია“, – განმარტავს ენრიკო ლეტა.

ენრიკო ლეტა გამოდის ინიციატივით, რომ შეიქმნას ანაბრებისა და ინვესტიციების კავშირი – ეს, მისი მოსაზრებით, კერძო ფულის საყრდენია, რომელიც საჯარო ფონდებთან ერთად ევროპის ფლაგმან ნულოვანი ნახშირბადის პოლიტიკას დააფინანსებს. დაფინანსება საკმაოდ წინააღმდეგობრივი საკითხია.

„ჩვენ ისევ არ გვაქვს პასუხი კითხვაზე, თუ როგორ უნდა დაფინანსდეს გარდამავალი პერიოდი,“ – ამბობს იტალიის ყოფილი პრემიერი. „ფერმერი პირველი რგოლია საზოგადოებრივი პროტესტის ჯაჭვში, შემდეგი იქნებიან საავტომობილო ინდუსტრიის მუშები, მერე კიდევ სხვა მუშები, ბიზნესმენები თუ სხვა მოქალაქეები“.

ბევრი მეწარმე ამბობს, რომ ერთიან ბაზარს ვერ იყენებენ. მართალია, მსხვილ კომპანიებს აქვთ ფულიც და ჰყავთ მრავალრიცხოვანი პერსონალიც, რათა სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო სივრცეში იმუშაონ, მაგრამ მცირე კომპანიები ამას ვერ ახერხებენ. ლეტას ამ საკითხის გამარტივებაც სურს.

Copyright euronews

„ჩემი აზრით, საკანონმდებლო სივრცეში ერთიანი უნივერსალური გასაღების შექმნით უნდა დავიწყოთ – ერთიანი საკანონმდებლო სივრცით, რომელიც იქნება სისტემის ერთი ოცდამერვედი და სხვა  ევროპული ქვეყნის სისტემის მსგავსი. ეს იქნება ვირტუალური ქვეყანა საკუთარი საკანონმდებლო სისტემით“.

მცირე ტექნოლოგიური კომპანიების ლობისტი კომპანიის ევროპის ციფრული მცირე და საშუალო ბიზნესების ალიანსის (European Digital SME Alliance) გენერალურ მდივანს –  სებასტიანო ტოფალეტის ეს აზრი მოსწონს.

„ჩემი აზრით, ეს ბრწყინვალე იდეაა,“ – ამბობს იგი. „მაგალითად, თუ მინდა კომპანიის შექმნა, ის უნდა დავაფუძნო საკუთარ ქვეყანაში. მე იტალიელი ვარ და კომპანიას იტალიაში შევქმნი, მაგრამ, ამავდროულად, თუ მინდა, რომ ბიზნესი ვაწარმოო საფრანგეთში, პოლონეთში ან სადმე სხვაგან, ამისთვის იმ ქვეყანაში სხვა კომპანია უნდა შევქმნა, რაც დიდი თავსატეხია“.

ევროპის ერთიანი ბაზრის 4 მთავარი საყრდენია საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და ხალხის თავისუფალი მოძრაობა – ლეტა თვლის, რომ ეს საყრდენები მეოცე საუკუნის მსოფლმხედველობაა. მისი აზრით, სასიცოცხლოდ აუცილებელია მეხუთე საყრდენიც – ინოვაციის, კვლევისა და განათლების თავისუფალი მიმოცვლა:

„ევროპაში მოგზაურობისას შევხვდი უამრავ ახალგაზრდას, დამწყებ ბიზნესმენებს, რომლებიც მეუბნებოდნენ, რომ მათ სურდათ, ბიზნესი ამერიკაში დაეწყოთ, რადგან ევროპა არ არის მათი იდეების განვითარებისთვის შესაფერისი ადგილი“.

Copyright euronews

მაგალითად, სამედიცინო კვლევების სფეროში სტატიებსა და მონაცემებზე თავისუფალი წვდომის დაშვება ევროპის ჯანდაცვაში უკვე იწყებს რევოლუციას. ამ საკითხზე მეტის გასაგებად „ევრონიუსი“ საფრანგეთის საჯარო კვლევით ორგანოში Institut national de la santé et de la recherche médicale-ში მივიდა და მის კვლევით დირექტორს იზაბელ ჩემინის გაესაუბრა.

„ჩვენ რეგულარულად ვხედავთ, რომ ქვეყნდება ისეთი სტატიები, რომლებიც სხვა ლაბორატორიებსა და სხვა ქვეყნებში შემუშავებულ მონაცემებს იყენებენ,“ – ამბობს იზაბელ ჩემინი. „ჩემი აზრით, ეს არაჩვეულებრივია. ამის წყალობით შესაძლებელია, რომ ათმა ლაბორატორიამ ერთი და იგივე საქმე არ აკეთოს, რის შედეგადაც უამრავი ფულიც იზოგება“.

ავტორი: ანდრეა ბოლითო

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend