ლუქსემბურგში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ და განიხილავენ რუსეთის აგრესიას უკრაინაში, კონფლიქტს ახლო აღმოსავლეთში, ასევე წარმოადგენენ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ ხედვებს. დაგეგმილია საქართველოს საკითხის განხილვაც ქვეყანაში ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენების ფონზე. საბჭოს ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი ჯოზეფ ბორელი ხელმძღვანელობს, ეს მისთვის ერთ-ერთი ბოლო შეხვედრაა ამ თანამდებობაზე. ჟოზეფ ბორელმა თქვა, რომ ევროკავშირს არ სურს ქართველი ხალხისთვის „დამატებითი ტკივილის” მიყენება, თუმცა მინისტრები განიხილავენ მოკლე და გრძელვადიან ზომებს არსებულ ვითარებასთან გასამკლავებლად.
,,ჩვენ ვაპირებთ ვიმსჯელოთ საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე. ერთი რამ ცხადია, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის კარი ღიაა, მაგრამ თუ მთავრობა იმავე გზაზე სვლას გააგრძელებს, რასაც აკეთებს, ეს კარი დაიხურება და ქართული ხალხი გადაიხდის შედეგებს. ევროპული პერსპექტივა შემცირდება, გაუქმდება კიდეც. სერიოზულ საკითხებზე ვსაუბრობთ. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, ევროკავშირის კარი არ იქნება ღია“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
The EU stands by the people of Georgia and support their EU aspiration.
We’ll discuss today options in reaction to democratic backsliding.
The door to the EU is open, but if there is no change in the actions by the government, Georgia won’t be able to enter.
3/3— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) June 24, 2024
ლიდერებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობას, ხაზი გაუსვეს სხვადასხვა ზომების მიღების აუცილებლობას, იქნება ეს დაფინანსების შეჩერება თუ სულაც ევროინტეგრაციას პროცესის სრულად შეჩერება.
გასულ კვირას, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ ყველა ზომა განიხილებოდა დღევანდელ სხდომაზე.
„კარგი ნაბიჯია, რომ საქართველოსთან დაკავშირებით შესაძლო ზომების სიას წარმოადგენენ. სამწუხაროდ, მასში არ არის ნახსენები საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება, რომელიც, ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა განიხილებოდეს”, – ამბობს გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.
„პირველი, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია ისაა, რომ თუ საქართველოს მთავრობა არ შეიცვლის ქცევას, არ გააუქმებს კანონს „უცხოელი აგენტების“ შესახებ, არ იქნება შემდგომი ნაბიჯები საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. ეს ცხადია. კომისიას მზად აქვს სხვადასხვა ზომის ჩამონათვალი, რომელთა მიღებასაც განვიხილავთ. საუბარი იქნება საქართველოს მხარდამჭერი სხვადასხვა ფონდის შესახებ, მაღალი დონის თანამდებობების პირებისთვის შენგენის ვიზის გაუქმებასა და მრავალი სხვა ასპექტის შესახებ. საქართველოსთან დაკავშირებით საქმე სერიოზულადაა… მთელი პასუხისმგებლობა კი საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება, რადგან ქართველი ხალხი მხარს უჭერს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას“, – განაცხადა მარგუს ცაჰკნამ, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მარგუს ცაჰკნამ, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მედიასთან საუბარში ისიც აღნიშნა, რომ სევდიანი დღეა, რადგან საქართველოში არსებულ სიტუაციაზე დისკუსია არის დაგეგმილი, თუმცა შემდეგ დაამატა, რომ 25 ივნისს არის ძალიან კარგი დღე, რადგან ოფიციალურად იწყება ბლოკში გაწევრიანების პროცესი უკრაინასა და მოლდოვისთვის. დაგეგმილია გაწევრიანების კონფერენციები ორივე ქვეყანასთან.
ასოცირებული ტრიოს ქვეყნებმა ევროკავშირში გაწევრების შესახებ განაცხადები 2022 წელს, ერთმანეთის მიყოლებით გააკეთეს, მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, თუმცა საქართველომ 2022 წელს მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებით ვერ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი – იგი კანდიდატი ქვეყანა 2023 წელს გახდა.
ახლაც, საქართველო მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება უკრაინასა და მოლდოვას ევროინტეგრაციის გზაზე.
25 ივნისს დაგეგმილ კონფერენციებზე ევროკავშირი წარადგენს ორივე ქვეყანასთან მოლაპარაკებების ჩარჩო-ხელშეკრულებებს, სადაც აღწერილია გაწევრიანებისთვის აუცილებელი პუნქტები.
თუმცა მანამდე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ სხვადასხვა ზომას, რომლებიც შეიძლება, მიიღონ საქართველოში არსებული მდგომარეობის საპასუხოდ.
ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ბლოკს არ სურს სამოქალაქო პირებზე პასუხისმგებლობის დაკისრება და მათ არ სურთ მეტი ტკივილი მიაყენონ საქართველოს მოქალაქეებს. თუმცა არსებობს გარკვეული ზომები, რომელთა მიღებასაც განიხილავს და დღის ბოლოს შეძლებს საჯაროდ გააზიაროს, თუ რა რეაქცია ექნებათ საგარეო მინისტრებს მის შეთავაზებაზე.