მთავარისაქართველოZEG ფესტივალი დაიწყო

ZEG ფესტივალი დაიწყო

დისკუსიები, ფილმების ჩვენება, შემეცნებითი ტურები და სხვა სახის ღონისძიებები, უცხოელი და ადგილობრივი მომხსენებლები, რომლებიც აუდიტორიას საკუთარი გამოცდილებიდან შთამაგონებელ ამბებსა და მსოფლიოსა თუ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე საკუთარ შეხედულებებს გაუზიარებენ – აი, ამას ჰპირდება სტუმრებს ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც დღეს გაიხსნა და 23 ივნისამდე გაგრძელდება. ფესტივალის ფარგლებში სტუმრებს ოთხ სხვადასხვა სივრცეში სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებთან შეხვედრის შესაძლებლობა ექნებათ.

„წელს ჩვენი ფესტივალი განსაკუთრებით მასშტაბურია, რადგან 100-ზე მეტ მომხსენებელს აერთიანებს და ფარავს ფაქტობრივად ყველა ინდუსტრიას. ეხება ხელოვნურ ინტელექტს, მედიას, კინოინდუსტრიას, ხელოვნებას… ფესტივალი საინტერესოა მისი მომხსენებლებითა და თემებით და ძალიან მრავალფეროვანია ფორმატის კუთხითაც. გვაქვს პანელური დისკუსიები, მასტერკლასები, ვორქშოფები და შემეცნებითი ტურები“, – ამბობს ქეთი ებანოიძე, ფესტივალის თანადამფუძნებელი.

ფესტივალის მომხსენებლებს შორისაა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი მარია რესა, The New York Times-ის ბესტსელერის ავტორი გარი შტეინგარტი და მედიის, ლიტერატურის, ფოტოგრაფიის, კინოსა თუ ტექნოლოგიების არაერთი პროფესიონალი.

ZEG-ის აუდიტორიას უკვე შეხვდა გამოცემა Vogue-ის საკულტო „73 კითხვის“ ავტორი ჯო საბია. მან ფესტივალის სტუმრებთან ამბის შექმნის სპეციფიკასა და თანამედროვე ტენდენციებზე ისაუბრა.

„ვისაუბრეთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ კონტენტის შექმნისას იფიქრო იმაზე, თუ ვისთვის აკეთებ ამას. უნდა მოუსმინო საკუთარ აუდიტორიას, გაარკვიო, რომელი პლატფორმაა შენთვის საუკეთესო და არ შეწყვიტო ექსპერიმენტები“, – აღნიშნავს ჯო საბია.

ZEG ფესტივალზე ხელოვნურ ინტელექტს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. სწორედ ხელოვნური ინტელექტის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებასა და მის სამომავლო პერსპექტივაზე ესაუბრა ფესტივალის სტუმრებს აარონ რასმუსენი, პლატფორმა MasterClass-ის თანადამფუძნებელი.

„ZEG-ს მესამედ ვესწრები. საქართველო ძალიან მიყვარს და ეს ფესტივალი არაჩვეულებრივი მიზეზია იმისთვის, რომ აქ ჩამოვიდე და ამერიკის შეერთებული შტატებიდან სხვებიც ჩამოვიყვანო. ZEG ამბის თხრობის კონფერენციაა, ამ სიტყვის ძალიან ფართო გაგებით. აქ შეხვდებით ყველას – გამორჩეულ ჟურნალისტებსა და კონტენტკრეატორებს, არტისტებსა და კომიკოსებს“, – ამბობს აარონ რასმუსენი.

ფესტივალს ესწრება „რადიო თავისუფლების“კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ბიუროს ხელმძღვანელი ანდრეს ილვესიც: „ამ ფესტივალზე მეორედ ვარ. ZEG-ს ხუთი წლის წინ, 2019 წელსაც, ვესწრებოდი. მაშინ ხალხის კრეატიულობამ და მრავალფეროვნებამ გამაკვირვა. ვხედავ, რომ წელს ყველაფერი კიდევ უფრო შთამბეჭდავია. ძალიან ბევრი ადამიანია სხვადასხვა სექტორიდან და სხვადასხვა ქვეყნიდან. აქ საოცარი ენერგიაა. ვხვდები, რომ ბევრს ვისწავლი“.

ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG 2019 წელს დაარსდა. ფესტივალი სამი დღე გაგრძელდება და 23 ივნისს დასრულდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend