მთავარიევროპარუსეთიპუტინის აზიურ ტურნეს აშშ-ში აფასებენ

პუტინის აზიურ ტურნეს აშშ-ში აფასებენ

რუსეთის პრეზიდენტმა ვიეტნამი დატოვა. მან  ვიეტნამელ პარტნიორებთან მრავალ შეთანხმებას მოაწერა ხელი.

პუტინმა და ვიეტნამის პრეზიდენტმა ტო ლამმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს ჯანდაცვის, განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების, ნავთობისა და გაზის მოძიების საკითხებთან დაკავშირებით.

20 ივნისს მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ორი ქვეყანა იზიარებს ინტერესს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში „უსაფრთხოების საიმედო მოდელის“ შემუშავებაში, რომელიც დაფუძნებული იქნება დავების მშვიდობიანად გადაწყვეტაზე და „დახურული სამხედრო-პოლიტიკური ბლოკების” გარეშე.

პუტინი ჰანოიში ხუთშაბათს დილით ჩრდილოეთ კორეიდან ჩავიდა მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც კოლექტიური უსაფრთხოების მუხლსაც მოიცავდა.

„რაც შეეხება ჩვენი დასავლელი ე.წ პარტნიორების რეაქციას, თქვენ თქვით, რომ მე ამას, როგორც ჩანს, არ ველოდი. არა, პირიქით. ეს არის ზუსტად ის რეაქცია, რასაც ველოდი. მაგრამ რა იქნება მოგვიანებით, ამას დრო გვიჩვენებს. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ შეიცვლება მსოფლიოში ვითარება. ჩვენ აღვადგინეთ 62 წლის ხელშეკრულება, რომელსაც ვადა ამოეწურა. რა თქმა უნდა, კორეის კრიზისი, როგორც ასეთი, გაყინული კრიზისია. ჩვენ აქედან გამოვდივართ და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი შეთანხმებები კორეის დემოკრატიულ რესპუბლიკასთან იქნება გარკვეულწილად შემაკავებელი ფაქტორი, რათა ეს კრიზისი არ გამწვავდეს, არ გადაიზარდოს ახალ ცხელ ფაზაში“,- თქვა ვლადიმერ პუტინმა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი – საავტორო უფლება
– Gavriil Grigorov/euronews

რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი გამოეხმაურა. მილერმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის კავშირზე ვაშინგტონში დიდი ხანია იციან.

„ჩვენ დიდი ხანია, ვამბობთ, რომ რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა თანამშრომლობენ. ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც გაასაჯაროვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთს შეიარაღებას აწვდიდა და რომ ამ შეიარაღებას მალე უკრაინაში ვიხილავდით და ასეც მოხდა. ჩრდილოეთ კორეა რუსეთს საბრძოლო მასალით, ჭურვებითა და რაკეტებით ამარაგებს, რომელსაც რუსეთი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ იყენებს. სწორად ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ გავაღრმაოთ პარტნიორობა წყნარი ოკეანის რეგიონის მოკავშირეებთან, მათ შორის სამხრეთ კორეასა და იაპონიასთან, რათა არ დავუშვათ ამ რეგიონში დესტაბილიზაცია”,-განაცხადა მეთიუ მილერმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend