20 ივნისს ცნობილი გახდა, რომ რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუსს იოჰანისმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის პოზიციაზე თავისი კანდიდატურა მოხსნა.
შესაბამისად, ერთადერთ კანდიდატად ახლა ნიდერლანდების მოქმედი პრემიერი მარკ რუტე რჩება. მისი დანიშვნის საკითხი შესაძლოა ან მომდევნო დღეებში, ალიანსის ელჩების შეხვედრაზე, გადაწყდეს, ან ივლისში, როდესაც ვაშინგტონში NATO-ს სამიტი გაიმართება.
მარკ რუტე აცხადებს, რომ მისთვის დიდი პატივი იქნება ასეთი საპასუხისმგებლო თანამდებობის დაკავება.
იოჰანისის განცხადების შემდეგ, რუტემ ჟურნალისტებს განუმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა საკუთარი კანდიდატურის წამოყენება.
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ თავდაპირველად არც ფიქრობდა ამაზე, თუმცა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა, მთელ მსოფლიოში არასტაბილურობამ და იმან, რომ ხალხს მისი შესაძლებლობის სჯერა, მიახვედრა, რომ არ შეიძლებოდა უმოქმედოდ ყოფნა.
მისი შეფასებით, ეს ძალიან საინტერესო პოზიციაა. მისი მესამე კოალიციური მთავრობა 2021 წლის დასაწყისში ბავშვთა დახმარების გადასახადებთან დაკავშირებული სკანდალის გამო გადადგა.
ამ სკანდალის გამო ათასობით მშობელს თაღლითის იარლიყი მიეწება. თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ რუტემ, რომელიც სათავეში ედგა კონსერვატიულ სახალხო პარტიას „თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის“, კვლავ შეძლო არჩევნებში გამარჯვების მოპოვება და მეოთხე და საბოლოო კოალიციის ჩამოყალიბება იმავე პარტიებთან, რომლებიც მასთან ერთად გადადგნენ.