აბორტის უფლება ქალთა უფლებაა, ამაზე მრავალი წელია თანხმდებიან ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციები. ისინი მუშაობენ მთავრობებთან, გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთან და უხსნიან იმას, რომ არ შეიძლება ქალს ბავშვის გაჩენა დააძალო.
ზოგიერთ ქვეყანაში აბორტი დიდი ხანია აკრძალულია, ზოგიერთშიც აკრძალული იყო და ახლა ნებადართულია, სხვადასხვა გამოცდილება აქვთ ქვეყნებს, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილება ასეთია – 50 წლის განმავლობაში კონსტიტუცია იცავდა აბორტის უფლებას.
1973 წელს ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ ქალებს აბორტის კონსტიტუციური უფლება აქვთ. ამ ჩანაწერიდან 50 წლის შემდეგ 2022 წელს უზენაესი სასამართლოს ცხრიდან ხუთმა კონსერვატორმა მოსამართლემ განაცხადა, რომ აბორტის უფლება კონსტიტუციით დაცული არ უნდა იყოს.
„აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 1973 წელს ისტორიული გადაწყვეტილება გამოიტანა საქმეზე „რო უეიდის წინააღმდეგ”, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ქალებს აბორტის კონსტიტუციური უფლება აქვთ. ეს გადაწყვეტილება 2 წლის წინ გააუქმეს. აბორტის შესახებ მიღებული ამ გადაწყვეტილების შესახებ საქმე სასამართლოშია, აბორტის უფლება კი არჩევნებში წელს დიდ როლს თამაშობს. თუმცა 2 წლის წინ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა…“ – ამბობს ჯეფ მულვიჰილი, ASSOCIATED PRESS-ის წარმომადგენელი.
აბორტის გაკეთება ამერიკის 21 შტატში ან სრულად აკრძალულია, ან შეზღუდული. ქალთა ამ უფლების მოწინააღმდეგეები ამბობდნენ, რომ აბორტის აკრძალვა დადებითად იმოქმედებდა აბორტის სტატისტიკაზე.
შეცვლით ბევრი რამ შეცვალა, თუმცა რაოდენობა არ შეცვლილა. ზუსტად იმდენივე ქალი იკეთებს აბორტს არასასურველი ორსულობის დროს, რამდენიც მანამდე, სანამ აიკრძალებოდა. ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციები ჰყვებიან უამრავ იმ ქალზე, ვისაც აბორტის უფლებისთვის შტატიდან შტატში მოგზაურობა სჭირდება. ჰყვებიან, რომ ბევრ მათგანს სამსახურიდან გათავისუფლება, ბინის ქირის მოგზაურობაში დახარჯვა, თვითმფრინავისა და მატარებლის ბილეთების შეძენა და ბევრი სხვა გამოწვევის დაძლევა უწევს სამედიცინო პროცედურის ჩასატარებლად.
„აბორტის გასაკეთებლად ბევრ ქალს ახლა შტატის დატოვება სჭირდება და მეზობელ ან შორეულ შტატებში წასვლა. ეს ყველაფერი მარტივი არ არის. ხარჯებთან, სამსახურიდან გათავისუფლებასა და ბევრ საკითხთანაა დაკავშირებული. თუმცა ის, ვისაც არასასურველი ორსულობა აქვს, აბორტს მაინც იკეთებს, უზენაესი სასამართლოს ორი წლის წინანდელმა გადაწყვეტილებამ უბრალოდ აბორტის გაკეთება უფრო საშიში გახადა“, – ამბობს ჯეფ მულვიჰილი, ASSOCIATED PRESS-ის წარმომადგენელი.
აბორტის უფლება წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია. ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების საკვანძო საკითხია.
ეს საკითხი ასევე იქნება უშუალოდ ამომრჩევლების წინაშე სულ მცირე ოთხ შტატში. კოლორადოში, ფლორიდაში, მერილენდსა და სამხრეთ დაკოტაში წელს არჩევნებზე ამომრჩევლებს სთხოვენ დააფიქსირონ საკუთარი აზრი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ და უშუალოდ აბორტის ხელმისაწვდომობაზე.
„არჩევნებია წელს შეერთებულ შტატებში და ამომრჩევლებს კოლორადოში, ფლორიდაში, მერილენდსა და სამხრეთ კაროლინაში მოუწევთ, კარგად დაფიქრდნენ მანამ, სანამ არჩევანს გააკეთებენ… ათ შესაძლებლობა აქვთ აბორტის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება გადაიხედოს და შეიცვალოს.. შედეგად, აბორტი ხელმისაწვდომი გახდეს იმ შტატებშიც, სადაც დღეს აკრძალულია…“ – ამბობს ჯეფ მულვიჰილი, ASSOCIATED PRESS-ის წარმომადგენელი.
ქალები საკუთარი უფლებისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში აქტიურად იბრძვიან. ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია 5-მა მოსამართლემ, საიდანაც 4 კაცია, გადაწყვიტოს, მისცენ თუ არა ქალებს ის უფლება, რომელიც ისედაც მათია.