რუსული არმიის მიერ ჩამოგდებული სამი ბომბიდან სამიზნეს ორმა მიაღწია, რასაც მძიმე შედეგები და მსხვერპლი მოჰყვა. ჰიპერმარკეტ „ეპიცენტრზე“ თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 19 ადამიანი დაიღუპა, მათგან 2 ბავშვია. დაშავებულია 65 პირი. გადარჩენილთაგან ერთ-ერთი, სავაჭრო სივრცის თანამშრომელია. ნინა კორსუნოვა დაბომბვის მომენტში სამსახურში იმყოფებოდა. აფეთქებით გამოწვეულმა ტალღამ ის ძირს დააგდო. დახლების ქვეშ მოქცეულ ქალს მხოლოდ პანიკაში მყოფი ადამიანების ყვირილი და რუსული ბომბების ხმა ესმოდა.
„ვფიქრობ, რუსებს ჩვენი შეშინება სურთ, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია. ომის პირველივე დღიდან მე დავრჩი სახლში, ხარკივში და არსად წავსულვარ. ჩვენ თავს ვაფარებდით სარდაფებს, მაგრამ ამან არც შემაშინა და არც მორალურად გამტეხა. მე დავრჩები ხარკივში. ეს ჩემი სახლია”, – ამბობს ნინა კორსუნოვა.
„ეს ტერორიზმია, რომლის მიზანი ხალხის დაშინებაა. ვფიქრობ, მათი მიზანია, ქალაქი მოჩვენებად აქციონ, სადაც არავინ იცხოვრებს და არაფერი იქნება დასაცავი. მათ უნდათ მოქალაქეების შეშინება, მაგრამ ამ წარმატებას ვერ მიაღწევენ”, – ამბობს ოლექსანდრ ლუცენკო, სავაჭრო ცენტრის მენეჯერი.
ხარკივის სავაჭრო ცენტრის მიმართულებით გაშვებული 3 ბომბიდან მხოლოდ ორმა მიაღწია სამიზნეს. ეს სამხედრო მკვლევრებსა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს აძლევს საშუალებას, კომპლექს „ეპიცენტრის“ უკან ჩამოგდებული ჭურვი გამოიკვლიონ და რუსეთის მოდერნიზებული ბომბების მიწოდების ჯაჭვი დაადგინონ. მათი აქტიური გამოყენებით, ბოლო თვეებია, აგრესორი აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქებს, ფაქტობრივად, მიწასთან ასწორებს. გარდა ამისა, სამხედრო ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ამერიკული შეიარაღების გამოყენება მნიშვნელოვნად შეამცირებს რუსების ზეწოლას აღმოსავლეთის ფრონტზე.
„რუსული ავიაბაზების ამერიკული იარაღით დაბომბვის შესაძლებლობა ნიშნავს, რომ მტერს მოუწევს ან ავიაციის შორ დისტანციაზე დაყოვნება, ან ხმელეთზე სამხედრო თვითმფრინავების დაკარგვა. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი სრულად შეწყვეტენ დაბომბვას, მაგრამ ამის გაკეთება მეტად გაურთულდებათ. მიზეზი ისაა, რომ ავიაბაზა არ იქნება განთავსებული 150-200 კილომეტრის დაშორებით, არამედ დაიჭერს 300 კილომეტრზე მეტ დისტანციას. ეს ნიშნავს, რომ თვითმფრინავს უფრო შორი ფრენები მოუწევთ, რაც დღის განმავლობაში მათ ინტენსივობას შეამცირებს“, – ამბობს ოლეგ კატკოვი, სამხედრო გაზეთ Defence Express-ის მთავარი რედაქტორი.
იერიშების პარალელურად დასავლური შეიარაღების გამოყენების აუცილებლობაზე აქტიურად საუბრობს უკრაინის პრეზიდენტიც. გასული თვის ბოლოს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ფრონტის მიმდებარე ქალაქებსა და საზღვრისპირა რეგიონებში, რუსეთი თვეში 3 000-ზე მეტ ბომბს იყენებს. მხოლოდ მაისში ეს მაჩვენებელი 3 200-ს გადასცდა. ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ დასავლური შეიარაღების რუსული სამიზნეების წინააღმდეგ გამოყენების შეზღუდვაზე. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა, გერმანიამ და ნატოს გენერალურმა მდივანმა აგრესორის პოზიციათა ნაწილზე თავდაცვის მიზნით იერიშის ნებართვა გასცეს, ნებადართული ზონების მიღმა ჯერ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი სამიზნე რჩება.
თანამგზავრულ ფოტოებზე, უკრაინულ დოკუმენტებსა და რუსულ ფოტოებზე დაყრდნობით რუსეთი იაფი, იმპორტირებული ელექტრონული სისტემებით გაუმჯობესებულ საბჭოურ ბომბებს იყენებს. აღნიშნული დასკვნა იძლევა ვარაუდს, რომ კრემლი შეიარაღებისთვის საჭირო მოწყობილობების შეძენას სანქციების გვერდის ავლით ცდილობს. რუსეთის გაძლიერებული შეტევის ფონზე უკრაინაში იმედოვნებენ, რომ მტრის პოზიციების დასამუშავებლად ქვეყანა დასავლეთისგან სამხედრო დახმარების პაკეტს რაც შეიძლება მოკლე ვადაში მიიღებს. მანამდე კი, არსებული შეიარაღებით უწევს სამოქალაქო შენობების თავზე რუსული რაკეტების მოგერიება, რომელთა სამიზნე უკვე ორწელიწად-ნახევარი მშვიდობიანი მოსახლეობაა.