ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოქმედი გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ სამხედრო ალიანსის მოკავშირეები მალე მიიღებენ მის შემცვლელთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას.
უკვე ცნობილია, რომ უნგრეთმა უკან გაიწვია ვეტო, რომელიც ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს კანდიდატურას ეხებოდა.
ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმაც წამოაყენა, თუმცა ოფიციალური პირები და ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ის რუტეს კონკურენციას ვერ გაუწევს.
საკუთარი პოზიციის გასამყარებლად, ნიდერლანდების მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა წერილობითი გარანტიები მისცა უნგრეთს, რომ ის არ აიძულებს მათ, მონაწილეობა მიიღონ სამხედრო ალიანსის ახალ გეგმებში, რომლებშიც უკრაინის მხარდაჭერაა გათვალისწინებული.
Following the recent European elections, where Hungarians voted in huge numbers in favour of #peace, we reached an important agreement with #NATO Secretary General @jensstoltenberg . We agreed that no Hungarian personnel will take part in the activities of NATO in Ukraine and no… pic.twitter.com/Cliu4rZGCE
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) June 18, 2024
NATO-ს მოქმედი ხელმძღვანელი, იენს სტოლტენბერგი ახალი გენერალური მდივნის არჩევასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ სამხედრო ალიანსის მოკავშირეები მალე მიიღებენ გადაწყვეტილებას. მისი თქმით, უნგრეთი ერთ-ერთი იყო იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ მარკ რუტეს კანდიდატურას, თუმცა უნგრეთმა პოზიცია შეცვალა. სტოლტენბერგი ვარაუდობს, რომ ამ თანამდებობაზე სწორედ მარკ რუტეს შეარჩევენ.
მარკ რუტე ალიანსის მოკავშირეების უმრავლესობის მთავარი კანდიდატია. მას შეერთებული შტატები და გერმანიაც უჭერენ მხარს. მიმდინარე წელს თურქეთი არ ეთანხმებოდა რუტეს კანდიდატურას, თუმცა აპრილში ყველა წინააღმდეგობა მოიხსნა.
მიუხედავად იმისა, რომ რუმინეთის პრეზიდენტს კლაუს იოჰანისს საკუთარი კანდიდატურა აქვს წამოყენებული, ოფიციალური პირები და ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ის რუტესთვის სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს.