5 წელი გავიდა 2019 წლის 20 ივნისიდან. იმ დღიდან, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა დაიკავა, რასაც ჯერ პარლამენტის შენობიდან მისი გაძევება, შემდეგ კი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მოჰყვა.
და რა მოხდა ამ დღეს – 2019 წლის 20 ივნისს გავრილოვმა პრეზიდენტის რანგში გახსნა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა. საქართველოს მოქალაქეების მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარის ადგილას რუსეთის დეპუტატის ხილვას დიდი პროტესტი მოჰყვა.
20 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მოქალაქეები შეიკრიბნენ. ისინი ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომას ითხოვდნენ და გავრილოვის ქვეყნიდან გაძევებას. გავრილოვი დაცვამ ჯერ პარლამენტის შენობიდან სასტუმროში წაიყვანა, ხოლო მას შემდეგ, რაც სასტუმროსთანაც დაიძაბა ვითარება და დემონსტრანტები სასტუმროსთანაც მივიდნენ, რუსეთის დუმის დეპუტატი პირდაპირ აეროპორტში წაიყვანეს. ამ დღეს საპროტესტო აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ ირაკლი კობახიძეს აუცილებლად უნდა დაეტოვებინა თანამდებობა, რადგან საკუთარ სავარძელში ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის ჩაჯდომა დაუშვა. თუმცა ამ დღეს კობახიძე არ გადამდგარა. 20 ივნისის ღამით კი მოქალაქეები დაარბიეს, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამბობდა, რომ ოპოზიცია სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას გეგმავდა. დარბევის შედეგად 300-ამდე მოქალაქე დაშავდა, მათ შორის 80-ამდე პოლიციელი და 40-ზე მეტი ჟურნალისტი. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი. სხვებმაც მიიღეს ფიზიკური დაზიანება…
„გავრილოვის ღამისა“ და საზოგადოებაში გაზრდილი პროტესტის ფონზე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა 21 ივნისს დატოვა. მომიტინგეების მოთხოვნები დარბევის შემდეგ შეიცვალა, ისინი მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას, გადადგომას ითხოვდნენ. თუმცა გახარია ამ ამბიდან მალევე პრემიერ-მინისტრი გახდა. დღეს კი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ირაკლი კობახიძე იკავებს.