მთავარიაზიავიეტნამიჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის შემდეგ პუტინი ვიეტნამშია

ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის შემდეგ პუტინი ვიეტნამშია

ოფიციალური მოსკოვი კომუნისტურ სახელმწიფოსთან დიპლომატიური და სტრატეგიული ურთიერთობების გაძლიერებას საერთაშორისო წნეხისა და მზარდი სანქციების ფონზე დგამს. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის გამო დასავლური სამყაროსგან პოლიტიკურ და ეკონომიკურ დონეზე იზოლირებული სახელმწიფოს ლიდერმა შეხვედრები ვიეტნამის ახალ პრეზიდენტ ტო ლამთან, პრემიერ-მინისტრ ფამ მინ ჩინთან, კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივან ნგუენ ფუ ჩონგისა და ქვეყნის სხვა თანამდებობის პირებთან გამართა. ოფიციალური შეხვედრებისას მხარეებმა განაცხადეს, რომ მზად არიან ყველა სფეროში თანამშრომლობისთვის. ჰანოიში პუტინმა და ტო ლამმა ორმხრივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც ითვალისწინებს დახმარებას განათლების, მეცნიერების, ტექნოლოგიების, ვაჭრობის, ენერგო და სახელმწიფო უსაფრთხოების, ასევე ჯანდაცვის სფეროებში.

„მინდა ხაზი გავუსვათ, რომ რუსეთისა და ვიეტნამის პოზიციები მრავალ საკითხში ერთმანეთთან თანხვედრაშია. ჩვენი ქვეყნები მტკიცედ არიან ერთგულნი საერთაშორისო სამართლის წესებისა. ჩვენ ვაღიარებთ გაეროს პრინციპებს სახელმწიფოთა სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში ჩაურევლობის შესახებ. ორივე ქვეყანა ამ ვალდებულებებს იზიარებს და ყველა არსებულ მრავალმხრივ საერთაშორისო არენაზე, მათ შორის, გაეროს, რუსეთ-სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ასოციაციისა და აღმოსავლეთ აზიის სამიტზე თავისი წვლილი შეაქვს”, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ვიეტნამის პრეზიდენტი ტო ლამი პრეზიდენტის სასახლეში, ჰანოი, ვიეტნამი, 20 ივნისი, 2024 წელი Copyright Nhac Nguyen/Pool Photo via AP

„ორივე მხარე თანხმდება მნიშვნელოვანი პროექტების ეფექტურ რეალიზებაში, ენერგეტიკის, ნავთობისა და ბუნებრივი აირის სფეროში. ასევე სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორობის გაღრმავებაში, როგორც ქვეყნების ინტერესების, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით. ჩვენ ვთანხმდებით ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე, რათა სამომავლოდ შესაძლებელი გახდეს აქტიური მუშაობის გაგრძელება „მწვანე ენერგეტიკის“ მიმართულებით. ვიეტნამი და რუსეთი გააგრძელებს თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხითაც, რეგიონსა და მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველსაყოფად”, – განაცხადა ტო ლამიმ.

ვიეტნამთან ენერგოსფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პარალელურად ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტის დამტკიცების შესახებ შეთანხმდა. მას ელჩები ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში განიხილავდნენ. პაკეტის მიზანი რუსული თხევადი ბუნებრივი აირის გადაზიდვის შეზღუდვაა.

ჰანოისა და მოსკოვს დიპლომატიური ურთიერთობების 74-წლიანი ისტორია აკავშირებთ. ბოლო 7 წლის განმავლობაში კი კომუნისტურ სახელმწიფოში ეს პუტინის მხოლოდ მეორე ვიზიტია. ვიეტნამში ვიზიტამდე პუტინი რამდენიმე დღის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეაში იმყოფებოდა, სადაც კიმ ჩენ ინს შეხვდა. ლიდერებმა ერთმანეთს სამხედრო დახმარების მაქსიმალური მზადყოფნა აღუთქვეს. მანამდე, იმავე მიზნებით რუსეთის დელეგაცია ჩინეთში იყო ჩასული. ავტორიტარული რეჟიმის აზიურ სახელმწიფოებში შეხვედრების გახშირებული გამართვა აშკარა ეჭვებს აჩენს, რომ საერთაშორისო იზოლაციის პირობებში მყოფი რუსეთი სამხედრო და სავაჭრო მოკავშირეებს ეძებს და დასავლურ ალიანსებს ამ ფორმით უწევს წინააღმდეგობას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend