მთავარისაქართველოარასდროს არის გვიანი

არასდროს არის გვიანი

„იყო ბევრი ისეთი გამოხმაურება, რომ ჩემთვის სწავლა უკვე გვიანი იყო“- ნინო ეგნატაშვილი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია. ის 29 წლისაა და 5 შვილი ჰყავს. ამბობს, რომ დიდი ხნის განმავლობაში სურდა, უმაღლეს სასწავლებელში ჩაებარებინა, თუმცა ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ ახერხებდა.

„ვფიქრობდი ოჯახიდან გამომდინარე, რომ უნდა ვყოფილიყავი ჯერჯერობით სახლში და ის პატარ-პატარა საქმეები უნდა შემესწავლა, რაც ოჯახისთვის იყო საჭირო, თუნდაც, შვილების გაზრდა. მაშინ არ ვფიქრობდი, რომ ეს ძალიან აუცილებელი იყო, თუნდაც, სწავლა. ვფიქრობდი, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ პერიოდში შეგეძლო რაღაც გაგეკეთებინა, თუმცა დღეს ჩვენ ქვეყანაში არ არის ისეთი მდგომარეობა, ადგე და დაიწყო სამსახური, თუნდაც, ანაზღაურების მხრივ რომ რაიმე „ნორმალური სამსახური“ დაიწყო. ამიტომ, გავიდა ეს წლები, ნელ-ნელა ეტაპობრივად 18 წლიდან მოყოლებული შემომეპარა ფიქრები, რომ უნდა მიმეღო გადაწყვეტილება სწავლის შესახებ. არაერთი კოლეჯი დავამთავრე პროფესიული, ვმუშაობდი კიდეც ამ პროფესიებით, თუმცა ადამიანს ზოგადად, რაც შენს გულში არ არის, ვერ გააგრძელებ იმით მთელი ცხოვრების განმავლობაში ცხოვრებას და მივხვდი, რომ ეს ჩემი სფერო არ იყო და ახალი ეტაპი უნდა დამეწყო ჩემი წინსვლისა და განვითარებისთვის“, – ამბობს სტუდენტი ნინო ეგნატაშვილი. 

და ახლა, როდესაც ნინო ეგნატაშვილის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო, ცდილობს, ოჰახთან ერთად სწავლასაც სათანადო დრო დაუთმოს. ამბობს, რომ ოჯახის წევრები ძალიან ეხმარებოდნენ ეროვნული გამოცდების პერიოდში და ახლა ნინო თავად უზიარებს თავის გამოცდილებას მათ, ვისაც გამოცდების ჩაბარება უნდა.

„არაერთმა ადამიანმა, არაერთმა დედამ თუ მრავალშვილიანმა დედამ მომწერა პირადი შეტყობინება, თუ როგორ შევძელი, რა ეტაპები გავიარე, ბევრმა ელემენტარული ინფორმაციაც არ იცის ამის შესახებ და ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარე, მივეცი მითითებები, ეს იყო მნიშვნელოვანი თუ როგორ ვართმევდი ამ ყველაფერს თავს ოჯახის მიუხედავად, ეს ჩემი პოზიტიური განწყობა გადამდები იყო მათთვის და დღე დღეზე ველოდები, რომ ეს ადამიანებიც გავლენ ეროვნულებზე და გახდებიან სტუდენტები“, – ამბობს ნინო ეგნატაშვილი.

ნინო თათანაშვილის ამბავი კი სხვა არის… იგი ახლა საზოგადოებრივ კოლეჯ „კავკასიონში“ ბუღალტერიას სწავლობს. ნინო თათანაშვილი 38 წლისაა და ორი შვილი ჰყავს. სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა, შემდეგ დაოჯახდა და ძირითად დროს შვილებს უთმობდა. თუმცა წლების შემდეგ მან ახალი პროფესიის შესწავლა გადაწყვიტა.

„ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ ჩემი პაპა იყო ბუღალტერი და ძალიან მომწონდა, ყოველთვის მინდოდა მეც მისი პროფესიის გამოვსულიყავი, სწავლა არასდროს არის გვიანი და ადამიანს ნებისმიერ ასაკში შეუძლია, ისწავლოს და აირჩიოს სასურველი პროფესია. მეც, როცა პატარა, 17-18 წლის სტუდენტი, ვიყავი, ჩვენც გვყავდა ჯგუფში დაახლოებით 35 წლამდე სტუდენტი, და ჩვენც გვიკვირდა, რომ ამას რა უნდა აქ, რა დროს ამისი სწავლაა, მაგრამ მივხვდით, რომ არასწორად ვფიქრობდით“, – ამბობს ნინო თათანაშვილი, სტუდენტი. 

განათლების სპეციალისტები ამბობენ, რომ დღეს უფრო მეტი ადამიანი ცდილობს ასაკის მიუხედავად განათლების მიღებას, ვიდრე ადრე ხდებოდა. ზოგი კი პროფესიას იცვლის და თანაც, არაერთხელ, იმისთვის, რომ შრომის ბაზარს მოერგოს.

როგორც განათლების ექსპერტი ლიკა ღლონტი ამბობს: „ღია არის შესაძლებლობები ყველა მსურველისათვის და ეს ტენდენცია გადმოდის საქართველოში. ჩვენ ძალიან მკაფიოდ განსაზღვრულ ჩარჩოებში ვსვამთ ხოლმე ჩვენს სასწავლო და მერე პროფესიულ კარიერას, სიტუაცია შეიცვალა იმიტომ, რომ შრომის ბაზარიც იცვლება, ჩვენ უფრო დიდხანს ვცხოვრობთ, ანუ ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა გახანგრძლივდა, ყველა ვხედავთ იმის საჭიროებას, რომ განათლება უნდა მივიღოთ. არაფორმალურ განათლებას პრაქტიკულად ყველა ვიღებთ მუდმივ და უწყვეტ რეჟიმში, მაგრამ როცა ფორმალურ განათლებას ეხება საქმე, იქ შეიძლება ირიბად შემოგვხედოს ვინმემ, ასაკობრივი ზღვრის მიუხედავად. ევროპასა და ამერიკაში ბევრი შემთხვევაა ცნობილი, რომ 80 წელს მიღწეული პენსიონერები დაბრუნებულან უნივერსიტეტში, ასეთი უკიდურესი შემთხვევები ჩემთვის საქართველოში ცნობილი არ არის, მაგრამ მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში რომ მიდიან, საკმაოდ მწიფე ასაკში ეს ჩვეულებრივი ფაქტია, მე დიდი იმედი მაქვს, რომ ბაკალავრიატში სწავლასაც ბევრი დაუბრუნდება, ან განაახლებს, ან თავიდან დაიწყებს ასაკის მიუხედავად“.

„ჩვენთან ეს აზრი არის გაბატონებული, რომ მხოლოდ ფორმალური განათლების სახით უნდა მივიღოთ განათლება მკაცრად. სკოლა, სკოლის შემდეგ უნივერსიტეტში, უნივერსიტეტშიც არის პრესტიჟული და მეორეხარისხოვანი პროფესიები, რომლებშიც თუ ვერ დასაქმდი, ე.ი. შენი საქმე წასულია. რეალურად ამასთან ბრძოლა ისევ სწორი ინფორმირებით არის შესაძლებელი და კარგი მაგალითების ჩვენებით. არსებობენ ადამიანები, რომელთა აზრიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ შეიძლება მიუღებელი აზრი ჰქონდეთ და მაინც რაღაცნაირად ილექება და გვიწევს მათი გათვალისწინება. შეიძლება, ოჯახის წევრები იყვნენ ან მეგობრები, მაგრამ სასურველია, რომ ისევ თავიანთ ინტერესებს მიჰყვნენ, რომ ის პროფესიული არჩევანი დაკავშირებული იყოს მათ ინტერესებსა და მათ მოტივაციასთან“, – ამბობს გიორგი ჭანტურია, მასწავლებელი, განათლების ექსპერტი. 

ნინო ეგნატაშვილს და ნინო თათანაშვილს პროფესიული არჩევანი უკვე გაკეთებული აქვთ. თუმცა ნინო თათანაშვილი დღეს უკვე სხვა პრობლემაზე საუბრობს, მისი თქმით, კოლეჯში ყველა პროფესიის სტუდენტს შეუძლია სტაჟირების გავლა, თუმცა ბუღალტრებისთვის სტაჟირების პროგრამა არ არსებობს, მას კი სურვილი აქვს, რომ სახელმწიფომ ეს გაითვალისწინოს და მათაც შეძლონ სხვა სტუდენტების მსგავსად პროფესიული სტაჟირების გავლა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend