მთავარისაქართველო„საპროტესტო აქციებზე დაკავებულების მიმართ სამართალდამცავების მხრიდან ძალადობა გახშირდა“ - ომბუდსმენი

„საპროტესტო აქციებზე დაკავებულების მიმართ სამართალდამცავების მხრიდან ძალადობა გახშირდა“ – ომბუდსმენი

საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი წლიური ანგარიშით წარსდგა. „2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ანგარიში 2023 წლის განმავლობაში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის უფლებრივ მდგომარეობას მიმოიხილავს. მათ შორისაა ბავშვთა, ხანდაზმულთა, შშმ პირთა, ეროვნული უმცირესობების, ეკომიგრანტთა, დევნილთა და თავშესაფრის მაძიებელთა უფლებები.

19 ივნისის სხდომაზე სახალხო დამცველმა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა. ომბუდსმენი აცხადებს, რომ საქართველოში 2023 წელს თითქმის ყოველ კვირას ერთ ქალს ან კლავდნენ, ან ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ომბუდსმენის ანგარიში 2023 წლის უფლებრივ მდგომარეობას ეხება, ლევან იოსელიანმა 2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შესახებაც ისაუბრა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კანონის არაერთი ჩანაწერი პრობლემურია და იგი ადრესატებისთვის ღირსების შემლახველ შინაარსს შეიცავს. სახალხო დამცველმა კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა მიმართ სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკური ძალადობის შემთხვევებზე გაამახვილა ყურადღება.

ომბუდსმენის ანგარიშის თანახმად, კვლავ გამოწვევად რჩება მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების საქმიანობისთვის შესაბამისი უსაფრთხო გარემოს არსებობა. იგი ნაწილობრივ პრობლემურად აფასებს ბოლო პერიოდში საქართველოს პარლამენტში მედიაორგანიზაციებისა და ჟურნალისტებისთვის ამოქმედებულ სპეციალურ წესებს.

სხდომის მიმდინარეობისას ლევან იოსელიანმა სახალხო დამცველის აპარატსა და სახელმწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობის ხარისხიც შეაფასა. მისი თქმით, 2023 წელს სახალხო დამცველმა სახელმწიფო უწყებებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ჯამში 281 რეკომენდაციით მიმართა, რომელთა მხოლოდ 11% შესრულდა სრულყოფილად. ომბუდსმენის თანახმად, რეკომენდაციების შესრულების ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე კვლავ არადამაკმაყოფილებელია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend