გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი პირობას დებს, რომ გააუმჯობესებს არალეგალური მიგრაციის მართვას.
იგი აღმოსავლეთ გერმანიის მინისტრებს ვიტენბერგში შეხვდა, სადაც დისკუსიის მთავარი თემა მიგრაცია იყო.
გერმანელმა მაღალჩინოსნებმა საზღვრების მეტად გასაკონტროლებლად სხვადასხვა ქვეყანასთან პარტნიორობის საკითხიც განიხილეს.
შოლცის თქმით, ისინი უკვე დიდ წარმატებას აღწევენ.
,,გვინდა გავაფორმოთ მიგრაციასთან დაკავშირებული პარტნიორობა, რათა უკეთესად შევძლოთ მათი დაბრუნება, ვინც აქ ვერ დარჩება. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა. ჩვენ ამ პრობლემას მარტო არ უნდა გავუმკლავდეთ. ამის უზრუნველსაყოფად უნდა ვიპოვოთ მთელ მსოფლიოში პარტნიორები, რომლებიც დაგვეხმარებიან ჩვენი მიზნების მიღწევაში. ამ თვალსაზრისით წინ მივიწევთ და წარმატებასაც ვაღწევთ”, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.
გერმანიამ უკვე მიიღო მნიშვნელოვანი ზომები არალეგალურად ჩასული მიგრანტების რაოდენობის შესამცირებლად, მინისტრებმა ასევე განიხილეს რეფორმები იმ ლტოლვილების უკეთესი ინტეგრაციისთვის, რომლებიც გაურბიან ომებს, ძალადობასა თუ დევნას.
აღმოსავლეთ გერმანიის მთავრობის მეთაურები ფედერალური მთავრობის მიერ შემუშავებული საავადმყოფოს რეფორმის კორექტირებასაც ითხოვენ.