მთავარისაქართველოწყლის პრობლემა თბილისში

წყლის პრობლემა თბილისში

უკვე მესამე დღეა თბილისელების ნაწილი წყალს გრაფიკით, ან საერთოდ ვერ იღებს.

სასმელი წყლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისთვის ივნისის ცხელი დღეები კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა.

მოქალაქეები ცდილობენ, წყალი შეძლებისდაგვარად მოიმარაგონ.

„ჩვენთან ცხელი წყალი 24 საათი მოდის, ასე რომ თავის დაბანა პრობლემა არ არის, ცივ წყალს ვყიდულობთ მაღაზიაში, ცისტერნებით ვეზიდებით, კონდიციონერი რომ არის ჩართული, ის წყლის კონდენსირებას ახდენს, იმასაც ვიყენებთ“.

„ ვცხოვრობ ზემოთ ვაჟას ძეგლთან და ძალიან უკმაყოფილო ვარ, რომ წყალი არ არის, აი, ბორჯომი ვიყიდე და აბანოში უნდა ავიდე, ფული გადავიხადო, რომ დავიბანო, ძალიან სავალალო მდგომარეობაა საქართველოში, ორხევიდან მოიტანა ჩვენმა მეზობელმა გიგლამ ორი ვედრო და მეზობლებს დაურიგა, ბევრი არა“.

„გუშინ საღამოს იყო ერთი-ორი საათი, გუშინ დილითაც იყო 2 საათი, მაგრამ ვისაც გოგირდის წყალი არ აქვს, ბუნებრივად მოდის გოგირდის წყალი, სადილს ვერ გააკეთებ, აქ გარშემო წყალი რომ იყიდებოდა, აღარსად იყიდება, აორთქლდა. რომ წამოვიდა, გუშინ 2 საათი რაც მოვასწარით, ავაგროვეთ, დიდი დისკომფორტია მაინც, მიუხედავად იმისა, რომ გოგირდის წყალი შეღავათს გვიკეთებს, მაგრამ ისეთი ქაფქაფა მოდის, რომ ვერ დაიბან, უნდა მოაგროვო, ცოტა ხანი გააჩერო, გაცივდეს და ისე იბანაო. ვისაც ეს არ აქვს, იმან რა უნდა ქნას“.

უწყლობა დედაქალაქში სოფელ წიწამურის მიმდებარედ მილსადენის დაზიანებამ გამოიწვია. წყალმომარაგების კომპანიაში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ამბობენ, რომ არაგვის ხეობაში ტერიტორია გაურკვეველმა პირებმა ნაყარი მასალით შეავსეს, რამაც დიდი ზომის გეოლოგიურად არასტაბილური მიწის ფერდობი წარმოქმნა. ამან თბილისის ცენტრალური წყალსადენი დააზიანა.

„ეს ხდებოდა წლობით, მთავარი კითხვა არის ის, რომ რატომ არავინ დაინტერესდა, რა მოხდა, როგორ მოხდა, რატომ იყრებოდა ნაგავი… ჩემი აზრით, უნდა მოხდეს დროული გამოძიება, შესაბამისი სამსახურები არსებობენ ამისთვის, რა მოხდა, როგორ მოხდა, ასე მარტივად შეიძლება, რომ ვიღაცებმა დაყარონ მიწა, რაც შემდეგ მოქმედებს რამდენიმე ასეულ ათას ადამიანზე?“- ამბობს გიორგი ჯაფარიძე, მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს“ დამფუძნებელი.

წყალმომარაგების კომპანიისა და თბილისის მერიის წარმომადგენლები მოქალაქეებს ჰპირდებიან, რომ დედაქალაქში წყალმომარაგების პრობლემა ერთ კვირაში მოგვარდება. მათი ცნობით, შესაბამისი ჯგუფები ადგილზე შეუსვენებლად 24 საათის განმავლობაში მუშაობენ.

„24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, რათა დაზიანებულ ადგილს მივაგნოთ და შევაკეთოთ, გუშინ გვიან ღამით დავიწყეთ სამუშაოები და კიდევ რამდენიმე დღე დაგვჭირდება დაზიანებულ მილსადენამდე რომ მივაღწიოთ და მისი შეკეთება შევძლოთ, პარალელურად კი წყლის სისტემის ათვისებაზე ვმუშაობთ, აბონენტებს წყალი ალტერნატიული წყალსადენებით რომ მივაწოდოთ“, – ამბობს ხოსე მიგელ სანტოს გონსალესი, GWP-ის გენერალური დირექტორი.

„როგორც ეს ფაქტი დადგა, მოხდა შესაბამისი რეაგირება კომპანიის მხრიდან, შესაბამისი ჯგუფები ადგილზე არიან და 24-საათიან რეჟიმში აწარმოებენ აღდგენით სამუშაოებს. დღესდღეობით არის 63 000 აბონენტი, ვისაც გრაფიკით მიეწოდება სასმელი წყალი, გარდა ამისა, მოსახლეობის მოთხოვნის შემთხვევაში მოხდება შესაბამისი რეზერვუარების საშუალებით წყლის მიწოდება, 63 000 აბონენტი მაქსიმუმ 1 კვირის მანძილზე მიიღებს სასმელ წყალს“, – ამბობს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი.

ის რომ პრობლემა, მართლაც, ერთ კვირაში მოგვარდება, ამის ნაკლებად სჯერათ სპეციალისტებს. ისინი უფრო მასშტაბურ პრობლემებზეც მიუთითებენ.

„თუ არ მოწესრიგდა სამშენებლო სივრცე, პოლიტიკა სწორედ თუ არ წარიმართა, ასეთ პრობლემებს ყოველთვის წავაწყდებით, ეს ერთ-ერთი გამოვლინებაა ამის, საინჟინრო გადაწყვეტილებას რასაც მიიღებენ, რამდენად ეფექტური იქნება ეს, ხომ არ ვიცი და ბევრმა არ იცის, ეს უნდა თქვან, უნდა გამოვიდეს შესაბამისი სპეციალისტი და თქვას, რომ ამას ვაპირებთ და ამდენ დროს წაიღებს, ერთ კვირაში ჰაერზე რომ ვილაპარაკოთ მოგვარდება?“ – ამბობს თეა გოდოლაძე, სეისმოლოგი.

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” მომხმარებლებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის.

მოქალაქეები კი ამბობენ, რომ დისკომფორტი, მართლაც, დიდია, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ძალიან ცხელა და წყლის მოხმარების საჭიროება ორმაგად არის გაზრდილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend