მთავარიგადაცემებიThe Road To Greenნარჩენების ომი: როგორ ებრძვის ევროკავშირი ნარჩენების უკანონო გადაზიდვას განვითარებად ქვეყნებში

ნარჩენების ომი: როგორ ებრძვის ევროკავშირი ნარჩენების უკანონო გადაზიდვას განვითარებად ქვეყნებში

ყოველ წელს ევროპიდან განვითარებად ქვეყნებში მილიონობით ტონა ნარჩენი გადის, რომლის ნაწილიც უკანონოდ გაედინება. ევრონიუსის კორესპონდენტი სირილ ფურნერისი შეეცადა, გაერკვია, თუ რას აკეთებს ევროკავშირი ნარჩენებით უკანონო ვაჭრობის შესაჩერებლად ან რა ახალი ინიციატივებია ნარჩენების მართვის გაუმჯობესების თვალსაზრისით ევროპის ფარგლებში.

შენი გადაგდებული ჩანთა ან მობილური ტელეფონი შესაძლოა ახლა მსოფლიოს მეორე ნახევარსფეროშია. ყოველ წელს ევროპიდან მილიონობით ტონა ნარჩენების ექსპორტი ხდება განვითარებად ქვეყნებში და დიდი ალბათობით უარყოფითად აისახება გარემოზე.

დათვლილია, რომ ამ უაღრესად მომგებიანი ბიზნესის მესამედი უკანონოა. კრიმინალური ორგანიზაციები ამით მილიარდებს შოულობენ.

ამიტომ ევროკავშირში გადაწყვიტეს, შეზღუდონ ნარჩენების ექსპორტი და აქცენტი ევროკავშირის ფარგლებში ნარჩენების გადამუშავებაზე გააკეთონ.

ტუნისში კარგად ახსოვთ საყოფაცხოვრებო ნარჩენების უკანონო გადაზიდვის გახმაურებული საქმე აქ კარგად ახსოვთ და მას „იტალიური ნარჩენების“ საქმეს უწოდებენ.

ეს ამბავი 2020 წელს დაიწყო. სუსის პორტში ნარჩენებით დატვირთული თითქმის 300 საკონტეინერო გემი შევიდა. სამოქალაქო საზოგადოებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა იმაში, რომ ამ ნარჩენების უმეტესი ნაწილი იტალიაში დაებრუნებინათ და რომ ხმელთაშუა ზღვის ორივე ნაპირზე სასამართლოს რამდენიმე პირის წინააღმდეგ  განაჩენი გამოეტანა.

ჰუსემ ჰამდი გარემოსდამცველი აქტივისტი და იმ ასოციაციის დამფუძნებელია, რომელიც ტუნისში ნარჩენების გადამუშავებას უწყობს ხელს. ის Tunisie Verte-ს  ქსელშია ჩართული, რომელმაც იბრძოლა იმისთვის, რომ ნარჩენები ევროპაში გაებრუნებინათ.

„ნამდვილი სასწაული მოხდა იმ საღამოს,“ – იხსენებს ჰუსემი.  ეს იყო ტუნისის, აფრიკისა და ყველა წესიერი გარემოსდამცველის მცირე გამარჯვება. ეს იყო ასევე სიგნალი სამხრეთ სანაპიროს სხვა ქვეყნებისთვის, რომ ეს შესაძლებელია მოხდეს. საუბარია ე.წ. ეკომაფიის სახელით ცნობილ ქსელზე, რომელშიც ჩართული იყვნენ კომპანიებიც, პოლიტიკოსებიც და ა.შ. დარწმუნებული ვარ, ეს ის ხეა, რომლის უკანაც ტყე დგას“.

ტოქსიკური ბაზარი

ამ საქმეში ბევრი რამ ჯერ კიდევ იდუმალებით არის მოცული და ნარჩენების უკანონო ტრეფიკინგი ისევ გრძელდება. წელს იტალიურმა საბაჟომ კიდევ 82 ტონა ნარჩენი დააკავა, რომელიც ტუნისისკენ მიჰქონდათ. მაჯდი კარბაი, ტუნისის პარლამენტის ყოფილი წევრი და აქტივისტი მრავალი წლის განმავლობაში სცემდა განგაშის ზარს.

„ბაზელის კონვენციის მიხედვით, გარკვეული ტიპის ნარჩენების იმპორტი აკრძალულია,“ – განმარტავს მაჯდი. „მაგრამ ზოგიერთი ანგარიშის მიხედვით, ზოგიერთი პორტი, მაგალითად, ბიზერტის პორტი იქცა ჰაბად, სადაც ასეთი ნარჩენები შეჰქონდათ და იქიდან მერე სხვა კონტინენტებსა და აფრიკულ ქვეყნებში აგზავნიდნენ“.

ნარჩენების მართვა ტუნისში დიდი პრობლემაა. ქვეყანაში ამოქმედდა დიდი თანამედროვე გადამამუშავებელი საწარმო, მაგრამ სინამდვილეში დაუხარისხებელ ნარჩენებს ხშირად უზარმაზარ ნაგავსაყრელებზე ყრიან. მათგან ზოგი კონტროლდება, ზოგი კი უკანონოა. „ევრონიუსმა“ საკუთარი თვალით ნახა  დედაქალაქის სამხრეთ გარეუბანში მდებარე ერთი ნაგავსაყრელი გარემოსდამცველი ორგანიზაცია AMIS -ის აქტივისტთან ჰეიკელ ხომსთან ერთად.

„როგორც ხედავთ, წყალი დამყაყებული და დაბინძურებულია. ხედავთ, როგორი მღვრიეა,“ – აღწერს ნაგავსაყრელს ჰეიკელი. „ეს აბინძურებს ზედაპირულ წყალს. პრობლემა ის არის, რომ აქ ჭანჭრობია, რომელშიც ვერ ჩაყრი ნაშალ ქვებს, რადგან წყალი ვეღარ იმოძრავებს. ვერც საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ჩაყრი, რადგან ზედაპირზე ქაფს მოიგდებს, რომელიც კიდევ უფრო სახიფათოა“.

ევროკავშირის ბრძოლა  უკანონო ნარჩენების წინააღმდეგ

ახლახან კიდევ ერთი ევროპული რეგულაცია ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც, ტუნისის მსგავსმა ქვეყნებმა, რომლებიც არ არიან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრები, თუ სურთ ნარჩენები მიიღონ, უნდა დაამტკიცონ, რომ ნარჩენების მდგრადი მეთოდით გადამუშავება შეუძლიათ.

ევროკავშირის ფარგლებს გარეთ პლასტმასის ნარჩენების ექსპორტი კი საერთოდ აიკრძალება. ეს რეგულაცია ასევე მოიცავს ეკომაფიასთან ბრძოლის ახალ მექანიზმებს. გენუაში, რომელიც ხმელთაშუა ზღვის წამყვანი პორტია. აქაური მებაჟეები ნარჩენების უკანონო გადაზიდვის ფრონტის წინა ხაზზე დგანან. გენუის პორტის მისადგომს ყოველ წელს მილიონობით სატვირთო გემი გადის. გადაზიდული ნარჩენების ნაწილი ყალბი საბაჟო დეკლარაციებით გადააქვთ. მებაჟეებმა ეს სატვირთო გემი მანამდე გააჩერეს, სანამ ის ტაილანდისკენ გაცურავდა. იგი დამწვარი რეზინით აღმოჩნდა სავსე.

„ ეს ნივთიერება არასწორად არის დამუშავებული, თანაც იმ ქვეყანაში იგზავნება, რომელსაც ასეთი მასალის სწორად გადამუშავებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა არ გააჩნია,“ განმარტავს ანდრეა ბიგი, იტალიის საბაჟო სააგენტოს გენუის თაღლითობასთან ბრძოლის ოფისის მებაჟე, „ჩვენ ევროპაში გვაქვს უამრავი ნარჩენი, რომლებიც შესაძლებელია, რომ სხვა რამეში გამოვიყენოთ ან გადავამუშაოთ, ამისთვის კომპანიებს ფულს უხდიან, მაგრამ ზოგიერთი მათგანი არ ასრულებს ვალდებულებას. კრიმინალური ორგანიზაციები ცდილობენ, ჭარბი ნარჩენებით ფული იშოვონ და სარგებელი მიიღონ იმ ფულიდან, რომელიც მასალის გადამუშავებაშია ჩადებული“.

იტალიის საბაჟო მონაწილეობას იღებს ევროპის ახალი სწრაფი განგაშის სისტემაში, რომელიც მაშინ ამოქმედდება, როდესაც საეჭვო ტვირთს შეამჩნევს. ამ ტვირთს სკანერით ამოწმებენ. კიდევ ერთი მაგალითია ეს სატვირთო გემი, რომელსაც, სავარაუდოდ, ახალი მოწყობილობა მიაქვს მალაიზიაში. მაგრამ ტელევიზორის ამ ძველმა მოწყობილობამ მებაჟეები დააეჭვა, რომ სინამდვილეში ეს გადაყრილი ელექტროაპარატურაა.

„ეს პროდუქცია დაჭყლეტილია, შიგ მოთავსებული ელექტროსადენების ნაბეჭდი დაფა ამოაცალეს და შემდეგ დაწვეს, რათა ძვირფასი ლითონები ამოეღოთ“, – განმარტავს ავგუსტო ატურო, იტალიის საბაჟო სააგენტოს მებაჟე გენუაში.

ევროკავშირმა ასევე გაამკაცრა კანონი გარემოს დაცვის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე, რომელიც უფრო მაღალ ჯარიმებსა და დარღვევათა უფრო ფართო სიას ითვალისწინებს.  ევროპის თაღლითობასთან ბრძოლის ოფისი მთავარ როლს ასრულებს გამოძიებათა კოორდინაციაში.

ლუიჯი გარუტო, ევროპის თაღლითობასთან ბრძოლის ოფისის გამომძიებელი:

„გარემოს დაცვის საქმეებზე აუცილებელია თანამშრომლობა არა მხოლოდ საბაჟო ადმინისტრაციებს შორის, რომლებიც ჩვენი უშუალო კოლეგები არიან, არამედ გარემოსდამცველ ადმინისტრაციებთანაც. ჩვენ ვცდილობთ, ერთმანეთთან დავაკავშიროთ ევროკავშირი და ტვირთის დანიშნულების ქვეყნები და გამოვიძიოთ, ექსპორტის მწარმოებელ ქვეყანაში რამე ფარული ქსელი ხომ არ მოქმედებს და დავშალოთ ეს ქსელი“.

არ უნდა დაგავიწყდეს, რომ ნარჩენები ხშირად ძვირფას ლითონს წარმოადგენს. ახალი წესები ხელს უწყობს  ნარჩენების გადაგზავნასა და აღდგენას ევროკავშირის ფარგლებში.

მაინც როგორ შეიძლება  საკუთარი ნარჩენების უკეთ მართვა? ამ კითხვით „ევრონიუსმა“ ევროპის გადამამუშავებელი ინდუსტრიის  ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას Derichebourg Environnement-ს მიმართა, რომელიც საფრანგეთში მდებარეობს.

ეს ახალი საწარმო  ძველ ელექტროსადენებს ამუშავებს. მისი საწარმოო სიმძლავრე წელიწადში 20 ათასი ტონაა, რაც ეიფელის ორი კოშკის წონის ტოლფასია.

„საწარმო ციკლის ბოლოს ვიღებთ სპილენძს, რომელსაც სპილენძის გადამამუშავებელ საწარმოებზე ვყიდით ძირითადად ბელგიასა და გერმანიაში,“- ამბობს გასტონ დესკლოზო, კომპანია Derichebourg Environnement -ის საოპერაციო მენეჯერი.

სპილენძი ევროკავშირისთვის იმ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნივთიერებების სიაში შედის, რომლებმაც ინდუსტრიის ელექტროფიკაცია და ეკონომიკური ნაწარმის ზრდა უნდა დააჩქარონ.

„აქამდე კაბელებს აზიაში ვაგზავნიდით, რადგან ევროპაში ძალიან ცოტა სპილენძს მოიხმარდნენ. ახალი საწარმო საშუალებას გვაძლევს, ევროპული სპილენძის გადამამუშავებელი საწარმოები მოვამარაგოთ და სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ლითონები აზიაში აღარ გავგზავნოთ,“ – განმარტავს გასტონ დესკლოზო.

ცირკულარული ეკონომიკა ევროპის „მწვანე შეთანხმების“ ნაწილია. მაგრამ დღესდღეობით ევროკავშირში მოხმარებული მასალის მხოლოდ 12 პროცენტი მოდის ხელმეორედ დამუშავებულ მასალაზე.

„ევროპაში ყველაზე მეტად გვჭირდება წახალისებაზე ორიენტირებული პოლიტიკა,“ – ასე ფიქრობს  ტეს პოზი, კომპანია  Derichebourg Environnement-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი. „თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ გადამუშავებაზე ვაკეთებთ აქცენტს, საჭიროა მწარმოებლებსაც ჰქონდეთ სტიმული, რომ მეორეული წარმოების ნედლეული გამოიყენონ, რაშიც დღეს ჩამორჩენა გვაქვს. უნდა მოვახერხოთ, რომ გადამუშავებული ნედლეული გამოიყენონ ახალი პროდუქციის მისაღებად ევროპის კონტინენტზე“.

ავტორი: სირილ ფურნერისი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend