მთავარიგადაცემებიCULT„კლასიკური სავიოლინო მუსიკის ოლიმპიადა ყოველმხრივ უნიკალურია“ - ინტერვიუ პაველ ვერნიკოვთან

„კლასიკური სავიოლინო მუსიკის ოლიმპიადა ყოველმხრივ უნიკალურია“ – ინტერვიუ პაველ ვერნიკოვთან

კლასიკური სავიოლინო მუსიკის ოლიმპიადის საერთაშორისო კონკურსი სულ ახალი ძალიან პერსპექტიული შესაძლებლობაა დამწყები თუ გამოცდილი მუსიკოსებისთვის, რათა მუსიკალურ სამყაროში თავიანთი სიტყვა თქვან.

ამ მუსიკალური კონკურსის მონაწილეთა წინაშესარჩევი პროცესი უკვე მიმდინარეობს მსოფლიოს წამყვან მუსიკალურ დედაქალაქებში. თუ გავითვალისწინებთ მისი საკონკურსო პროგრამის გამორჩეულ სირთულესა და გამარჯვებულისთვის დაწესებულ უზარმაზარ ფულად ჯილდოს, 310 000 ევროს, საფიქრებელია, რომ ამ მუსიკალური კონკურსის პროექტის ავტორებმა გადაწყვიტეს, უარი თქვან დათქმულ სტანდარტებზე და სავიოლინო მუსიკის ნიჭიერ ვირტუოზ შემსრულებლებს  მთელი მსოფლიოდან საკუთარი თავის ბოლომდე დახარჯვის სრული შესაძლებლობა მისცენ. ჩვენ ვესაუბრეთ ამ პროექტის ავტორ პაველ ვერნიკოვს, რათა გაგვეგო, თუ რას ფიქრობს ამ მუსიკალურ ინიციატივაზე.

ევრონიუსი: რა შეგიძლიათ გვითხრათ კლასიკური სავიოლინო მუსიკის ოლიმპიადის საერთაშორისო კონკურსზე, რას ისახავს მიზნად?

პაველ ვერნიკოვი: უამრავ კონკურსში მიმიღია მონაწილეობა, როგორც კონკურსანტს და როგორც ჟიურის წევრს. კონკურსებთან დაკავშირებით არავითარი პრეტენზია არ მქონია, მაგრამ სულ მრჩებოდა უცნაური განცდა, თითქოს რაღაც არ მაკმაყოფილებდა. ამიტომ, მსურდა შემეცვალა ძველი დათქმული წესები და ტრადიცია. მინდოდა, რაღაც ისეთი გამეკეთებინა, რაც სასარგებლო იქნებოდა არა მხოლოდ ახალგაზრდა შემსრულებლებისთვის, არამედ ხანდაზმულებისთვისაც, რომლებსაც აღარ აქვთ კონკურსებში მონაწილეობისა და სახელის განთქმის საშუალება. ეს იყო ჩემი ოცნება და ერთ დღესაც შესანიშნავ ადამიანს შევხვდი, კონსტანტინ იშხანოვს  და რამდენიმე კვირაში უკვე იმაზე ვსაუბრობდით, თუ როგორ ამეხდინა ერთ დღესაც  ჩემი ოცნება!

ევრონიუსი: ამ ღონისძიებას წინ უნიკალური შესარჩევი პროცედურა უძღვის, რომელიც მოიცავს ექვს დამოუკიდებელ კონკურსს, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტარდება. რა კრიტერიუმით შეარჩიეთ კონკურსების ჩასატარებლად ექვსი ადგილი?

პაველ ვერნიკოვი: სიტყვა „უნიკალური“ ზუსტად აღწერს მთელ კონკურსს! ყველაფერი კლასიკური სავიოლინო მუსიკის ოლიმპიადის ირგვლივ უნიკალურია! კონკურსების უმეტესობაზე სტანდარტული შესარჩევი პროცედურა, პირველ რიგში, ვიდეორგოლებს ითხოვს. მხოლოდ რამდენიმე კონკურსის დროს ტარდება შერჩევითი ტური სხვადასხვა ქვეყანაში და თან მხოლოდ 20-წუთიან დაკვრას ითხოვენ, ეს კი სრული შესრულება არ არის. კონკურსის მონაწილეები უამრავ ფულს ხარჯავენ, ქვეყნიდან ქვეყანაში რომ გადავიდნენ და შემდეგ სხვადასხვა საკონცერტო დარბაზში უკრავენ, ზოგჯერ ძალიან პაწაწინაში უწევთ დაკვრა.

ჩვენ ასეთი პროცესი არ გვინდოდა. ჩვენ შევარჩიეთ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი მუსიკალური სკოლები და ცენტრები. გადავწყვიტეთ, ჩაგვეტარებინა ექვსი საკვალიფიკაციო სრულფასოვანი კონცერტი ორი შესარჩევი რაუნდის ფარგლებში, რომლებზეც დაწესდებოდა ძალიან მაღალი ჯილდოები და რომლებსაც ძალიან მაღალი კვალიფიკაციის ჟიური შეაფასებდა.

ევრონიუსი: წინაშესარჩევი კონცერტების დიდი ნაწილი უკვე უკან დარჩა. შეესაბამებოდა თუ არა შესრულების დონე თქვენს მოლოდინს?

პაველ ვერნიკოვი: მე ვიტყოდი, რომ ჩემს მოლოდინსაც გადააჭარბა. მაგალითად, იაპონიაში წარმოუდგენლად მაღალი დონე იყო. კონკურსების უმეტესობაზე, როგორც წესი, ორი ან სამი ვირტუოზი მევიოლინე გამოდის, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში რადიკალურად განსხვავებული ვითარება იყო. 20 კონკურსანტიდან, თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ 14 იმსახურებდა ფინალში გასვლას. ძალიან რთული იყო გადაწყვეტილების მიღება, თუ ვისთვის უნდა გადაგვეცა პრიზი. ლონდონში, რომელიც ჩვენი შემდეგი გაჩერებაა, სავარაუდოდ, იგივე განმეორდება. კონკურსანტების ძალიან კარგი ნაკრებია და მოუთმენლად ველი, ვნახო, თუ რას შემოგვთავაზებენ ცოცხალი შესრულების დროს!

ევრონიუსი: რაც შეეხება საკონკურსო პროგრამას, ერთ-ერთი ყველაზე რთული და რევოლუციური პროგრამაა შერჩეული. რატომ აირჩიეთ ასეთი რადიკალურად განსხვავებული მიდგომა?

პაველ ვერნიკოვი: მე არ მომწონს სიტყვა „რევოლუციური“, რადგან რევოლუციები ხშირად ცუდად მთავრდება, ჩვენი პროგრამა უფრო ევოლუციურია, იგი შეიცავს როგორც ტრადიციულ, ისე სრულიად ახალ ელემენტებს. სავალდებულო მოთხოვნების გარდა, შემსრულებლებს გარკვეული თავისუფლებაც ეძლევათ, რადგან მნიშვნელოვანია პიროვნების, ჭეშმარიტი მუსიკოსის აღმოჩენა და არა უბრალოდ შემსრულებლის. ეს არ არის სპორტული შეჯიბრება. ჩვენ ვეძებთ ისეთ მუსიკოსებს, რომლებსაც შეუძლიათ დაარწმუნონ აუდიტორია და ჟიური, რომ ისინი ნამდვილი მუსიკოსები არიან, ჩვენ ვარჩევთ არა სპორტსმენებს, არამედ ჭეშმარიტ ხელოვანებს და  ეს პროგრამა საშუალებას მოგვცემს, დავინახოთ, თუ რამდენად მრავალმხრივია ხელოვანი და რამდენად შეუძლიათ თავიანთი სიტყვა თქვან მუსიკაში.

ევრონიუსი:  სხვა მოთხოვნებს შორის კონკურსის მონაწილეებს მოეთხოვებათ, შეასრულონ რეზიდენტი კომპოზიტორის ალექსეი შორის ნაწარმოებები. როგორ შეარჩიეთ ამ როლისთვის შესაფერისი კომპოზიტორი და რამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე ეპოქის წარმოდგენა?

პაველ ვერნიკოვი: „გადაწყვეტილება, მეთხოვა ალექსეი შორისთვის, ყოფილიყო რეზიდენტი კომპოზიტორი, ადვილად არ მიმიღია. ალექსეის მუსიკა ძალიან კარგად ვიცი და თავადაც კარგად ვიცნობ; იგი შესანიშნავი და თავმდაბალი პიროვნებაა. თანაც ის ფაქტი, რომ ორივენი უკრაინელები ვართ, მე ოდესაში დავიბადე, ალექსეი კიევში, ნიშნავს, რომ საერთო მემკვიდრეობა გვაქვს. მჯერა, რომ ამის გამო ერთმანეთის უკეთ გვესმის. ალექსეი დიდი ხანია უკვე, რაც კლასიკური მუსიკის სამყაროს წევრია და მხოლოდ კომპოზიტორი არ არის. უკრაინისთვის ამ ძნელბედობის ჟამს ალექსეი მტკიცედ ედგა გვერდით თავისი ქვეყნის კულტურულ სექტორს, ეხმარებოდა კიევის ვირტუოზულ ორკესტრსაც, რომლის წევრებიც ევროპაში ცხოვრობდნენ და ზრუნავდა მათზე და მათ ოჯახებზე ევროპაში ყოფნის დროს. ეს სანაქებო საქმე არის ის მიდგომა და დამოკიდებულება, რომელიც, ჩემი აზრით, ალექსეის მუსიკაშიც კარგად ჩანს.  თანამედროვე კლასიკური მუსიკის შესახებ ძალიან ბევრი შეიძლება ისაუბრო, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ რა ტიპის მუსიკასაც არ უნდა ასრულებდე, იგი აუცილებლად რაღაც ქვეტექსტს უნდა გულისხმობდეს და ეუბნებოდეს საზოგადოებას. კომპოზიტორები ხშირად იმდენად დიდ აქცენტს აკეთებენ შესრულების სხვადასხვა ტექნიკაზე, რომ ავიწყდებათ, ვისთვის წერენ მუსიკას. ამიტომაც, ზოგჯერ ძალიან  რთულია მუსიკის აღქმაც და განცდაც. ალექსეის მუსიკა კი მშვენიერი, გულწრფელი და მგრძნობიარეა. მასში მონატრება, ლირიკა და ნოსტალგია იგრძნობა, უფრო მეტიც, ის თანხვედრაშია ფართო აუდიტორიის გულისთქმასთან. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ პროგრამა მისი ნაწარმოებებით დაგვეტვირთა, რადგან ისინი ყველაზე ნათლად წარმოაჩენენ თანამედროვე ეპოქას. ისიც მნიშვნელოვანია, რომ უკვე ბევრმა შემსრულებელმა დაიწყო ალექსეის ნაწარმოებების საკუთარ რეპერტუარში შეტანა, მათ შორის არიან, მაგალითად, მსოფლიოში სახელგანთქმული პიანისტი მიხაილ პლეტნევი და მევიოლინეები გილ შაჰამი და მაქსიმ ვენგეროვი – აღარაფერს ვამბობ სხვებზე. ასე რომ, სწორედ მუსიკა ტოვებს თავის ნიშანს ჩვენი დროის კულტურის სულზე.

ევრონიუსი: კლასიკური სავიოლინო მუსიკის ოლიმპიადა იძლევა ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ და სოლიდურ  პრიზს, რაც კი ოდესმე ყოფილა დაწესებული მსგავს კონკურსებზე. როგორ გგონიათ, რამდენად აუცილებელია, რომ ახალბედა კონკურსანტები ასეთი მსუყე ლუკმით მოხიბლო?

პაველ ვერნიკოვი: ალბათ, უნდა გიპასუხოთ ისე, როგორც  ნებისმიერი სამხატვრო ხელმძღვანელი გიპასუხებდათ, რომ ფული არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. მაგრამ, მოდი, ვაღიაროთ, რომ ფული, მართლაც, ძალიან მნიშვნელოვანია! ასეთი დიდი ჯილდო ძალიან გამოადგება მუსიკოსს იმისთვის, რომ ალბომი ჩაწეროს, დარბაზი დაიქირაოს, ან ორკესტრთან ერთად შეძლოს დაკვრა. ასეთი დიდი თანხის პრიზი იმიტომ დავაწესეთ, რომ ყველა დონის შემსრულებელს მოენდომებინა მონაწილეობის მიღება. თუმცა ისინი, ვინც ვერ მოიპოვებს მთავარ პრიზს, მაინც მიიღებენ რაღაც ტიპის ჯილდოს.  ჩვენ ვთხოვეთ 23-კაციანი ჟიურის წევრებს, რომ  თითოეულმა მათგანმა მისცეს საკუთარი პრიზი იმ შემსრულებელს, რომელიც თავად მოეწონება. მათ შეუძლიათ მოიწვიონ მუსიკოსი კონცერტის შესასრულებლად, ან შესთავაზონ მასტერკლასის ჩატარება ან რომელიმე მუსიკალურ ფესტივალზე დაპატიჟონ…ეს ფასდაუდებელი შესაძლებლობა იქნება მუსიკოსებისთვის, რათა მუსიკალური მენეჯერების ყურადღება მიიპყრონ. ჩვენ გვინდა, რომ 12-ივე კონკურსანტს მივცეთ სახელის განთქმის შესაძლებლობა. ასე რომ, ფული ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, მაგრამ არა ყველაზე მთავარი.

ევრონიუსი: მაინც სად დგას, თქვენი აზრით, კლასიკური სავიოლინო მუსიკის ოლიმპიადა, თუკი მას  ვიოლინოს სამყაროში კარგად დამკვიდრებულ სხვა ტრადიციულ კონკურსებს შევადარებთ?

პაველ ვერნიკოვი: „ამ კონკურსს არ წამოვიწყებდი, სხვა კონკურსებთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები რომ არ მქონოდა. არ ვიქნები თავმდაბალი და ვიტყვი, რომ ჩვენ ნამდვილად ვაპირებთ, დავაფუძნოთ ისეთი კონკურსი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსი იქნება.  კონკურსების უმეტესობა უკვე რუტინად იქცა: ერთი და იგივე ჟიური, ერთი და იგივე მონაწილეები, ერთი და იგივე პროგრამა, რომელიც უკვე ზეპირად ვიცით, რადგან არაფერი ახალი რეპერტუარებში აღარ ჩნდება და სულ ეს არის.

მე ვხედავ, რომ დიდმა კონკურსებმა უკვე დაკარგეს გავლენა. ვიცი მრავალი მაგალითი, რომ კონკურსების გამარჯვებულებმა, რომლებმაც მთავარი ჯილდო მიიღეს, სულ ორიოდე კონცერტზე დაუკრეს. ამის მერე მათზე არავის არაფერი სმენია. ჩვენი კონკურსი შედეგისთვის დაფუძნდა. ჩვენ გვინდა, რომ თორმეტივე ფინალისტმა წარმატებული კარიერის შექმნა შეძლოს და მოთხოვნადი იყოს. მათი სახელი არ დაავიწყდებათ ექვს თვეში!

ევრონიუსი: რას ეტყოდით იმ ხალხს, რომელიც ჯერ კიდევ ყოყმანობს, მიიღოს თუ არა მონაწილეობა კლასიკური სავიოლინო მუსიკის ოლიმპიადაში?

პაველ ვერნიკოვი: ვეტყოდი, რომ უყოყმანოდ მოგვმართონ ახლავე! ეს კონკურსი თავის მონაწილეებს სულ ახალი შემოქმედებითი ენერგიით მუხტავს. მიუხედავად იმისა, მიიღებ თუ არა ნანატრ პრიზს, მთავარი ის არის, რომ გაიცნობ ჟიურის წევრ პროფესორებსა და მუსიკოსებს, შეხვდები შენი ჭკუის ხალხს და კონკურსში მონაწილეობა უზარმაზარ სიამოვნებას მოგანიჭებს. ასე რომ, მოეშვი ფიქრს და დარეგისტრირდი ახლავე, სანამ გვიან იქნება!“

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend