საქართველოს პურის ფქვილის რამდენიმეთვიანი სტაბილური მარაგი აქვს და ამ ნედლეულზე დეფიციტის შექმნის საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს. ეს განცხადება პურპროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ გააკეთა, რომელმაც მარაგსა და პურის ფასთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„საქართველოში ხორბლისა და ფქვილის 3-თვიანი მარაგი არსებობს. ეს გარდამავალია და პერიოდულად ივსება. ამიტომ, ცხობის სექტორიც მუშაობს და ფასებიც სტაბილურია. დოლარის კურსის მატება რუსულ ფქვილზე აისახა. რუსეთიდან შემოტანილი ხორბალი შედარებით გაძვირდა და ამიტომ, ახლა ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ვართ დამოკიდებული. რუსეთიდან ფქვილს ადრე გვაწვდიდნენ 52 ლარად, ახლა 56-57 ლარია. ამის გამო ბოლო ერთი თვეა, რაც საგრძნობლად შემცირდა რუსეთიდან ფქვილის შემოტანა. ალბათ, წამომღებისა და მყიდველისთვისაც რენტაბელური არ არის, ამიტომ, დღესდღეობით ვართ ადგილობრივ წისქვილებზე დამოკიდებული. გაიზარდა ადგილობრივი ფქვილის ფასიც. ადრე 50 ლარი იყო, ახლა 52 ლარია. ქართულმა წისქვილებმა ხორბალი შემოიტანეს. ასევე 200 000 ტონამდე არის მოსალოდნელი ხორბლის მიღება კახეთის რეგიონში. ასევე არ ჩაკეტილა ფქვილის მიღების რუსული მხარე და იქიდანაც შემოდის. ჩვენ გვქონდა შეხვედრები შესაბამის უწყებებთან და მიუხედავად დოლარის ცვლილებისა ყველანაირად ვეცადეთ, რომ პურზე ფასი არ გაზრდილიყო”, – განაცხადა მალხაზ დოლიძემ.
ხორბლის მარაგებსა და სტაბილურ ფასებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ. მისი თქმით, წისქვილკომბინატები მუშაობენ და ახალ მარაგებს ელიან კახეთის რეგიონიდანაც ხორბლის მოსავლის სახით. დარგის სპეციალისტები საცალო-სამომხმარებლო პურის გაძვირებას ახლო მომავალში არ პროგნოზირებენ.