ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დებიუტი მხოლოდ საფეხბურთო მოვლენა არაა, ის ევროკავშირში გაწევრების იმედებსაც აღვივებს.
სრულიად საქართველო ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობამდე წამებს ითვლის. საქართველო ემზადება ევრო 2024-ის F ჯგუფის პირველი მატჩისთვის. ის მეზობელ თურქეთს ხვდება.
კავკასიის 3.7-მილიონიანმა ქვეყანამ ევროპის უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე თავისი ადგილი საბერძნეთთან გულის გამაჩერებელი, დაძაბული პლეიოფის შედეგად მოიპოვა. ახლა კი, ის ფეხბურთის ციებ-ცხელებითაა შეპყრობილი.
„საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა”, – ამბობს ევრონიუს ჯორჯიას ჟურნალისტი გიორგი სანაძე, „ევროპის ჩემპიონატზე ყოფნა ჩვენი ოცნებაა. ყველა აღფრთოვანებულია”.
საქართველოს ნაკრების შეუცვლელი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელიაა. 23 წლის გარემარბმა ეროვნულ ნაკრებში 30 მატჩში 15 გოლი გაიტანა. ხოლო იტალიაში გადამწყვეტი როლი ითამაშა, როდესაც 2022-23 წლებში „ნაპოლიმ“ ისტორიული მესამე სერია A-ს ტიტული მოიპოვა.
იმედის ნაპერწკალი სოციალური და პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე
საქართველოში იმედი აქვთ, რომ რამდენიმეთვიანი პოლიტიკური და სოციალური არეულობის შემდეგ, რომელიც „უცხოური გავლენის“ კანონის მიღებას მოჰყვა, ევრო 2024 ქვეყანას სიხარულსა და შვებას მოუტანს.
კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კრემლის მიერ მიღებულ კანონმდებლობას შეადარეს, რადგან კანონი კონტროლს ამკაცრებს არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც თავიანთი სახსრების მინიმუმ 20%-ს უცხოეთიდან იღებდნენ. კანონის მიღებამ კი მასშტაბური საპროტესტო ტალღა, დაპირისპირება და დაპატიმრება გამოიწვია.
„როცა ევროპაზე გავედით, საოცარი გრძნობა იყო. ქუჩები ხალხითა და ქართული დროშებით იყო სავსე. ყველა ზეიმობდა, თუმცა მალევე შეიქმნა ქაოსი. საპროტესტო აქციები თბილისსა და მთელ საქართველოში იმართებოდა“, – ამბობს გიორგი სანაძე.
„ეროვნული ნაკრების რამდენიმე წევრი ხელისუფლების წინააღმდეგ საჯაროდ გამოვიდა, მათ შორის, იყვნენ ბუდუ ზივზივაძე და გიორგი ქოჩორაშვილი, მათ კი, ვინც ნეიტრალური პოზიცია შეინარჩუნა, საზოგადოებისგან კრიტიკა დაიმსახურეს“.
„ევრო 2024-ზე ასპარეზობა ევროპასთან დაახლოებაა”
საქართველომ დიდი ხნის ნანატრი მოვლენა სპეციალური მონეტებისა და მარკების გამოშვებით აღნიშნა.
ნაკრების სიყვარულის გამოხატვის მიზნით, ერთმა გულშემატკივარმა მოპედით 12 დღეში 4000 კილომეტრი გაიარა და გერმანიაში ჩავიდა. მან ველბერტის საწვრთნელ ბაზაზე გუნდს საქართველოს გიგანტური დროშა გადასცა.
გიორგი სანაძის თქმით, რადგან საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა მხოლოდ საფეხბურთო მოვლენა არ არის. „ისეთი განცდა გვეუფლება, რომ ევროპულ საზოგადოებას უფრო დავუახლოვდით და თუ სპორტი ყველა ადამიანს აერთიანებს, მას პოლიტიკაშიც ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია. როგორც ერთხელ იურგენ კლოპმა თქვა, ფეხბურთის ამოცანაა, ადამიანებს 90 წუთით დაავიწყოს საზრუნავი. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი საფეხბურთო გუნდი ამას ჩვენთვისაც გააკეთებს”.