ევროპარლამენტის არჩევნები დასრულდა, ევროპარლამენტარების სია ცნობილია. ბლოკის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევა ახლა ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობების დაკომპლექტებაა. არაფორმალურ სამიტზე, რომელიც დღეს, 17 ივნისს, იწყება, ბლოკის 27 წევრი ქვეყნის მეთაური შეეცდება, მოილაპარაკოს იმაზე, თუ რომელი ევროპელი პოლიტიკოსები დაიკავებენ ევროკომისიის პრეზიდენტის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის პოზიციებს. გადაწყვეტილება შესაძლოა ძალიან მალე, რამდენიმე დღეში, გახდეს ცნობილი. ევროკავშირის ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობების შევსებისას ლიდერებს მრავალი ფაქტორის გათვალისწინება სჭირდებათ: პოლიტიკური კუთვნილება, წარმომავლობა, გენდერული ბალანსი და ა.შ. რათა კანდიდატებისადმი მაქსიმალური მხარდაჭერა იყოს უზრუნველყოფილი. 2019 წელს, წინა ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, ბლოკის ლიდერებს რამდენიმე ღამის გათენება მოუწიათ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებებს მიიღებდნენ. თუმცა ბევრი ვარაუდობს, რომ ამჯერად შესაძლოა მოლაპარაკებები ბევრად მარტივად წარიმართოს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ურსულა ფონ დერ ლაიენი დიდი ალბათობით შეძლებს საკუთარი პოზიციის შენარჩუნებას, როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი. პორტუგალიის ყოფილი პრემიერი ანტონიო კოსტა ევროსაბჭოს პრეზიდენტის პოზიციაზე განიხილება, ხოლო ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლეს წარმომადგენლად.
17 ივნისის საღამოს ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურები სასაუბროდ შეიკრიბებიან. არაფორმალურ ვახშამს დაესწრება მოქმედი ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. იგი მიიღებს ბლოკის მომავალსა და სტრატეგიული მიმართულების შესახებ განხილვაში მონაწილეობას, თუმცა მოგვიანებით იგი დატოვებს შეხვედრას, რათა ლიდერებს მიეცეთ შესაძლებლობა, თავისუფლად განიხილონ ევროკომისიის პრეზიდენტის კანდიდატურა.
როგორც ჩანს, ფართო კონსენსუსი არსებობს ევროკავშირის ლიდერებს შორის მოქმედი ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, კანდიდატურის ხელახლა წარდგენის გარშემო.
თავდაპირველად არსებული ეჭვები დიდწილად გააქარწყლა ურსულა ფონ დერ ლაიენის პარტიის, ცენტრისტულ-მემარჯვენე „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმატებამ ევროპარლამენტის არჩევნებში. მათ ყველაზე მეტი ხმა მოიპოვეს და განიმტკიცეს უმრავლესობა და ჯამში მოიპოვეს 190 მანდატი ახალი მოწვევის ევროპარლამენტში.
ამასთან ერთად ურსულა ფონ დერ ლაიენი მუშაობს სოციალისტებსა და ლიბერალებთან ცენტრისტული კოალიციის შესაქმნელად.
იმ შემთხვევაში თუ ურსულა ფონ დერ ლაიენი მოიპოვებს ევროკავშირის ლიდერების მხარდაჭერას, მის კანდიდატურას ოფიციალურად წარადგენენ ევროპარლამენტარების წინაშე და იმისათვის, რომ იგი დარჩეს საკუთარ პოზიციაზე, მას დასჭირდება უმრავლესობის ანუ 361 ევროპარლამენტარის მხარდაჭერა.
მიუხედავად იმისა, რომ სოციალისტებისა და დემოკრატების პარტიამ 12 მანდატი დაკარგა და მეორე ადგილი დაიკავა ევროპარლამენტის არჩევნებში, ისინი კვლავ ინარჩუნებენ ამბიციებს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობას უმიზნებენ. მათი კანდიდატურა არის ანტონიო კოსტა, რომელსაც პორტუგალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა 2015 წლიდან 2024 წლამდე. მან ამ პერიოდში შეძლო კოლეგების პატივისცემის მოპოვება საკუთარი პიროვნული თვისებების გამო და მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის ლიდერები დაუჭერენ მხარს მის კანდიდატურას.
რაც შეეხება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობას – ამ შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა წარმომავლობას. იმის გათვალისწინებით, რომ სამი უმაღლესი თანამდებობიდან ორს დიდი ალბათობით სამხრეთ და დასავლელ ევროპელი პოლიტიკოსები დაიკავებენ, ბლოკში ფიქრობენ, რომ უმაღლესი წარმომადგენლის პოსტი აღმოსავლეთ ევროპელს უნდა ერგოს.
4️⃣ Together with the @EUCouncil, the President-elect will adopt the list of proposed Members of the Commission, one from each EU country, including the High Representative for Foreign Affairs and Security Policy, who will also become a Vice-President of the Commission. pic.twitter.com/pgL1zdfsRX
— European Commission (@EU_Commission) June 17, 2024
ბოლო ორი წლის განმავლობაში კი ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი გახლდათ ევროკავშირის წამყვანი ლიდერი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან ომზე საპასუხოდ. იგი კრემლისთვის უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას ითხოვდა და მკაცრად აკრიტიკებდა იმ დასავლელ მოკავშირეებს, რომლებიც კიევს დაპირებულ საბრძოლო მხარდაჭერას არ ან ვერ აწვდიდნენ. ამ მიდგომის გამო იგი დღეს ფავორიტია.
ბლოკში იმედოვნებენ, რომ ლიდერები კონსენსუსს დროულად მიაღწევენ, თუმცა შესაძლებელია ყველაფერი 17 ივნისის არაფორმალურ სადილზე ვერ გადაწყდეს და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება 27 ივნისის ოფიციალურ სამიტამდე გადაიდოს.