წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია, თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობა, უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გზისა და გვირაბის მშენებლობა – აი, ამ პროექტების განხორციელება დაიწყო თბილისის მერიამ და დაიწყო, ერთდროულად. მოქალაქეთა ნაწილი რეაბილიტაციის დაწყებით კმაყოფილია, სხვები კი ეჭვობენ, რომ სამუშაოები შესაძლოა დათქმულ ვადაში არ დასრულდეს და ისეთივე პრობლემები შეიქმნას, როგორიც, მაგალითად, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისას იყო.
ქალაქის მერის განცხადებით, თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთაზე პანდუსის მოწყობა აგვისტოს ბოლოსთვის დასრულდება.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურულ ჩარევაა. ეს არის ახალი გზის თამარაშვილთან პანდუსებით დაკავშირება. გზა, რომელიც თამარაშვილს უერთდებოდა პრობლემური იყო. მანქანები, რომლებიც ახალი გზიდან მოდიოდნენ, წინააღმდეგობაში მოდიოდა ავტობუსებთან, გადაადგილება ჭირდა. ხშირად საცობი იქმნებოდა. აღნიშნული პანდუსი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ეს ყველაფერი დარეგულირდეს.
გარკვეული შეფერხებები, ცხადია, იქნება. თუმცა ეს იმიტომ კეთდება, რომ აღნიშნულ მონაკვეთებზე არსებული პრობლემები მოგვარდეს და მოწესრიგდეს“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
„პროექტის ვადა სამი თვეა. ეს პერიოდი სრულიად საკმარისია სამუშაოების შესასრულებლად, რადგან სამუშაოები კომპლექსურად მიმდინარეობს. ამჟამად სადემონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს და უკვე ფინიშს უახლოვდება. ამის შემდეგ უშუალოდ გზის საფუძვლის მოწყობის სამუშაოები დაიწყება“, – ამბობს სამშენებლო კომპანია „სმარტ სოლუშენის” წარმომადგენელი ლევან გიგლემიანი.
წყნეთის გზატკეცილის სარეაბილიტაციო არეალში კი, ამ ეტაპზე დაზიანებული მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება მიმდინარეობს. გზა ჩაკეტილია. ახლა სარეაბილიტაციო არეალში გადაადგილება მხოლოდ საშვითაა შესაძლებელი. მერიის წარმომადგენელთა ინფორმაციით, სარემონტო მონაკვეთზე გადაადგილებისთვის საშვი 5000-ამდე ადგილობრივ მცხოვრებზე გაიცა. ეს მოქალაქეები ამბობენ, რომ რეაბილიტაცია საჭიროა, თუმცა ინფორმაცია სამუშაოების ხანგრძლივობის თაობაზე, რომელიც ოთხ თვეს გულისხმობს, მათთვის ცნობილი სულ ახლახან გახდა.
„წყნეთის გზატკეცილზე ვცხოვრობ. ცხადია, რომ ამგვარი სამუშაოები გარკვეულ დისკომფორტს ქმნის. ეს არცთუ ახალი უბანია, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან განაშენიანდა. გასაგებია, რომ ინფრასტრუქტურა ვეღარ უძლებს ამდენ დატვირთვას და შესაბამისად, რადგან უკვე სწავლა დასრულებულია და მეტ-ნაკლებად ადამიანებიც გადიან ქალაქიდან, სამუშაოებისთვის ალბათ ოპტიმალური დროა. მთავარია, არ მოხდეს ის, რაც მოხდა ქალაქის სხვა უბნებში, მაგალითად, წერეთლის გამზირზე, სადაც სამუშაოები გახანგრძლივდა. ითქვა, რომ სამუშაოები ოქტომბრის დასაწყისისთვის დასრულდება. იმედია, ასე მოხდება. დისკომფორტი გვექმნება, რადგან შესაძლოა წყალი შეწყდეს, არ იყოს საკომუნიკაციო საშუალებები. გვიწევს ფეხით გადაადგილება. ამას თან ახლავს ხმაური და მტვერი, მაგრამ ეს სამუშაოები ქალაქისთვის ალბათ აუცილებელია“, – ამბობს ადგილობრივი მცხოვრები იმედა დვალიძე.
„კომუნიკაციები კიდევ დიდხანს გაძლებდა, მაგრამ ზემოთ უამრავი კორპუსი შენდება. ეს ქმნის პრობლემას. ზაფხულშიც, ზამთარშიც აქ წარმოუდგენელი მოძრაობაა… ოქტომბრის ბოლომდე ეს პრობლემები გარანტირებულად გვექნება. იმ მშენებლობებს რა ვუყოთ, თორემ ეს გასაგებია, რომ დროებითია“, – აღნიშნავს ლევან ბუჩუკური, ადგილობრივი მცხოვრები.
„იქ, სადაც იყო კერძო დასახლება და ორი კორპუსი იდგა, ლამის მეორე ქალაქი გაშენდა. ცხადია, კომუნიკაციები ალბათ გამოსაცვლელია. კარგი იქნებოდა, სამუშაოები ზაფხულში არ დაწყებულიყო. ზაფხულში უფრო დიდი დისკომფორტი იქმნება. მაგალითად, წყლის პრობლემის გამო… ვადები იყო მოულოდნელი. თავიდან ვიცოდით, რომ სამუშაოები ორი თვე გაგრძელდებოდა”, – ამბობს ადგილობრივი მცხოვრები ნინო ლაკუდაშვილი.
17 ივნისს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კიდევ ერთი პროექტის, უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზისა და გვირაბის მშენებლობის შესახებ განაცხადა. კახა კალაძის განცხადებით, სამუშაოები მიმდინარე კვირაში დაიწყება და 2025 წლის იანვრამდე გაგრძელდება. პროექტის განხორციელებისთვის დაახლოებით 12 000 000 ლარი დაიხარჯება.