მოლაპარაკებები იმის თაობაზე, თუ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ევროკავშირს ვინ უხელმძღვანელებს, ოფიციალურად 17 ივნისს დაიწყება.
მოლაპარაკებების შედეგად უნდა გადაწყდეს ევროკომისიის პრეზიდენტის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ვინაობა. ახალი პარლამენტის დაკომპლექტებისას ახალ ევროპარლამენტს ასევე მოუწევს დაიცვას გეოგრაფიული, გენდერული და პარტიული ბალანსი.
ევროკომისიის პრეზიდენტობის თანამდებობაზე ამჟამინდელი პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, იტალიელი პოლიტიკოსი მარიო დრაგი და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიტსოტაკისი განიხილებიან.
თუმცა, რადგან მოქმედი პრეზიდენტის პარტიამ პარლამენტში ყველაზე მეტი მანდატი მოიპოვა, დიდი ალბათობით პრეზიდენტი კვლავ ურსულა ფონ დერ ლაიენი გახდება.
„ევროკავშირი მონდომებული იქნება, გადაწყვეტილება მალე მიიღოს, რომ სტაბილურობა შეინარჩუნოს. ძალიან ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ დროში ვცხოვრობთ. ამერიკის შეერთებულ შტატებში შესაძლებელია კვლავ დონალდ ტრამპი გახდეს პრეზიდენტი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ევროკავშირს სურს, ახალი კომისია და დღის წესრიგი რაც შეიძლება მალე შექმნას”, – განაცხადა ევროპული პოლიტიკის კვლევების ცენტრის ანალიტიკოსმა სოფია რასაკმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მთავარი კანდიდატები პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანტონიო კოსტა და დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი არიან.
ანალიტიკოსებს განცხადებით, უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობას ლიბერალი პოლიტიკოსი დაიკავებს. ძირითადი კანდიდატები არიან ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი და ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე დე კროო.
ამ დროისთვის ფავორიტი ესტონეთის პრემიერ-მინისტრია, რომელიც რუსეთის მიმართ მკაცრ პოზიციას გამოხატავს.
„გადაწყვეტილების მიღებისას, ევროპარლამენტში ძალიან ბევრი რამ უნდა გაითვალისწინონ. მიმაჩნია, რომ რადგან კაია ქალია, ბალტიისპირეთიდანაა და კიდევ სხვა ძალიან ბევრ მოთხოვნას აკმაყოფილებს, ის ერთ-ერთი ფავორიტია”, – ამბობს სოფია რასაკი.
ხუთი წლის წინ მოლაპარაკებებს სამი დღე დასჭირდა. ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ წელს ეს პროცესი ბევრად უფრო სწრაფად დასრულდება.