სულ რამდენიმე საათი რჩება მანამ, სანამ დორტმუნდში „BVB არენა“ საქართველოს დროშებით გაივსება. 24 საათზე ნაკლებია დარჩენილი საქართველოს ეროვნული ნაკრების სადებიუტო მატჩამდე, რომელსაც თურქეთის წინააღმდეგ გამართავს ევროპის ჩემპიონატზე. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეები და ეროვნული ნაკრების სხვა გულშემატკივრები 26 მარტიდან ელოდებიან, სწორედ ამ დღეს გადაწყდა, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებდა. სწორედ ამ დღეს დაიწერა ისტორია. ახლა ქვეყნის ეროვნული ნაკრების წევრებისა და გულშემატკივრების საერთო მიზანი რაც შეიძლება მეტი მატჩის მოგებაა. ფეხბურთელები ამბობენ, რომ ზღაპრის ბოლო კეთილია, ამის იმედი აქვთ გულშემატკივრებსაც…
ისტორია უკვე დაიწერა, 26 მარტს, თბილისში.. ამ დღიდან ზუსტად 83-ჯერ გათენდა და 83-ჯერვე დაღამდა, თუმცა როგორც საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები ამბობენ, ასეთი დღეები საქართველოს აქამდე არასოდეს ჰქონია. საქართველო ევროპაზეა და ახლა ძალიან ცოტა დრო რჩება მანამ, სანამ გავიგებთ, როგორ განვითარდება საქართველოს ამბავი ევროპის ჩემპიონატზე.
ახლა დორტმუნდის ქუჩებში საქართველოს ნაკრების უამრავი გულშემატკივარია. ისინიც ფეხბურთელების მსგავსად მატჩისთვის მთელი შემართებით ემზადებიან, ცოტას ნერვიულობენ და ამბობენ, რომ ერთად დგომით ყველაფერი აუცილებლად გამოვა.
„ხვალ საქართველოს ნაკრები პირველ ოფიციალურ მატჩს ჩაატარებს ევროპის ჩემპიონატზე. ქალაქ დორტმუნდში ვართ ახლა და გეტყვით, რომ ქართველი გულშემატკივრები ნელ-ნელა გროვდებიან. მოწყობილი გვაქვს გულშემატკივრების საელჩო, გულშემატკივრების მაღაზია, სადაც ევროპის ჩემპიონატის სხვადასხვა აქსესუარის შეძენაა შესაძლებელი“, – ამბობს არჩილ ართმელაძე, საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივარი.
„ძალიან სხვანაირი გრძნობაა, როცა შენი ქვეყნის ნაკრები თამაშობს ევროპის ჩემპიონატზე. მნიშვნელოვანია, როცა ქალაქში დადიხარ და სხვადასხვა ქვეყნის გულშემატკივრებთან ერთად საქართველოს დროშებს ხედავ და ხედავ გულშემატკივრებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორმებში. რაღაც დიდის მოლოდინი გვაქვს და იმედია, ხვალ გამართლდება ეს დიდი მოლოდინი“, – ამბობს გოჩა თანდარაშვილი, საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივარი.
საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები ერთმანეთს, ძირითადად, სოციალური ქსელის დახმარებით უკავშირდებიან. ბოლო 3 თვის განმავლობაში შეიქმნა არაერთი ჯგუფი, რომელიც ქართველ გულშემატკივარს აერთიანებს. Euro2024 – რა, როდის, როგორ – ასე ჰქვია ერთ-ერთ ჯგუფს, რომელიც ათასობით წევრს აერთიანებს და ისინი ერთმანეთს როგორც ოჯახის წევრები, ისე ეხმარებიან…
„მასპინძლები, სტუმრები – ნაკრების მაისურები თუ ვინმეს უნდა, ერთმანეთისთვის მოაქვთ, ვის რამდენი ადგილიც აქვს ბარგში იმის მიხედვით. ოჯახური გარემო შეიქმნა“, – ამბობს თეა ბოჭორიშვილი, საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივარი.
რას ეუბნებიან გულშემატკივრები საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მატჩამდე ერთი დღით ადრე.
„მინდა ვუთხრა, რომ მთელი საქართველო მათ გვერდით ვართ!“
„ვთამაშობთ მეთორმეტე მოთამაშის როლს. ბრძოლა ბოლო წუთამდე!“
„აი, როცა ყველაზე მეტად გაუჭირდებათ, როცა ძალას დაკარგავენ და იგრძნობენ, რომ რაღაც არ შეუძლიათ, აი, მაშინ შეიგრძნონ ჩვენი ძალა“, – ამბობენ საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები.