ნატოს თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში შეიკრიბნენ, რათა უკრაინის გრძელვადიანი დახმარების ახალ გეგმასა და სამხედრო წვრთნების უზრუნველყოფაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრას წინ უსწრებდა უნგრეთის პირობა, რომ ვეტოს არ დაადებს რეზოლუციას და არც შეუერთდება.
ალიანსის თავდაცვის მინისტრები ორი დღის განმავლობაში შეხვედრებს გამართავენ ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში და იმსჯელებენ, თუ როგორ დაეხმარონ უკრაინას უფრო სწრაფად და უფრო ეფექტურად.
„ლატვიამ უკრაინას გადასცა მოკლე დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემები. თუმცა, რა თქმა უნდა, როდესაც ვსაუბრობთ საჰაერო თავდაცვაზე, საჭიროა უფრო დახვეწილი საშუალო ან შორ მანძილზე საჰაერო თავდაცვის სისტემებზე. ასე რომ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, გარკვეულწილად არის ამ სისტემების დეფიციტი“,-განაცხადა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ანდრის სპრუდსმა.
ბრძოლის ველზე საჰაერო თავდაცვის სისტემების მნიშვნელობაზე ასევე ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა.
ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინისთვის დამატებით 6 მილიარდიან დახმარების პაკეტს გამოყოფს, რომელიც მოიცავს პეტრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და ჭურვებს.
„ჩვენი შეკრების პარალელურად, უკრაინის შეიარაღებული ძალები მძიმე ბრძოლაში არიან ჩართულები. კრემლი აგრძელებს უკრაინის ქალაქების და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას ხარკოვში და სხვაგან. უკრაინას თავდასაცავად მეტი საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები სასწრაფოდ სჭირდება“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
დღევანდელი შეხვედრის თავმჯდომარე და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ყველაზე მეტად პროგნოზირებადი დახმარება ესაჭიროება.
„მთელი იდეა არის ხარვეზებისა და შეფერხებების რისკის მინიმუმამდე შემცირება. წლის დასაწყისში ჩვენ ვნახეთ, როგორ აისახება დახმარების მიწოდების დაგვიანება ბრძოლის ველზე. ამიტომ უკრაინას სჭირდება მხარდაჭერის მიწოდების პროგნოზირებადობა, მათ სჭირდებათ გრძელვადიანი ვალდებულებები და ჩვენ გვჭირდება მეტი ანგარიშვალდებულების აღება”, -განაცხადა სტოლტენბერგმა
2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უკრაინის დასავლელი პარტნიორები რეგულარულად იკრიბებოდნენ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ფორმატში.
მიუხედავად იმისა, რომ ამ შეხვედრებმა უკრაინას მნიშვნელოვანი დახმარება გამოუყო, ისინი არაპროგნოზირებადი ხასიათის იყო. იენს სტოლტენბერგი გრძელვადიანი გეგმის შემუშავების მთავარი მხარდამჭერია.
გეგმა მდგომარეობს იმაში, რომ ალიანსმა სამხედრო დახმარების და წვრთნების პროცესს კოორდინაცია გაუწიოს, ნაწილობრივ ნატოს სამეთაურო სტრუქტურის და მისი საერთო ბიუჯეტიდან თანხების გამოყენებით.
ბრიუსელის თავდაცვის მინისტერიალი ერთგვარი მოსამზადებელი შეხვედრაა ვაშინგტონის ნატოს სამიტამდე, რომელიც 9 ივლისს დაიწყება.
სწორედ, ვაშინგტონის სამიტის ფარგლებში ნატოს ლიდერები სავარაუდოდ, უკრაინის გრძელვადიანი დახმარების გეგმას წარადგენენ.