მთავარიევროპაუკრაინარუსული საოკუპაციო ძალები განაგრძობენ უკრაინის ენერგეტიკული ობიექტების განადგურებას

რუსული საოკუპაციო ძალები განაგრძობენ უკრაინის ენერგეტიკული ობიექტების განადგურებას

რუსული საოკუპაციო ძალები კვლავ ანადგურებენ უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებს. ოკუპანტებს იერიშები მიაქვთ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ქვეყნის მასშტაბით სულ უფრო ხშირად წყდება ელექტროენერგიის მიწოდება. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსების თავდასხმების შედეგად ცხრა გიგავატის სიმძლავრის ენერგოობიექტები განადგურდა. ამ ფონზე უკრაინის ლიდერი მოკავშირეებისგან უფრო მეტ საჰაერო თავდაცვის საშუალებას მოითხოვს იმისთვის, რომ ქვეყანა მზად იყოს მსგავსი იერიშების მოსაგერიებლად.

უკრაინის ენერგეტიკულ ქსელზე რუსული ძალების მიერ მუდმივი იერიშების გამო ქვეყანა კიდევ ერთხელ მოიცვა სიბნელემ. დედაქალაქ კიევში ისმის გენერატორების ხმა, რომლებიც ძირითადად კერძო მესაკუთრეებსა და ბიზნესის მფლობელებს უზრუნველყოფენ ელექტროენერგიით. ერთ-ერთი მაღაზიის მენეჯერი კატერინა ბარანიუკი ამბობს, რომ იგი ზამთრიდან მოყოლებული ემზადებოდა, რომ მისი მაღაზია მსგავსი შემთხვევების დროს არ დაკეტილიყო. როგორც კი ელექტროენერგია ითიშება, მაშინვე გენერატორს რთავენ, მათ ასევე აქვთ დამტენი საშუალებები. შესაბამისად, მხოლოდ 5-წუთიანი შეფერხება აქვთ.

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსების თავდასხმების შედეგად ცხრა გიგავატის გამომუშავების სიმძლავრეები განადგურდა. ჰიდროელექტროობიექტების დაზიანებამ მოქალაქეები და ბიზნესებიც დააზარალა.

ერთ-ერთი კაფეს მფლობელი ოლექსანდრ სოლოვეი ამბობს, რომ მნიშვნელოვნადაა შემცირებული მომხმარებელთა რაოდენობა. მათ ჯერ არ შეუძენიათ გენერატორი, შესაბამისად, ხშირად არ აქვთ ელექტროენერგია. რომც შეიძინონ, ეს მხოლოდ დამატებითი ხარჯი იქნება ამ უბრალო, ყოველდღიურ საქმეში. ამიტომ მათ აკუმულატორის მეშვეობით შექმნეს ინტერნეტის უწყვეტი წყარო. ასე ხალხი მაინც მოდის და მუშაობს. ერთადერთი ისაა, რომ მომხმარებელს ვერ სთავაზობენ სასმელებისა და პროდუქტების სრულ ასორტიმენტს.

ამ ყველაფრის ფონზე უკრაინის ლიდერი კვლავ მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს, ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდასხმების მოსაგერიებლად ქვეყანას გადასცენ საჰაერო თავდაცვის სისტემები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend