მთავარისაქართველო„რამდენჯერმე ვისწავლე, მაგრამ...“ - პროფესია და დასაქმება

„რამდენჯერმე ვისწავლე, მაგრამ…“ – პროფესია და დასაქმება

„მომიწია რამდენჯერმე მესწავლა, რათა მემუშავა“ – ნიკა გუჯაბიძე უკვე სამი წელია მებაღეა, თუმცა მანამდე მან რამდენიმე პროფესიის დაუფლება სცადა. დიპლომების მიუხედავად, მაინც ვერსად მოახერხა დასაქმება.

ყველაზე მეტად, მაინც მებაღეობა მოსწონდა, ამიტომ გადაწყვიტა პროფესიულად შეესწავლა ეს სფეროც.

„მე პროფესიული განათლების მიღება იმიტომ გადავწყვიტე, რომ მოკლე დროში შეიძლება მიიღო განათლება და მალევე აისრულო შენი ოცნებები და დაიწყო შენი პროფესიით მუშაობა… სწავლის დასრულების შემდეგ, როცა ცდილობ შენი პროფესიით დასაქმდე, სამწუხაროდ, რამდენიმე პრობლემას აწყდები – ზოგან დაბალია ანაზღაურება, ან გრაფიკია ცუდი. ასევე პრობლემაა ისიც, რომ რადგან უმაღლესი განათლების მქონე პირებიც ეძებენ სამსახურებს, რთულია მათთვის კონკურენციის გაწევა“, – ამბობს ნიკა გუჯაბიძე.

ნიკას მსგავსად საქართველოში პროფესიულ განათლებას ყოველწლიურად ათიათასობით ახალგაზრდა იღებს. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე პაატა შავიშვილი ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს თვლის: „2023 წლის ბოლოსთვის ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობამ 15 500 შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 10%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით 35%-ით მეტია. შესაბამისად, ზრდის ტენდენციით ხასიათდება… ყველაზე დიდი წილი ჩარიცხული სტუდენტებისა მოდის ინჟინერიაზე, წარმოებასა და მშენებლობაზე – დაახლოებით 23%-ია მთლიანი ჩარიცხვებისა. შემდეგი არის ბიზნესი და ადმინისტრირება, ასევე მომსახურების პროგრამა. სწორედ ამ სამ პროგრამაზე მოდის დაახლოებით 50% ჩარიცხული სტუდენტებისა“.

თუმცა მათი ნაწილი თავისი პროფესიით ვერ საქმდება, რადგან ხშირად კონკურენციის გაწევა უმაღლესი განათლების მქონე პირებთან უწევთ.

„სამწუხაროდ, დასაქმების თვალსაზრისით პროფესიული განათლების მქონე პირების დასაქმების მაჩვენებელი ჩამორჩება უმაღლესი განათლების მქონე ადამიანებისას, მათ შორის სხვაობა დაახლოებით 15%-ია… სადაც ხდება გადაკვეთა პროფესიულსა და უმაღლესი განათლების მქონე პირებს შორის, დამსაქმებლები ხშირად უპირატესობას ანიჭებენ უმაღლესი განათლების მქონე პირებს. ამიტომაც, ეს პროგრამები მკაფიოდ უნდა იმიჯნებოდეს“, – ამბობს გიორგი ჭანტურიძე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ეკონომიკური ანალიტიკოსი.

პროფესიული უნარების სააგენტოში ამბობენ, რომ ახალგაზრდებმა საკუთარ შესაძლებლობებთან ერთად შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნებიც უნდა გაითვალისწინონ და ეცადონ მოთხოვნად პროფესიებს დაეუფლონ.

„ვერ ვიტყოდი, რომ ახალგაზრდებს [დასაქმება] უჭირთ, რადგან დასაქმების საერთო მაჩვენებელი 80%-ამდე გვაქვს…ძალიან პოპულარული და დასაქმებადია სასტუმრო-სარესტორნო და კვების მიმართულების პროფესიები, ასევე IT , საგანმანათლებლო და ჯანდაცვის მიმართულების სფეროებიც“, – ამბობს ირინე მარგიშვილი, პროფესიული უნარების სააგენტოს ხელმძღვანელი.

არჩეული პროფესიით დასაქმება ბევრ ახალგაზრდას უჭირს. თუმცა პროფესიონალების რჩევით, გამოსავალი აქ ის არის, რომ სტუდენტმა შრომის ბაზარზე მოთხოვნადი სფერო აარჩიოს და საკუთარ უნარებს მოარგოს…

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend