„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” 2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში, დაღუპული დავით გაბიტაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა.
საჩივარში ხაზგასმულია, რომ სტიქიის დროს სახელმწიფომ გამოიჩინა დაუდევრობა, ერთი მხრივ, ვერ დაიცვა მოსახლეობა სტიქიური უბედურებისგან, როგორც რისკების წინასწარი მონიტორინგით, ისე საზოგადოების დროული გაფრთხილებით. მეორე მხრივ, სახელმწიფომ არ ჩაატარა სათანადო ღონისძიებები სტიქიის დამანგრეველი შედეგების შესამცირებლად, რაც საგანგებო სიტუაციის არასათანადოდ მართვაში გამოიხატა. საიას განცხადებაში წერია, რომ მიუხედავად იმისა, რომ შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუტებს საქართველოს კანონმდებლობით ევალებოდათ ეფექტიანი და დროული ნაბიჯების გადადგმა, მათი მხრიდან ვალდებულებების უგულებელყოფამ და კოორდინაციის არარსებობამ დავით გაბიტაშვილის გარდაცვალება გამოიწვია.
საია გარდაცვლილი დავით გაბიტაშვილის ოჯახის ინტერესებს ეროვნული სასამართლოების წინაშე 9 წლის განმავლობაში იცავდა. ეროვნულ დონეზე მიღებული გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, დავით გაბიტაშვილის გარდაცვალების მიზეზად მხოლოდ შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გზების არგადაკეტვა დასახელდა, რაც საკითხის არასრულყოფილ და არასათანადო შესწავლას წარმოადგენს. საიას განცხადებით, ეროვნულმა სასამართლოებმა სათანადოდ არ შეაფასეს ყველა იმ უწყების უმოქმედობა, რომელთა ვალდებულებასაც წარმოადგენს სტიქიის შედეგების პრევენცია და მასზე სათანადო რეაგირება. ამდენად, მხოლოდ ხსენებულ უწყებას დაეკისრა ოჯახისთვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.
საია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 13 ივნისის განვითარებული მოვლენებიდან 9 წლის შემდეგ გამოძიებას რაიმე კონკრეტული შედეგისთვის დღემდე არ მიუღწევია, რაც მის არაეფექტიანობას უსვამს ხაზს. მათივე თქმით, გარდაცვლილი დავით გაბიტაშვილის ოჯახის წევრებს დღემდე არ აქვთ მინიჭებული დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი და არაერთი მოთხოვნის მიუხედავად ვერ მიიღეს ინფორმაცია მიმდინარე გამოძიების შესახებ.
საიას განცხადებაში წერია, რომ ვინაიდან ეროვნულ დონეზე არასათანადოდ შეფასდა 2015 წლის 13-14 ივნისის მოვლენები და არ დადგინდა ყველა უწყების (მათ შორის, გარემოს ეროვნული სააგენტოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის) პასუხისმგებლობა, ხოლო გამოძიება დღემდე არაეფექტიანად მიმდინარეობს, საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) მუხლის დარღვევის დადგენის მოთხოვნით მიმართა.
საიაში თვლიან, რომ ეს შემთხვევა წარმოადგენს იმის ნათელ მაგალითს, თუ როგორი დაუცველები რჩებიან ადამიანები სტიქიური მოვლენების პირისპირ, რასაც სახელმწიფოს მხრიდან გააზრებული, სისტემური ღონისძიებებისა და რეფორმების გაუტარებლობა განაპირობებს. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ 2015 წლის 13 ივნისიდან დღემდე ქვეყანას არ გააჩნია სათანადო მექანიზმები სტიქიასთან საბრძოლველად, რისი ნათელი დადასტურებაც 2023 წლის ზაფხულში რაჭასა და გურიაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებია.