მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის საჰაერო თავდაცვა და საერთაშორისო მხარდაჭერა

უკრაინის საჰაერო თავდაცვა და საერთაშორისო მხარდაჭერა

„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” მონაცემებით, დასავლელი მოკავშირეები განსაკუთრებით გააქტიურდნენ. მთავარი აქცენტი კი უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უკავშირდება. როგორც კვლევითი ორგანიზაცია წერს, კიევს ახლო მოქმედების საჰაერო თავდაცვის საშუალება მისტრალს ესტონეთიც მიაწვდის. „ნიუ-იორკ ტაიმზზე“ დაყრდნობით კი „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი” წერს, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინისთვის მორიგი, „პატრიოტის“ სისტემის გადაცემა დაადასტურა. საჰაერო თავდაცვის ეს სისტემები რუსეთთან თავდაცვით ომში ჩაბმულ ქვეყანას მალე მიაწვდიან და რამდენიმე დღეში უკვე ფრონტის ხაზთან განლაგდება.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიაში ის სამხედრო ბაზა მოინახულა, სადაც უკრაინელი სამხედროები სწორედ პატრიოტის სისტემის შეიარაღების გამოყენებას სწავლობენ. გერმანია უკრაინისთვის შეიარაღების მეორე უდიდესი მიმწოდებელია.

ფრონტის ხაზზე კი საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინას კრიტიკულად ესაჭიროება. დასავლური შეიარაღების აქტიური გამოყენების შედეგად რუსული საოკუპაციო არმია წინ აქტიურად ვეღარ მიიწევს. როგორც „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” ანგარიშშია აღნიშნული, უკრაინელმა სამხედროებმა ხარკივის ჩრდილოეთით, დასახლება ლიპცის მიმართულებით დაკარგული პოზიციები დაიბრუნეს. უკრაინელების კონტრშეტევაზე საუბრობენ რუსი სამხედრო ბლოგერებიც. აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ვოვჩანსკში – ხარკივის ჩრდილო-აღმოსავლეთით… ფრონტზე არსებული ვითარება მიმოიხილა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ.

„მოწინააღმდეგე აგრძელებს სხვადასხვა ინტენსივობის შეტევით ოპერაციებს ფრონტის სხვადასხვა უბანზე. განსაკუთრებული მობილიზებაა დონეცკის ფლანგზე, სადაც მტერმა 8 ბრიგადის დონის შემტევ დანაყოფებს მოუყარა თავი. გრძელდება საბრძოლო დაპირისპირება ჩასივ იარის, კლიშჩიივკის, მიმართულებით. თუმცა ჩვენი თავდაცვის ზღუდე მედგარ წინააღმდეგობას უწევს. ხარკივის მიმართულებით მოწინააღმდეგე უშედეგოდ ცდილობს უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში შემოჭრას იმ მიზნით, რომ შექმნას ე.წ. უსაფრთხოების ზოლი“, – აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის განცხადებაში.

უკრაინაში კვლავ საუბრობენ, რომ ფრონტზე წარმატება ვერ მიიღწევა ეფექტიანი საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე. ამასობაში მოახლოვდა „დიდი შვიდეულის სამიტი“, რომელიც 13-15 ივნისს იტალიაშია დაგეგმილი. დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის მხარდაჭერა რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხია, ამას თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიც აცხადებს.

„პირველ რიგში ჩვენ გაყინული რუსული აქტივების განბლოკვას მოვახდენთ იმ მიზნით, რომ დავეხმაროთ უკრაინას იმ ზარალის ლიკვიდირებაში, რაც პუტინის არმიამ მიაყენა. ხუთშაბათს პრეზიდენტი ზელენსკი და პრეზიდენტი ბაიდენი უკრაინის მხარდაჭერის საკითხს განიხილავენ. ბოლო ორი წლის განმავლობაში პუტინის წინააღმდეგ სხვადასხვა სანქცია გამოვიყენეთ, მათ შორის, უმკაცრესი სანქციების ნაკრები, რომელიც მიმართულია ექსპორტის კონტროლზე იმისთვის, რომ შეგვეზღუდა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები პუტინის ომის მანქანისთვის. ამ კვირაში ჩვენ სანქციების ახალი პაკეტის შესახებ განვაცხადებთ“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.

ცნობილია ახალი სანქციების სამიზნეც… როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, ეს ქმედებები მიემართება იმ ორგანიზაციებსა და ქსელებს, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს ომის საჭიროებების შესასყიდად. დასავლეთში ელოდებიან, რომ სანქციები რუსეთის სამხედრო მრეწველობის დახმარების პროცესს მნიშვნელოვნად გაართულებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend