მოძრაობამ „ქართული კინო საფრთხეშია“ პროტესტის ერთი წლის თავზე კინოცენტრთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, დღეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაკარგვის საფრთხის წინაშეა ქვეყანა. მათ თქვეს, რომ ერთი წლის წინ ისინი თვლიდნენ, რომ ქართული კინო იყო საფრთხეში, თუმცა დღეს მათი თქმით, უკვე მთელი საქართველოა საფრთხეში. აქციის მონაწილეებს მოტანილი ჰქონდათ სასტვენები და ბანერები შესაბამისი წარწერებით, ასევე ისმოდა მუსიკა.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, 2023 წლის 12 ივნისს ქართველი კინემატოგრაფისტების დიდმა ნაწილმა დაიწყო აქტიური წინააღმდეგობა კინოცენტრში მიმდინარე მოვლენების გასაპროტესტებლად, ეს იყო ბუნდოვანი რეორგანიზაცია, თანამშრომლების უკანონოდ გათავისუფლება, პოლიტიკური ნიშნით კონკრეტული ფილმების კინოთეატრის ეკრანებიდან მოხსნა, ცენზურის დამკვიდრება, ინსტიტუციის ჩამოშლა და სხვა.
დღემდე 450-ზე მეტი კინემატოგრაფისტი ბოიკოტს უცხადებს კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის პოლიტიკას და ისინი არ აპირებენ ითანამშრომლონ ისეთ ინსტიტუციასთან, რომელსაც როგორც ისინი ამბობენ, მართავენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მხარდამჭერები, რომლებიც მათივე თქმით, საფრთხის ქვეშ აყენებენ ქვეყნის სახელმწიფოებრიობას.