გერმანიაში ევროპის ჩემპიონატის მოახლოებასთან ერთად იზრდება ფეხბურთის ქომაგებს შორის დაპირისპირებაც. გერმანიაში სხვადასხვა გუნდის გულშემატკივრებს შორის დაწყებული ჩხუბის დროს დაშავდა ათობით ადამიანი.
ძალადობის ზრდის საპასუხოდ, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გერმანიაში გაძლიერდა უსაფრთხოების ნორმები, რათა 24 ქვეყნის ასობით ათასი გულშემატკივარი უსაფრთხოდ იყოს.
ევროპის ჩემპიონატისთვის გერმანიის პოლიციას სრული მობილიზება აქვს გამოცხადებული, სამართალდამცველებს სპეციალური ტრენინგებიც უტარდებათ.
„არ შეიძლება, სპორტი მსოფლიო პოლიტიკური მოვლენებისგან დამოუკიდებლად, ცალკე იზოლირებულად განიხილებოდეს. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ პოლიტიკურად მოტივირებული კონფლიქტებისთვის, რადგან მსგავსი რამ შეიძლება ძალიან სწრაფად განვითარდეს. ჩვენ, პოლიცია, ვცდილობთ მაქსიმალურად მოვემზადოთ ამისთვის. ფეხბურთის გულშემატკივრებს შემიძლია ვუთხრა, რომ მათ ჩამოსვლას მივესალმებით. სახელმწიფო და ფედერალური პოლიცია ევრო 2024-ის დასაწყებად ყველაფერს აკეთებენ“, – განაცხადა თიურინგიის პოლიციის სპიკერმა, კარსტენ ტეშნერი.
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ჩემპიონატის მიმდინარეობისას ყოველდღიურად დაახლოებით 22 000 პოლიციელი იქნება მობილიზებული.
„უსაფრთხოების ყველა ორგანო ნებისმიერი საფრთხისთვის ემზადება. განსაკუთრებით ყურადღებას ვაქცევთ ისლამისტური ტერორისტული ჯგუფებისგან მომდინარე საშიშროებას, ხულიგნობის, ასევე ძალადობის სხვა შემთხვევებსა და კიბერუსაფრთხოებას. სადაც ბევრი ხალხი იქნება, პოლიციაც იქ იქნება მობილიზებული. ეს დიდ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა ჩემპიონატის მშვიდობიანად ჩასატარებლად ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა.
ევრო 2024, რომელიც 10 სხვადასხვა ქალაქში გაიმართება, 14 ივნისს დაიწყება და 1 თვე გაგრძელდება.