მთავარისაქართველორა გავლენა ექნება ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებს საქართველოზე - ქართველი პოლიტიკოსების მოლოდინები

რა გავლენა ექნება ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებს საქართველოზე – ქართველი პოლიტიკოსების მოლოდინები

ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები, რამაც შემდეგი 5 წელი ევროკავშირის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა და ევროპელების ცხოვრება უნდა განსაზღვროს, არ დარჩენილა ქართველი პოლიტიკოსების შეფასების მიღმა. „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ ოპოზიციის ბრალდებების მიუხედავად, მათ განსაკუთრებული მოლოდინები არ ჰქონიათ ამ არჩევნების მიმართ, თუმცა შედეგები საყურადღებოა. მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ევროპელებმა უარი უთხრეს ომსა და გაურკვევლობას, რაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკასთან თანხვედრაშია. თუ რა გავლენა ექნება საქართველოსთან დაკავშირებით ამ არჩევნების შედეგებს, ამაზე მმართველ გუნდში ნაკლებად საუბრობენ.

„რატომ წამოიწყო საქართველოში ოპოზიციამ ხმამაღლა საუბარი და კამპანია იმაზე, რომ თითქოს ჩვენს რაღაც განსაკუთრებული მოლოდინი და პრეფერენციები გვქონდა ამ არჩევნებიდან? იმიტომ, რომ მათ უნდათ, გადაფარონ დისკუსია იმ რეალურ საკითხებზე, რომლებიც თან უნდა ახლდეს ევროპარლამენტის არჩევნებს. საქართველოს ხელისუფლებაც ბოლო წლების განმავლობაში რასაც თავის მოქალაქეებს ეუბნებოდა, ზუსტად იმ პოლიტიკამ გაიმარჯვა ევროკავშირშიც. ევროპულმა საზოგადოებამ მხარი დაუჭირა მშვიდობის დაცვას, სუვერენიტეტის გაძლიერებასა და უნივერსალური ღირებულებების დაცვას. ეს არის ის, რაც ევროპას უფრო აძლიერებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ „ქართულ ოცნებას“ არალიბერალური ძალების წამყვან ადგილებზე გასვლის იმედი ჰქონდა. თუმცა მათივე შეფასებით, მმართველ პარტიას ეს მოლოდინები არ გაუმართლდა. ოპოზიციონერები ამბობენ, რომ ზოგად ევროპულ პოლიტიკაში ამ არჩევნების შედეგად ფაქტობრივად არაფერი შეცვლილა და ევროპული პოლიტიკა იგივე იქნება, რაც აქამდე იყო – მეტი დახმარება უკრაინას მშვიდობისა და აღდგენისთვის და ევროკავშირის გაფართოების უცვლელი პოლიტიკა.

„საბოლოო ჯამში, ევროპარლამენტის პოლიტიკა და კონფიგურაცია არ შეცვლილა. ევროპული პოლიტიკა კვლავ ისეთი დარჩა როგორიც არის. ძალიან მეცინება ხოლმე… „ოცნებას“ ახლა მთავარი საერთაშორისო ანალიტიკოსი ზარქუა ჰყავს, ხომ? ძალიან ღიმილისმომგვრელია. “ოცნებას” ვურჩევდი, რომ შეეშვას საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტობანას თამაშს. ევროპული პოლიტიკა არ შეცვლილა, კონფიგურაცია იგივეა. EPP [“ევროპის სახალხო პარტია“] კვლავ არის ყველაზე დიდი ზომის პარტია, სოცდეკები [სოციალისტებისა“ და „დემოკრატების“ (S&D)ბლოკი] კვლავ მეორე ადგილზე არიან. ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორბანის პარტიამ წააგო. საბოლოო ჯამში, „ქართულ ოცნებას” კვლავ „გლობალური ომის პარტიასთან” მოუწევს ურთიერთობა”, – განაცხადა პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ დეპუტატმა აბა ბუჩუკურმა.

გამოცემა „პოლიტიკოს” ინფორმაციით, ევროპარლამენტის 2024 წლის არჩევნებით პირველ ადგილზე, 186 მანდატით, EPP  – „ევროპის სახალხო პარტია“ გავიდა. 135 დეპუტატი ეყოლება სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, მესამე ადგილზეა ლიბერალური პარტია „ევროპული განახლება“, რომელმაც 79 მანდატი მიიღო. 720 დეპუტატიდან კი 100 დამოუკიდებელი იქნება.

ჯერ უცნობია, რა კონფიგურაციით დაკომპლექტდება უმრავლესობა და რა გავლენა ექნება ქართულ პოლიტიკაზე ახალ ევროპულ პარლამენტს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend