საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი დოლარი გაყიდა. თავად ცენტრალური ბანკი წერს, რომ ბაზარზე მსხვილი მოცულობის გარიგებებს ჰქონდა ადგილი და 60 მილიონი დოლარის გაყიდვით ეროვნული ბანკი ეცადა, შეემცირებინა ამ ტრანზაქციების ეფექტი ვალუტის კურსზე.
ეს 2024 წლის რიგით მესამე სავალუტო ინტერვენციაა. ჯამში ეროვნულმა ბანკმა წელს 168 მილიონ 700 ათასი დოლარი გაყიდა. ეროვნული ბანკის დღევანდელი კურსით, რომელიც ხვალ იმოქმედებს, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.86 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.84 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.07 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.05 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარი კვლავ გაუფასურდა როგორც დოლართან, ასევე ევროსთან მიმართებით.
ლარის გაუფასურებასა და ეროვნული ბანკის ინტერვენციებზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ეკონომისტმა ვასილ რევიშვილმა ისაუბრა.