საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსოფლიო ლიდერებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს უკრაინის აღდგენის კონფერენციაში, რომელიც 11-12 ივნისს ბერლინში გაიმართება.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ღონისძიების მთავარი მიზანია, უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციის, რეფორმებისა და მოდერნიზაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება. ღონისძიება ოთხ თემატურ მიმართულებაზე იქნება ფოკუსირებული, ესენია: კერძო სექტორის მობილიზება აღდგენისა და ეკონომიკური ზრდისთვის; სოციალური აღდგენა და ადამიანური კაპიტალი უკრაინის მომავლისთვის; მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების აღდგენა და ევროკავშირში გაწევრება და მასთან დაკავშირებული რეფორმები. კონფერენციის ფარგლებში ასევე განიხილება მაკროეკონომიკური სტაბილურობა, მდგრადობა და უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა, განათლება და სხვა.