უკანასკნელ 10 წელიწადში პირველად ინდოეთის სახალხო პარტიამ მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საჭირო 272 მანდატის მოპოვება ვერ შეძლო, თუმცა პარტიის ირგვლივ გაერთიანებულმა ალიანსმა სულ 293 მანდატი მიიღო. შესაბამისად, ნარენდრა მოდი ქვეყანას მესამე ვადით უხელმძღვანელებს.
მოდიმ ფიცი ნიუ-დელიში, ინდოეთის პრეზიდენტის სასახლეში დადო.
73 წლის პოპულარული, მაგრამ პოლარიზებული ლიდერი ინდოეთის მეორე პრემიერ-მინისტრია ჯავაჰარლალ ნერუს შემდეგ, რომელმაც ძალაუფლება მესამედ ხუთწლიანი ვადით შეინარჩუნა.
მისმა ინდუისტურმა ნაციონალისტურმა პარტიამ „ბჰარატია ჯანატამ“, რომელმაც 2014 და 2019 წლებში დიდი შედეგებით გაიმარჯვა, ბოლო ნაციონალურ არჩევნებზე ვერ მოიპოვა უმრავლესობა დამოუკიდებლად სამართავად. თუმცა მოდის ეროვნულ-დემოკრატიულმა ალიანსმა კოალიციამ მთავრობის ფორმირებისთვის საკმარისი ადგილი მიიღო.
მოდის კოალიციური მთავრობა ახლა დიდწილად დამოკიდებულია ორ მთავარ რეგიონულ მოკავშირეზე.
2019 წელს გამართულ საყოველთაო არჩევნებში პრემიერ ნარენდრა მოდის პარტიამ 353 მანდატი მოიპოვა. ინდოეთის პარლამენტის ქვედა პალატაში ჯამში 543 ადგილია, შედეგად, გამარჯვებულ პარტიას ან კოალიციას მთავრობის ჩამოსაყალიბებლად სულ მცირე 272 მანდატის მიღება სჭირდება.
შედეგად, თავის მოკავშირეებთან ერთად პარტია 543-დან 280 მანდატის მიღებას შეძლებს – უფრო ნაკლების, ვიდრე ბოლო შემადგენლობით ჰქონდა. შედეგები გააუმჯობესა ოპოზიციურმა ალიანსმა, რომელმაც წლევანდელი არჩევნებით სულ მცირე 230 მანდატის მოპოვება შეძლო. ინდოეთში საპარლამენტო არჩევნები 6 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. არჩევნებში მონაწილეობისთვის 968 მილიონზე მეტი ადამიანი იყო რეგისტრირებული, აქტივობამ კი 66.33% შეადგინა.