მთავარიმსოფლიოკავკასიადემონსტრანტებმა სომხეთის პარლამენტის წინ კარვები გაშალეს

დემონსტრანტებმა სომხეთის პარლამენტის წინ კარვები გაშალეს

მოძრაობის „ტავუში სამშობლოსთვის“ დამფუძნებელი და სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ტავუშის ეპარქიის წინამძღვარი ბაგრატ გალსტანიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვს და ოთხდღიან საპროტესტო აქციებს აანონსებს. მან საპარლამენტო ფრაქციებს მთავრობის დათხოვნისკენ უკვე მოუწოდა. გუშინ ერევანში გაიმართა მრავალათასიანი ანტისამთავრობო მსვლელობა, რის შემდეგაც პროტესტის მონაწილეებმა კარვები პარლამენტის შენობის წინ გაშალეს და ღამე იქ გაათიეს. ფაშინიანის მთავრობის გადადგომის მოთხოვნით სომხეთში საპროტესტო აქციები უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. პროტესტი ბაქოსა და ერევანს შორის ტავუშის რეგიონში საზღვრის დელიმიტაციასა და დემარკაციაზე შეთანხმებას მოჰყვა, რის შედეგადაც რამდენიმე სოფელზე კონტროლი აზერბაიჯანს ექნება. ეს სოფლები უკაცრიელია. დემონსტრანტები კი ამბობენ, რომ ფაშინიანი აზერბაიჯანის ზეწოლის ქვეშაა, ომის ეშინია და ამიტომ მიდის ტერიტორიულ დათმობებზე.

ერევანში, პარლამენტის შენობის წინ, მოქალაქეებმა მთელი ღამე კარვებში გაათიეს. საპროტესტო აქციებზე ერთმანეთის გვერდით სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები დგანან. ამბობენ, რომ მათი პროტესტი მთავრობის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა გამოიწვია, რომელიც მათივე თქმით, სომხეთსა და მის მოსახლეობას ღალატობს. საუბარია სომხეთის მიერ აზერბაიჯანისთვის ტავუშის ტერიტორიის რამდენიმე მონაკვეთის გადაცემაზე, რომელსაც სომხეთი 1990-იანი წლების შემდეგ აკონტროლებდა. საპროტესტო აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ახლა პრემიერ-მინისტრის გადადგომაა.

„მთელი ღამე აქ ვიყავი. თვალი არ მომიხუჭავს, გავათენე. გავათენე ჩემი სამშობლოსთვის. აქ იმისთვის ხომ არ ვარ, რომ ავტომობილი მინდა, ან სახლი, ან რაიმე მატერიალური. აქ სამშობლოსთვის ვდგავარ, სამშობლოს დასაცავად. ეს ჩვენ ყველას გვეხება, უნდა გავერთიანდეთ… ტერიტორიები სულ ცოტა ხნის წინ უკვე დავკარგეთ, ახლა ისევ დავკარგოთ? არა, ამას ვერ შევეგუებით… მე სტუდენტი ვარ. ლექციაზე უნდა ვიყო, მაგრამ დღეს კონკრეტულ საგანში გამოცდის ჩაბარებაზე მნიშვნელოვანი აქ დგომა და გამარჯვებაა სამშობლოსთვის…“ – ამბობს საპროტესტო აქციის მონაწილე.

„უამრავი ადამიანი ვართ აქ, გვჯერა ბაგრატ გალსტანიანის. გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ამიტომ, არაფრის არ გვეშინია. ვფიქრობ, აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ პოლიციელებთან, სხვადასხვა სტრუქტურაში დასაქმებულ ადამიანებთან, რადგან ეს ადამიანები სომხეთის მოქალაქეები არიან, შეუძლებელია მათ მოსწონდეთ ის, რასაც მთავრობა აკეთებს. მათ ხალხის პოზიცია უნდა გაიზიარონ და დაიცვან ქვეყნის ტერიტორიის თითოეული ნაწილი. ფაშინიანის სულელურ ბრძანებებს კი არ უნდა ემორჩილებოდნენ. პოლიციის ან სპეცრაზმის ფორმის ჩაცმა და ჯიბეში ფული არ არის მთავარი. ახლა უმთავრესია სამშობლოსთვის ბრძოლა“, – განაცხადა საპროტესტო აქციის მონაწილემ.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ახლა სერიოზული გამოწვევის წინაშეა. მისი მეტოქე არქიეპისკოპოსია, რომელიც მოქალაქეთა პროტესტს სათავეში ჩაუდგა. მან საპროტესტო მსვლელობა ტავუშიდან დაიწყო და ერევანში ექვსი დღის შემდეგ ჩავიდა. ამ დროის განმავლობაში მის გვერდით მისი მხარდამჭერები და თანამოაზრეები იყვნენ. გალსტანიანმა ერევანში მრავალათასიანი საპროტესტო აქცია ჩაატარა, შეხვდა საზოგადოებისთვის ცნობად სახეებს, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს. ახლა ისინი ერთად ითხოვენ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას… ბაგრატ გალსტანიანი საპროტესტო აქციებზე სასულიერო ფორმით შემოსილი დადის და შეკრებილ თანამოქალაქეებს ხშირად მიმართავს. არც დღევანდელი დღე იყო განსხვავებული…

„მოდით ერთად ვილოცოთ იმისათვის, რომ ღმერთმა მოგვცეს სიმამაცე, შეგვიწყალოს და დაგვეხმაროს. აქ ღამე მშვიდად გავათენეთ. ჩვენთან ახლოს ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები, პოლიციელები გამოიყვანეს და გვითხრეს, რომ ჩვენ ნორმალურად ფუნქციონირების საშუალებას არ ვაძლევდით პარლამენტს. მიუღებელია ეს დამოკიდებულება მშვიდობიანი პროტესტის მიმართ. სამწუხაროდ, ჩვენ გვიღალატეს, მოგვატყუეს და ამას არ შევეგუებით“, – ასე მიმართა საპროტესტო აქციის მონაწილეებს ბაგრატ გალსტანიანმა, არქიეპისკოპოსმა.

„სომეხი, სომხეთი, სამშობლო, ღმერთი“ – ეს არის არქიეპისკოპოსის მთავარი დევიზი. მისმა მოძრაობამ „ტავუში სამშობლოსთვის“ საზოგადოების ნაწილის მხარდაჭერა უკვე მოიპოვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend