მთავარიმსოფლიოEUROPEAN UNION„ჩვენ გავიმარჯვეთ ევროპულ არჩევნებში” - ურსულა ფონ დერ ლაიენი

„ჩვენ გავიმარჯვეთ ევროპულ არჩევნებში” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

370-მა მილიონმა ევროკავშირის მოქალაქემ 720 ევროპარლამენტარი აირჩია. 10 მაისის მონაცემების თანახმად, 4-დღიანი ხმის მიცემის შედეგად, მემარჯვენე-ცენტრისტულმა, „ევროპის სახალხო პარტიამ“ ყველაზე მეტი, 184 მანდატი მოიპოვა და განიმტკიცა საკუთარი უმრავლესობა ახალი მოწვევის ევროპარლამენტში. ეს ერთადერთი ცენტრისტული პარტიაა, რომელმაც მეტი მხარდამჭერის მოზიდვა შეძლო წლევანდელ არჩევნებში. მეორე ადგილზეა სოციალისტებისა და დემოკრატების ბლოკი. მესამე ადგილზე გასულმა „განაახლე ევროპამ’’ კი 22 მანდატი დაკარგა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ულტრამემარჯვენე პარტიებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. საფრანგეთში მარინ ლე პენის „ეროვნულმა გაერთიანებამ“ ხმების თითქმის მესამედი მოიპოვა, რის შემდეგაც ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარლამენტი დაითხოვა და რიგგარეშე არჩევნები დანიშნა. გერმანიაში ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ სასარგებლოდ იკლო კანცლერის, ოლაფ შოლცის, პარტიისადმი მხარდაჭერამაც.

მსგავსი შედეგი ჰქონდა იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის, პარტიასაც „იტალიის ძმები“, რომელმაც ხმების მეოთხედზე მეტი მოიპოვა.

შედეგად, ახალი მოწვევის ევროპარლამენტში 131 მანდატს ორი ყველაზე მემარჯვენე პარტიის „კონსერვატორები და რეფორმისტებისა“ და „იდენტობა და დემოკრატიის“ წევრები დაიკავებენ. მათთან ერთად ახალი მოწვევის ევროპარლამენტში იქნებიან „ალტერნატივა გერმანიისთვის“ და „ფიდესის“ წევრებიც.

თუმცა, ამავდროულად, ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკიდურესი მემარჯვენე და მემარცხენე ძალების წარმატებების მიუხედავად ცენტრისტული პარტიები პოზიციებს ინარჩუნებენ.

„დღეს კარგი დღეა „ევროპის სახალხო პარტიისთვის“ – ჩვენ გავიმარჯვეთ ევროპულ არჩევნებში. ჩვენ ვართ ყველაზე ძლიერი პარტია და სტაბილურობის გარანტი.
ცენტრისტული ძალა პოზიციას ინარჩუნებს. თუმცა, ამავდროულად, მემარცხენე და მემარჯვენე ჯგუფებიც ძლიერდებიან. ამიტომ, მიღებული შედეგები ძალიან დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს ცენტრისტულ პარტიებს. შეიძლება რიგ საკითხებზე განსხვავებული მოსაზრებები გვქონდეს, თუმცა სტაბილურობა თითოეული ჩვენგანის ინტერესებშია. ჩვენ ყველას გვსურს ვიხილოთ ძლიერი და ქმედითი ევროპა“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მთავარი ცვლილება, რასაც უნდა ველოდოთ ახალი მოწვევის ევროპარლამენტში, არის ძალაუფლების ცენტრის გადანაცვლება მემარჯვენე, კონსერვატორებისა და რეფორმისტების პარტიის სასარგებლოდ. აქამდე თუ ლიბერალების ხელში იყო გადამწყვეტი ხმები, ახლა შესაძლოა, რომ ეს უპირატესობა მემარჯვენე პარტიების ხელში გადავიდეს. შესაბამისად, ცენტრისტულ უმრავლესობას მოუწევს, რომ ამ პარტიებთან შევიდეს მოლაპარაკებებში სხვადასხვა კანონმდებლობების მისაღებად.

ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება მწვანე შეთანხმება, მემარჯვენე პარტიები არ იზიარებენ მწვანე შეთანხმების რიგ პუნქტებს და, რა თქმა უნდა, თავდაცვა. მთავარი შეკითხვა ამ მიმართულებით არის, უნდა შეინარჩუნოს თუ არა ევროკავშირმა საკუთარი როლი როგორც სამშვიდობო პროექტმა, თუ დაიწყებს ბლოკი მზადებას იმისთვის, რომ დიდი ხარჯები გასწიოს ახალი თავდაცვის სისტემის შემუშავებისთვის და პოტენციურად ერთიანი სამხედრო ძალის შესაქმნელად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend