მთავარიევროპაუკრაინაზელენსკი: „ნატოს აღმოსავლეთ საზღვარი არ შეიძლება უკრაინასთან შეწყდეს"

ზელენსკი: „ნატოს აღმოსავლეთ საზღვარი არ შეიძლება უკრაინასთან შეწყდეს”

პარიზში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მასპინძლობენ.

ოფიციალური ცერემონია ოქროსგუმბათიან „ინვალიდების სასახლეში” დაიწყო.

საფრანგეთში ზელენსკის ვიზიტი უკრაინული არმიისთვის ბრძოლის ველზე ყველაზე რთული კვირების ფონზე მიმდინარეობს. ოფიციალური პირები ფიქრობენ, რომ უკრაინას წინ რთული ზაფხული ელის.

უკრაინის პრეზიდენტი და მისი მეუღლე ოლენა ნორმანდიაში 7 ივნისს ჩავიდნენ. მაშინ, როცა ამ რეგიონში დესანტის გადასხმის 80 წლის იუბილე იმართებოდა.

საფრანგეთში იმყოფებიან პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ევროპელი ლიდერები.

ზელენსკის უცხოური ვიზიტები მიზნად ისახავს რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მეტი სამხედრო დახმარების უზრუნველყოფასა და დასავლეთისგან გრძელვადიანი გარანტიების მიღებას ორმხრივი ალიანსების მეშვეობით.

უკრაინის პრეზიდენტმა საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანების აუცილებლობაზე.

„ჩვენი უმთავრესი მიზანია, რომ უკრაინა არ დარჩეს მარტო, გვქონდეს უწყვეტი, გრძელვადიანი და ეფექტური მხარდაჭერა. შემდეგ კი ჩვენს საქმეს აუცილებლად გავაკეთებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატაში 20-წუთიან გამოსვლაში ზელენსკიმ პარალელები გაავლო ნაცისტურ გერმანიასა და პუტინის რუსეთს შორის.

„სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ დროში, როდესაც ევროპა აღარ არის მშვიდობის კონტინენტი. სამწუხაროდ, ჩვენ კვლავ ვხედავთ ევროპაში ნაციზმის დაბრუნებას, კვლავ ვხედავთ განადგურებულ ქალაქებსა და გადამწვარ სოფლებს. კვლავ ვხედავთ საკონცენტრაციო და სადეპორტაციო ბანაკებს და სიძულვილს, რომელიც უკვე რუსულ კულტად იქცა.

გმადლობთ, რომ მხარს უჭერთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრებას. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ნატოს აღმოსავლეთ საზღვარი არ შეიძლება უკრაინასთან შეწყდეს. უკრაინა არის ევროპის უსაფრთხოების გასაღები, რადგან უკრაინაზე კონტროლის გარეშე, რუსეთს მოუწევს გახდეს ჩვეულებრივი სახელმწიფო, მას ვეღარ ექნება იმპერიის ამბიციები“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ.

ზელენსკი პარიზში საფრანგეთის ოფიციალურ პირებს, მათ შორის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა.

ლიდერებისგან მან სამხედრო დახმარების ახალი პირობებიც მიიღო. ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინას მირაჟის ტიპის სამხედრო თვითმფრინავებს გადასცემს.

ვაშინგტონიდან კი კიევი დამატებით 225 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend