მთავარისაქართველო„თორაძის ფესტივალი“ გაიხსნა

„თორაძის ფესტივალი“ გაიხსნა

კომპოზიტორ დავით თორაძისა და პიანისტ ლექსო თორაძის შემოქმედებითი მემკვიდრეობისადმი მიძღვნილი ფესტივალი, რომლის მთავარი მიზანიც ახალგაზრდა მუსიკოსების ხელშეწყობაა, ოფიციალურად გაიხსნა. „თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“ წელს მეორედ ტარდება.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ახალგაზრდებისთვის. გაყიდული ბილეთებიდან მიღებული თანხა ახალგაზრდების სტიპენდიაში იხარჯება. ყველაფერი, რაც კეთდება, კეთდება იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს, მათ განვითარებასა და მომავალს… ეს არის ის, რასაც მამაჩემი, დავით თორაძე მთელი ცხოვრება აკეთებდა. შემდეგ ეს ტრადიცია ლექსო თორაძემ გააგრძელა. მან ბოლო 25 წელი ახალგაზრდებს მიუძღვნა”, – ამბობს ნინო თორაძე, ფესტივალის დამფუძნებელი.

ფესტივალი 13 დღე გაგრძელდება და კონცერტების სერიასთან ერთად აუდიტორიას ლექციებს, მასტერკლასებსა და საინტერესო შეხვედრებს შესთავაზებს. ღონისძიებები გაიმართება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში, „თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრსა” და „რუსთაველის თეატრში”.

„9 ივნისიდან შეგიძლიათ კონცერტებს დაესწროთ. სხვა დღეებში გაიმართება წიგნის პრეზენტაციები, ლექციები და მასტერკლასები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ფესტივალის მთავარი ლოზუნგი არის „თორაძეები მომავლისთვის”. თორაძეების ფესტივალი ამ ფორმით წინაპართა პედაგოგიურ მოღვაწეობას აგრძელებს, რათა ბევრი ქართველი ახალგაზრდისთვის შევძლოთ მუსიკალური განათლების მისაღებად ღირსეული პირობების შექმნა”, – აღნიშნავს თიკა რუხაძე, ფესტივალის დირექტორი.

ფესტივალის ფარგლებში პირველი კონცერტი 9 ივნისს გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას ლექსო თორაძის სტუდენტები და თორაძის ფონდის სტიპენდიატები მიიღებენ.

„9 ივნისს გვექნება პირველი კონცერტი, „რახმანინოვის მარათონი,“ რომელიც დაახლოებით ცხრა საათი გაგრძელდება, დღის 12 საათზე დაიწყება და დაახლოებით 9 საათზე დასრულდება. ღონისძიებაში მონაწილეობას ლექსოს ყოფილი სტუდენტები და ის რვა სტუდენტი მიიღებს, რომლებმაც შარშან ჩვენი ფესტივალისა და თორაძის ფონდის დახმარებით ერთწლიანი სტიპენდია მოიპოვეს. ზოგადად, ახალგაზრდების ხელშეწყობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს ედიშერ სავიცკი, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი.

ფესტივალი ლექსო თორაძის ბიოგრაფიული წიგნის „ლექსოს“ პრეზენტაციით გაიხსნა. ავტორებმა თამარ ნასიძემ და თამარ ქერეჭაშვილმა წიგნში თავი მოუყარეს ლექსოს მეგობრების, მოსწავლეების, ოჯახის წევრების წერილებს, უცნობ ფოტოებსა და აფიშებს, კოლეგებისა და მეგობრების ინტერვიუებს.

„თორაძის ფონდთან” ერთად ფესტივალის თანადამფუძნებელია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ფონდი „ქართული გალობა“.

„თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“ 19 ივნისამდე გაგრძელდება. წელს, ისევე როგორც შარშან, ფესტივალის ფარგლებში თორაძის ფონდი სტიპენდიატებს შეარჩევს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend