მთავარისაქართველოსაქართველო, უკრაინა და მოლდოვა - გადაწყვეტილების მოლოდინში

საქართველო, უკრაინა და მოლდოვა – გადაწყვეტილების მოლოდინში

ევროკავშირი სავარაუდოდ ივნისში დაიწყებს მოლაპარაკებების ოფიციალურ ნაწილს უკრაინასა და მოლდოვასთან, ამ ქვეყნების ევროპულ კავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით. „ფაინენშელ თაიმსი” ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკომისიას სურს, რაც შეიძლება მალე დაიწყოს ფორმალური მოლაპარაკებები კიევსა და კიშინიოვთან მანამ, სანამ 1-ელ ივლისს, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პოზიციას უნგრეთი დაიკავებს. მსგავს ცნობებს ავრცელებს გამოცემა Politico-ც, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის ლიდერები ყველაფერს აკეთებენ, რათა დაარწმუნონ უნგრეთი, ხელი არ შეუშალოს უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების გახსნას. უნგრეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა 6 თვის განმავლობაში იქნება. ექსპერტები ამბობენ, რომ უნგრეთი უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების ბლოკირებას ვერ მოახერხებს, თუმცა შეძლებს 6 თვის განმავლობაში გარკვეული შეფერხებები წარმოქმნას, მაგალითად, შეხვედრების დღის წესრიგში მკვეთრად შეამციროს გაფართოების საკითხებზე მსჯელობა. ექსპერტები ასევე ამბობენ, რომ უცნობია, როგორი დამოკიდებულება აქვს უნგრეთს საქართველოს მიმართ, მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ერთ-ერთი ევროკომისარი, რომელიც შემდგომ უნგრელი ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი აღმოჩნდა, მუქარაში დაადანაშაულა.

უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებას ევროკავშირის რიგი ქვეყნები ივნისში ითხოვენ მანამ, სანამ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა უნგრეთი გახდება. ეს ივლისში მოხდება და თავმჯდომარეობა 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ექსპერტები ამბობენ, რომ საბოლოო ჯამში ამ მოლაპარაკებებს ხელს უნგრეთი ვერ შეუშლის. იხსენებენ 2023 წლის დეკემბრის მაგალითს, როცა უკრაინასთან მიმართებით ევროკავშირში გადაწყვეტილება ორბანის გარეშე მიიღეს… მაშინ, როცა ორბანმა ოთახი კენჭისყრამდე დატოვა.

„ახლაც დაახლოებით იგივე მოხდება. უნგრეთის თავმჯდომარეობა გარკვეულ უხერხულობას ქმნის, იმიტომ, რომ თავმჯდომარე ქვეყანა ადგენს შეხვედრების დღის წესრიგს. მაინც მოახერხებს უნგრეთი ამ ექვსი თვის განმავლობაში რაღაც შეფერხების წარმოქმნას – გარკვეული ღონისძიებების გადადებას, კონკრეტული საკითხების დღის წესრიგში არ შეტანას და ასე შემდეგ, მაგრამ პრინციპულად ვერაფერს გააკეთებს. 24 ივნისს ამის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ და უნგრეთი თავმჯდომარე პირველი ივლისიდან იქნება. ის ექვსი თვე, რომელიც უნგრეთს გააჩნია ასეთი მოქმედებებისთვის, არანაირ ამინდს არ ქმნის. საბოლოო ჯამში მოლაპარაკებები მინიმუმ 3-4 წელი გაგრძელდება“, – ამბობს კახა გოგოლაშვილმა, „რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ინსტიტუტის” დირექტორმა.

საქართველოს მთავრობის წევრები ხშირად ამბობენ, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე წინ არის და ქვეყანა 2022 წელს, მაშინ როცა ამ ორ ქვეყანას მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და საქართველოს არა, უსამართლოდ დასაჯეს.

„საქმე იმაშია, რომ ჩვენ ერთ დროს მოლდოვაზე წინ ვიყავით და უკრაინაზე წინ თუ არა, ერთ დონეზე მაინც ვიყავით. ზოგ საკითხებში ვუსწრებდით უკრაინას, ზოგშიც ჩამოვრჩებოდით. ახლა მოლდოვასა და უკრაინას ჩამოვრჩით ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებში და ეს არის ქვეყნის მმართველობის საკითხი, ანუ არის თუ არა დემოკრატიული მმართველობა ქვეყანაში… ეს არის ხელისუფლების საკითხი, რამდენად განაწილებულია სახელისუფლებო შტოებს შორის ძალაუფლება. ჩვენ ძალიან ჩამოვრჩით მართლმსაჯულების რეფორმაში. ჩამოვრჩებით პოლიტიკური კრიტერიუმების კუთხით. შეგვიძლია ვილაპარაკოთ რაც გვინდა, მაგრამ საერთაშორისო ექსპერტები ამბობენ, რომ მოლდოვა და უკრაინა დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვნად დაწინაურდნენ. ამიტომ ახლა ამ ტიპის კრიტიკა, რომ მაინცდამაინც ჩვენ უფრო წინ ვართ და ჩვენ უფრო მაგრები ვართ, გადამეტებულად მიმაჩნია. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ საქართველოში არ არის ისეთი რთული რეფორმები გასატარებელი, რომ ვერ დავეწიოთ მოლდოვასა და უკრაინას. ჩვენი საჯარო სექტორი ამისთვის სრულიად მზად არის. საჯარო სამსახურში მომსახურე ადამიანები ამისთვის მზად არიან, საჭიროა პოლიტიკური ნება, რომ მათ მისცენ დავალება. ისინი ამას უფრო ეფექტიანად და სწრაფად გააკეთებენ, ვიდრე ეს უკრაინასა და მოლდოვაში კეთდება“, – ამბობს კახა გოგოლაშვილი, „რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ინსტიტუტის” დირექტორი.

და რას უნდა ელოდოს საქართველო 2024 წლის შემოდგომაზე… ექსპერტები ამბობენ, რომ ქვეყანა შემოდგომაზე ევროკომისიისგან მხოლოდ კრიტიკას მიიღებს. იმედი აქვთ, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს არ ჩამოართმევენ და დანამდვილებით ამბობენ იმას, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამო საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყებაზე ევროკომისია რეკომენდაციას არ გასცემს.

„აბსოლუტურად არაფერი კეთდება 9 რეკომენდაციის შესასრულებლად. პირიქით, დაემატა „რუსული კანონი“, რომელმაც 99 ნაბიჯით უკან დაგვხია ევროკავშირში გაწევრიანებიდან. ოქტომბერში ევროკომისიის მხრიდან საქართველოსთან მიმართებით იქნება მხოლოდ კრიტიკა. ევროკომისია რეკომენდაციას როცა გააკეთებს, თუ ის არ იქნება პოზიტიური, მაშინ დეკემბერში ევროკავშირში ვერანაირად ვერ მიიღებენ პოზიტიურ გადაწყვეტილებას. თუმცა ის, რაც დეკემბერში შეუძლიათ გააკეთონ, იმ შემთხვევაში თუ ჩვენთან არჩევნები კარგად ჩატარდება და ისეთი ხელისუფლება ჩამოყალიბდება, რომელიც ნამდვილად დაგეგმავს პროევროპული რეფორმების გატარებას, ევროპულ კავშირში შეიძლება დაავალონ ევროკომისიას ახალი ანგარიშის გაკეთება და დროც მისცენ ამისთვის. იმისთვის, რომ თავიდან შეაფასოს საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნის შესაძლებლობა. აუცილებელი არ არის დაველოდოთ ყოველწლიურ ანგარიშს. თუ არჩევნების შემდეგ გვეყოლება ხელისუფლება, რომლის მიზანიც იქნება ევროკავშირში სწრაფად გაწევრება და გაატარებენ ყველა იმ რეფორმას, რომლებსაც მოითხოვს ევროკავშირი, ჩვენ ძალიან სწრაფად წავიწევთ წინ“, – თქვა კახა გოგოლაშვილმა, „რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ინსტიტუტის” დირექტორმა.

ზუსტად 23 დღე რჩება მანამ, სანამ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა უნგრეთი გახდება. ექსპერტების თქმით, ეს საქართველოსთვის ბევრს არაფერს ნიშნავს, განსაკუთრებით მაშინ, როცა უკვე უცნობია, რას ფიქრობენ ბუდაპეშტში თბილისზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend