აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურნენ მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები.
აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს ეხმაურება პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე. მისი თქმით, რაც უფრო დაშორდება დემოკრატიას „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და მეტად დაუახლოვდება რუსეთს, უფრო დაზიანდება ამით ქვეყანა.
„ამერიკის შეერთებული შტატები მოქმედებაზე გადავიდა. მოღალატე ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების პირველი ტალღა სახეზეა. ამერიკამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ურყევი მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც დაბადებულია გამარჯვებისთვის! თუმცა, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ, რაც უფრო დაშორდება დემოკრატიას “ოცნების” ხელისუფლება და მეტად დაუახლოვდება რუსეთს, სულ უფრო დააზიანებს ქვეყანას და ჩვენს საერთაშორისო ინტერესებს. ეს დაუშვებელია!ეს მომავლის ღალატია! ამიტომ, ახლა ჯერი ისევ ჩვენზეა – კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა გვჭირდება, რომ ოქტომბერში გამარჯვება საბოლოოდ გავაფორმოთ!” , – დაწერა ფეისბუკზე პარტია “ლელოს” ლიდერმა.
ასევე „ფეისბუკზე“ კომენტარს აქვეყნებს “ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.
ლევან ხაბეიშვილი აშშ-ის მადლობას უხდის ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის. “ქართული ოცნების” წევრებს, რუსულ კანონზე ხმის მიმცემ პარლამენტარებს, პოლიციელებს, რომლებიც არბევდნენ მშვიდობიან მანიფესტანტებს, სანქციები დაუწესა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გამოაცხადეს, რომ ეს დასაწყისია. ასეთ ქვეყანაში რომელი ინვესტორი შემოვა ან გაჩერდება ?! ივანიშვილის პირობებში ეკონომიკური კოლაფსი გარდაუვალია! ივანიშვილის გუნდის მავნებლობა აისახება საქართველოს მოქალაქეების ჯიბეზე მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის”, – წერს ლევან ხაბეიშვილი.
მმართველი პარტიის წარმომადგენლებიდან სანქციების დაწესებას “მორიგ შეცდომას” უწოდებს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელმაც ამის შესახებ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა.
„შეიძლება თამამად ვთქვა, რომ ეს არის მორიგი შეცდომა, რომელსაც სამწუხაროდ, მათდა სამწუხაროდ, ჩვენდა სამწუხაროდ ამერიკის შეერთებული შტატები უშვებს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში. აქედან უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ მორიგი შეცდომის შემდეგ სხვა შეცდომებიც იქნება დაშვებული. ეს კიდევ უფრო გაახანგრძლივებს იმ დროს, რომელიც საჭიროა ორმხრივ ურთიერთობებში, რათა დადგეს, დღე როდესაც დაიწყება ფურცლის გადაშლა, ურთიერთობების გადატვირთვა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში შეერთებულ შტატებს სჭირდება, რომ ეს ურთიერთობები გადაიხედოს. ჩვენ დაველოდებით ამ დღეს იმიტომ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ერთგულები ვიყავით და ვართ”, – აღნიშნა წულუკიანმა.
ასევე აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ეხმაურება ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი.
“მივესალმები სახელმწიფო დეპარტამენტის ნაბიჯს სავიზო შეზღუდვები დაუწესოს მათ, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრასა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმაზე საქართველოში. ჩემი ორპარტიული კანონპროექტი ამ შეზღუდვებს მუდმივს გახდის, და მკაფიოდ გამოაჩენს, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის მოკლევადიანი შედეგი”, – წერს სენატორი.
ჯინ შაჰინი არის კონგრესზე წარდგენილი ერთ-ერთი კანონპროექტის „ქართველი ხალხის აქტის“ თანაავტორი.