გერმანიაში ავღანელი და სირიელი მიგრანტების მიერ ბოლო დროს გახშირებული თავდასხმებისა და ჩადენილი დანაშაულების გამო, ოლაფ შოლცი დეპორტაციასთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს.
გერმანიის კანცლერის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ავღანეთის მეზობელ ქვეყნებთან. მიგრაცია ევროპარლამენტის წინასაარჩევნო პერიოდში, ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.
გასულ კვირას გერმანიაში, ქალაქ მანჰაიმში, ერთ-ერთმა ავღანელმა მიგრანტმა ოთხი მოქალაქე დანით დაჭრა. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა პირობა დადო, რომ გერმანია აუცილებლად დაიწყებს ქვეყნიდან ავღანელი და სირიელი დამნაშავეების დეპორტაციას. 25 წლის თავდამსხმელი, როგორც თავშესაფრის მაძიებელი, 2014 წელს ჩავიდა გერმანიაში.

ოლაფ შოლცმა გერმანიის პარლამენტს მიმართა და განაცხადა, რომ გამკაცრდება სადეპორტაციო წესები კრიმინალებისა და ტერორისტებისთვის, ასევე მათთვის, ვინც მხარს უჭერს მათ. მისი თქმით, ყველა, ვინც ტერორიზმს აქეზებს და ეწინააღმდეგება მათ ღირებულებებს, ქვეყნიდან იქნება გაძევებული.
გერმანია ამჟამად დანაშაულში ბრალდებულ თავშესაფრის მაძიებლებს არ გზავნის ავღანეთსა თუ სირიაში, თუმცა კანცლერი აცხადებს, რომ მისი მთავრობა მუშაობს, რათა მიგრანტების ავღანეთის მეზობელ ქვეყნებში დეპორტაციის ნებართვა მიიღოს.
მიგრაციის საკითხი ულტრამემარჯვენე და სხვა პარტიებისთვის ევროპარლამენტის არჩევნებში ხმების მოპოვების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იყო. შოლცი და სოციალ-დემოკრატები, ისევე, როგორც სხვა პარტიები, ცდილობენ მიგრაციისა და რადიკალური ისლამის წინააღმდეგ მკაცრი მიდგომა ჰქონდეთ, რათა ამომრჩევლებმა ულტრამემარჯვენეებს არ დაუჭირონ მხარი.